სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, საქართველო ომისთვის ემზადება. მისი აზრით, დიდი პოლიტიკოსობა არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ომისთვის მზადება მიმდინარეობს, რადგან ქართული მხარე უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. რა ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა ეს ჩოჩიევმა ოსური სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, არ დაუკონკრეტებია. ქართული მხარე ჟენევის დისკუსიის ფორმატში დიდი ხანია აცხადებს, რომ არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან ცალმხრივად აიღო ვალდებულება კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე. ბოლოს ეს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშიც დაადასტურა. ძნელი სათქმელია, წაკითხული აქვს თუ არა ჩოჩიევს ასოცირების შეთანხმება, სადაც ცალკე საკითხად არის გამოყოფილი კონფლიქტების მოგვარება და მკაფიოდ არის განსაზღვრული მხარეთა ვალდებულებები.
„საქართველო და ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებენ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და პრევენციისთვის. საქართველო და ევროკავშირი ადასტურებენ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულებას, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვით. მზადყოფნას გამოთქვამენ, ითანამშრომლონ კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და საზოგადოებათა შერიგების საქმეში, არაღიარებისა და ჩართულობის დეკლარირებული პრინციპების დაცვით; ითანამშრომლონ დევნილთა ღირსეული დაბრუნებისთვის, 2008 წლის აგვისტოს „ექსვსპუნქტიანი შეთანხმების“ სრული აღსრულებისთვის. გააძლიერებენ შეთანხმებულ მუშაობას მოლაპარაკებათა არსებული ფორმატის მხარდასაჭერად“, -წერია შეთანხმებაში.
მხარეებს შორის მოლაპარაკების ერთადერთი ფორმატი ჟენევის დისკუსიაა, სადაც ოსური მხარე იურიდიულად დამავალდებულებელი ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვს. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით სახელმწიფო აღებული ვალდებულების შესრულებას უკვე შეუდგა.
ლიახვის ხეობიდან დევნილი ნაზი ბერუაშვილი ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრია. მას ქალიშვილი ცხინვალში ჰყავს გათხოვილი და დიდი ხანია ნათესავები აღარ უნახავს. მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რესურსი დიდია, რადგან ადამიანები ომით დაიღალნენ, ნათესავებს კი ერთმანეთი ენატრებათ, მაგრამ პოლიტიკური ნება სამოქალაქო ნებაზე უფრო შორს დგას.
ჩაკეტილი გზების მიუხედავად, ცხინვალელები ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად თბილისში ჩასვლას მაინც ახერხებენ. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია თბილისიდან აგრესიას ვეღარ გრძნობს. ნაზი ბერუაშვილის მსგავსად, არაერთი ქართველი დევნილი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, მათი განწყობაც სამშვიდობოა, თუმცა აცხადებენ, რომ, შერიგების პარალელურად, სახლებში დაბრუნებაც უნდა მოხდეს.
უკვე ცნობილია, რომ კრემლი, აფხაზეთის მსგავსად, სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთანაც აპირებს. ამ ნაბიჯს თბილისი ოკუპირებული რეგიონების ანექსიის მცდელობად მიიჩნევს და დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს. ანალიტიკოსების აზრით, ქართველებისა და ოსების შერიგება ახლა ყველაზე მეტად რუსეთს არ აძლევს ხელს, რადგან კრემლს კავკასიაში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს.