რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ალინა კაბაევა, რომელსაც, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ვადამდე ტოვებს პარლამენტს. კაბაევა - 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში - აცხადებს, რომ სახელმწიფო სათათბიროს ტოვებს სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლასთან დაკავშირებით. ცნობილი არ არის, რა სამუშაოზე გადადის ის. 31 წლის კაბაევა მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ წევრია და პარლამენტარი 2007 წელს სპორტულ კარიერასთან გამოთხოვების შემდეგ. პუტინთან მის ურთიერთობაზე მითქმა-მოთქმა გრძელდება 2008 წლიდან მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა საჯაროდ უარყო ეს ინფორმაცია და დაიხურა გაზეთი „მოსკოვსკი კორესპონდენტი“, რომელმაც მათ ურთიერთობაზე დაწერა.