საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს ერთობლივი წერილით მიმართავენ. ერთობლივი წერილის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. როგორც "ინტერპრესნიუსი" საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, წერილში საუბარია რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე, ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულებასა და შეუქცევადობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წერილში ასევე აღნიშნულია ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე, როდესაც რუსეთი უხეშად არღვევს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამით ეწინააღმდეგება სუვერენული ერების თავისუფალ არჩევანს.