ბრძოლა თარიღისთვის

15 ივნისის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურის თარიღის დასახელებას მოითხოვს. პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიგი უგულავას თქმით, მთავრობის ზეწოლით ცესკოს თავმჯდომარე აპირებს მეორე ტურის 12 ივლისისათვის დანიშვნას, რაც საშუალებას არ მისცემს საარჩევნო სუბიექტებს ჩაატარონ ჯეროვანი წინასაარჩევნო კამპანია. რას ფიქრობენ მეორე ტურის თარიღის გამოცხადებაზე ცესკოში და როგორ უპასუხა მმართველმა კოალიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას?

გიგი უგულავას თქმით, 12 ივლისისათვის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ წესებსა და პროცედურებს. „ძალიან ბევრ სუბიექტს შედეგები გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და მიმდინარეობს ხელახალი გადათვლები. შესაბამისად, შეუძლებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 ივლისზე ადრე დანიშნოს არჩევნების მეორე ტური", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ:

„გამოვაქვეყნეთ ჩვენ შესაბამისი ცხრილი, რომ შეუძლებელია ეს თარიღი იყოს ან 12 ივლისი, ან 15 ივლისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ცესკომ წინასწარ იცის სასამართლოს გადაწყვეტილებები და წინასწარ იცის განხილვის ვადები. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ეს იყოს 12-15 ივლისი, როგორც ამას პრემიერ-მინისტრი ითხოვს ცესკოს თავმჯდომარისგან“.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნა არ არის დამოკიდებული ცესკოს თავმჯდომარის კომპეტენციასა და კომისიის მოქნილობაზე...
თამარ ჟვანია


გიგი უგულავას თქმით, სწორედ თარიღის გამოცხადების შემდეგ იქნება შესაძლებელი უფასო საეთერო დროით სარგებლობა, რასაც საკანონმდებლო ხარვეზებისა თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოუქნელი მუშაობის გამო საარჩევნო სუბიექტები მოკლებულნი არიან. გიგი უგულავას ამ განცხადების პასუხად, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტური გამოცხადდება მკაცრად კანონის შესაბამისად:

„თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნა არ არის დამოკიდებული ცესკოს თავმჯდომარის კომპეტენციასა და კომისიის მოქნილობაზე. არჩევნების მეორე ტური გამოცხადდება შემაჯამებელი ოქმის მიღებისა და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ“.

საარჩევნო კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური ინიშნება ცესკოს განკარგულებით. არჩევნების მეორე ტური ტარდება კენჭისყრის დღიდან 1 თვის ვადაში, თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ლელა ტალიური ამბობს, მეორე ტურის თარიღის გამოსაცხადებლად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ის, საჩივრდება თუ არა შემაჯამებელი ოქმი.
ისინი აცნობიერებენ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად დედაქალაქი დაიცლება მოსახლეობისაგან, - მაგრამ ამომრჩევლისთვის უკეთესია, რომ არჩევნები რაც შეიძლება მალე გაიმართოს...
ზაქარია ქუცნაშვილი


„რაც შეეხება მეორე ტურების ჩატარების ვადებს, სხვადასხვაა ოლქების მიხედვითა და თბილისის შემთხვევაში. მაგალითად, ოლქების შემთხვევაში ორი ვადა იკითხება: ერთი არის არაუგვიანეს 14 ივლისისა, თუ ოქმი არ გასაჩივრდა, და 20 ივლისი, თუ ოქმი გასაჩივრდა. თბილისის შემთხვევაშიც არის ორი ვადა მეორე ტურისთვის: 28 ივლისი და 3 აგვისტო, თუ ოქმი გასაჩივრდა“, უთხრა ლელა ტალიურმა რადიო თავისუფლებას.

მთავრობის მხრიდან ცესკოს თამჯდომარეზე ზეწოლას უარყოფენ მმართველი კოალიციის წარმომადგენლები. გარდა ამისა, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარ პირობებში იმყოფება.

„ისმის შეკითხვა: დღეს ვინმე სარგებლობს უფასო საეთერო დროით? ვინმე არის უკეთეს მდგომარეობაში? რა თქმა უნდა, არა! ასევე გამოცხადდება მეორე ტურის თარიღი და ყველა ერთ პირობებში ჩადგება. „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესებულია არჩევნების ივლისის ბოლოში გადატანით, - ისინი აცნობიერებენ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად დედაქალაქი დაიცლება მოსახლეობისაგან, - მაგრამ ამომრჩევლისთვის უკეთესია, რომ არჩევნები რაც შეიძლება მალე გაიმართოს“, უთხრა ზაქარია ქუცნაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მოგვიანებით გიგი უგულავას ოფოციალური განცხადებით უპასუხა კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბმა. „’ქართული ოცნება’ არის რეალურად დემოკრატიული ძალა, რომლისთვისაც მსგავსი მეთოდებით ბრძოლა მიუღებელია, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომლის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი უგულავას გამოსვლა იყო მათთვის სასურველ დროს არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მიზნით ცესკოზე ზეწოლის პირდაპირი მცდელობა“, ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს თბილისში, შვიდ თვითმმართველ ქალაქსა და ცამეტ თვითმმართველ თემში.