უგულავას პროცესზე პროკურორებს დრო მისცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად

მოსამართლემ პროკურორებს ორი საათი მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელზეც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლებაზე მსჯელობენ. პროცესზე შესვენება გამოცხადდა საღამოს ათ საათამდე. უგულავას დაცვა მის გათავისუფლებას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე . ადვოკატებმა 17 სექტემბერს მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობის განხილვის მოთხოვნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 სექტემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი, რომელიც მის წინასწარ პატიმრობას ეხებოდა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა და დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს, გიგი უგულავა კი უკვე 14 თვეზე მეტია, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასთან ერთად მიიყვანეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ვანო მერაბიშვილი ბრალდებულია 7 ნოემბრის საქმეზეც, ხოლო გიგი უგულავას ხელახალი 9-თვიანი პატიმრობა სწორედ ამ საქმეზე აქვს შეფარდებული.