უფლებადამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" აცხადებს, რომ მედიის შემზღუდველმა ახალმა კანონებმა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ გამოიწვია 2014 წელს პრესის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში ვითარების გაუარესება და მისი დაყვანა ბოლო 10-ზე მეტი წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებლებამდე. ეს შეფასება გამოთქმულია ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 29 აპრილს გამოაქვეყნა "ფრიდომ ჰაუსმა". მისი მონაცემებით, პრესის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 18 ქვეყანაში და ტერიტორიაზე, მათ შორის აზერბაიჯანში, სერბიაში და ერაყში. რუსეთი გაკრიტიკებულია "პროპაგანდის უფრო აქტიური და აგრესიული გამოყენების", "სიცრუის და მუქარის" გამოყენების გამო. საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ის გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანი მედიით რეგიონში, თუმცა არსებობს პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკოსებსა და მედიაკომპანიებს შორის მჭიდრო კავშირის პრობლემები.