განიარაღების მოწოდებით გამოდის თურქეთში დაპატიმრებული ქურთთა ლიდერი

თურქეთის ციხეში მყოფი, ქურთთა გასამხედროებული ლიდერი აბდულა ოჯალანი თავის მომხრეებს მოუწოდებს „ისტორიული“ გადაწყვეტილება მიიღონ და განიარაღდნენ. ოჯალანის განცხადება პირდაპირ სატელევიზიო ეთერში 28 თებერვალს წაიკითხა პრო-ქურთული, სახალხო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა. განცხადებაში ოჯალანი ქურთისტანის მუშათა პარტიას მოუწოდებს მონაწილეობა მიიღოს გაზაფხულზე დანიშნულ, განიარაღების შესახებ კონგრესში. ოჯალანის მოწოდებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს თურქეთის მმართველობის წინააღმდეგ ქურთთა 30-წლიანი ამბოხების დასრულებას. თურქეთში ქურთთა ამბოხებას 40,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში მცხოვრები ქურთების რაოდენობა 15 მილიონამდეა.