გაფორმდა შეთანხმება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

დღეს საქართველომ ბრიუსელში მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

შეთანხმების ხელმოწერამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცერემონიაზე დამსწრეებს და საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. მან აღნიშნა, რომ 27 ივნისი საქართველოს დაამახსოვრდება როგორც ისტორიული და განსაკუთრებული დღე, როცა თავისუფალი ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი, დიდი თარიღი, რომელიც იმედს გვისახავს და რომლითაც შთამომავლები იამაყებენ. სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქრს და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, რომ დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს, ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეს, რომელსაც ასწლეულების განმავლობაში ხელოვნურად იყო მოწყვეტილი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსთვის იწყება ევროინტეგრაციის ახალი ეტაპი, საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე გზა ევროკავშირისკენ, რომელიც მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისა და მთელი საზოგადოებისგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას.

ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება. პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელიდან მიმართა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს თანამემამულეებს.

„დღეიდან ჩვენთან ერთად ხართ ამ პროცესის თანაზიარი და გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა სიკეთით, რაც ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს, ეს არის უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის ბაზარი, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და მრავალი სხვა რამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.