საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით

2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. "2015 წლის 7 აგვისტოს 7 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლის თავზე საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია, რის შედეგად უხეშად ირღვევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო ეთნიკური წმენდის ასობით ათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. აქვე ხაზგასმულია, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით.“ ამ ყველაფრის ნათელ მაგალითად საგარეო უწყება მიიჩნევს მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. "ხელშეკრულების" გაფორმებას, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელებასა და "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებას, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, უპირველესად, თავისუფალი გადაადგილების უფლებას. „შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპულ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველო გამოხატავს მადლიერებას და კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა", – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე ტექსტის თანახმად, უკანასკნელ წლებში საქართველოს მთავრობამ გადადგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთთან კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, რის შედეგადაც დაიწყო ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა. „საქართველოს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს მოსკოვთან დეესკალაციის პოლიტიკის განხორციელებას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია განცხადებაში.