გაეროს უშიშროების საბჭო ღაზის კრიზისზე შეხვედრას მართავს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა რაც შესაძლებელია, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ღაზის სექტორში პალესტინელ ექსტრემისტებს შორის ძალადობის ესკალაციის შესაჩერებლად. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას გენერალურმა მდივანმა ორივე მხარეს მიმართა თხოვნით დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ ზავის თაობაზე. ბან კი-მუნმა დაგმო ექსტრემისტების მხრიდან ისრაელში რაკეტების სროლა, თუმცა ისრაელიც გააფრთხილა არ გამოიყენოს გადაჭარბებული ძალა და საფრთხე არ შეუქმნას სამოქალაქო პირებს. 80-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელმა 7 ივლისს ღაზაში საჰაერო დარტყმები წამოიწყო. ისრაელის იერიში პასუხია ისლამისტური მოძრაობა ჰამასის - რომელიც ღაზას აკონტროლებს - და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლაზე. ისრაელის არმიის განცხადებით, შეტევის დაწყების შემდეგ მან 750 სამიზნეზე მიიტანა იერიში, პალესტინელმა ექსტრემისტებმა კი ისრაელში 450-მდე რაკეტა ისროლეს.