ცხინვალის მიმდებარე სოფელ ქარქუსაანიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გრემისხევის თემიდან, სოფელ ქარქუსაანიდან კიდევ ერთი მცხოვრები 42 წლის გია სოლაშვილი გაიტაცეს, რომელიც ოკუპანტებმა დააკავეს საოკუპაციო ხაზის ე.წ. გადაკვეთისთვის. სამინისტრომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე გადასცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ელოდება დადასტურებას საოკუპაციო რეჟიმისგან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ოკუპანტების მხრიდან ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია. მისივე განცხადებით, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც აწყდება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა. ქართული მედიის ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გრემისხევის თემიდან გატაცების მეხუთე შემთხვევაა.