სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ პრიორიტეტულ დარგებს შორისაა, თუმცა ხშირად, როცა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე საუბრობენ, პირველ რიგში, ღვინოსა და, ახლა უკვე, თხილის წარმოებასაც გულისხმობენ, რადგან სწორედ ეს ორი პროდუქცია გახლავთ სოფლის მეურნეობის მთავარი საექსპორტო პროდუქტი.
ამ ფონზე ხშრად ავიწყდებათ, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის მეცხოველეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარებაში. რამდენად აქვს მას საექსპორტო პოტენციალი და რამდენად ახერხებს დააკმაყოფილოს თუნდაც შიდა ბაზრის მოთხოვნა, ამაზე წარმოდგენას ქმნის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც 2014 წლის სამი კვარტალის ბოლოსთვის სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას ასახავს. ინფორმაცია მოიცავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობას და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების დინამიკას წლების მიხედვით.
აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვანია სურსათზე სამომხმარებლო ფასების განსაზღვრისთვისაც.
2014 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, 6,1 პროცენტით არის გაზრდილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა. მხოლოდ ღორის სულადობაა შემცირებული 20,1 პროცენტით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ფრინველის რაოდენობა გასული წლისას 12,6 პროცენტით აღემატება.
რაც შეეხება მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებას, წინასწარი მონაცემებით, გაზრდილია რძის წარმოება 3,3 პროცენტით, ხოლო კვერცხის წარმოება - 7,3 პროცენტით. 3,3 პროცენტით არის შემცირებული ხორცის წარმოება.
ზოგადად, თუ ბოლო ათწლეულის სტატისტიკას გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ შედარებითი ვარდნა სასაქონლო წარმოებაში 2011 წელს იყო. ხორცის წარმოების პიკი 2010 წელს ემთხვევა და მას შემდეგ თითქმის ერთნაირ დონეზეა. კვერცხის წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2011 წელს იყო და მცირედი კლების შემდეგ დღეს ისევ ამ მაჩვენებელს უბრუნდება.
რაც შეეხება ამ პროდუქციის წილს ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებელში, მაგალითად, 2014 წლის იანვარ-სექტემბერში 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ცოცხალი შინაური მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წმინდა ჯიშიანი სანაშენეს გარდა, და 11 მილიონი აშშ დოლარის ცოცხალი ცხვარი გავიდა ექსპორტის სახით. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და, მართალია, კაკალსა და ღვინოს ვერ უტოლდება, მაგრამ სოფლის მეურნეობის სხვა საექსპორტო პროდუქციას შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანია, რომელთან ვაჭრობაშიც ამ პროდუქციას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მეცხოველეობა უფრო მეტად განვითარებულია იმ რეგიონებში, სადაც მებოსტნეობა და მეხილეობა ნაკლებად წარმატებულია. შესაბამისად, ამ მიმართულების ხელშეწყობას შედარებით ღარიბი და მთიანი რეგიონების განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მნიშვნელოვანია ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზრების დივერსიფიცირებისთვის, რადგან მსგავს პროდუქტზე საქართველოს ძირითადი საექსპორტო პერსპექტივა ქვეყნის აღმოსავლეთ მეზობლების მოთხოვნაზეა დამოკიდებული, ეს კი საკმაოდ დიდი და საინტერესო ბაზარია.