საკუთარი თავისკენ, აფრიკაში...

სულ ცოტა ხნის წინ “დიოგენეს” გახმაურებული სერიით ,,ამერიკელები“ სოლ ბელოუს რომანი "ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ გამოიცა. ეს რომანი ქართულად ლელა დუმბაძემ თარგმნა, რედაქტორია ანა ჭაბაშვილი.

1915 წელს დაბადებული სოლ ბელოუ, რომელიც 2005 წელს გარდაიცვალა, უილიამ ფოლკნერის შემდეგ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. მისი ნაწარმოები ,,ჰენდერსონი, წვიმის მეფე“, რომელიც ამ ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანია, 1959 წელს გამოქვეყნდა და წიგნმა მაშინვე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა მწერალს პოპულარობა, ძირითადად, მისმა ადრეულმა რომანმა ,,ცასა და მიწას შორის“ მოუტანა, რომლის მთავარი თემა ადამიანის მიერ საკუთარი ინდივიდუალობის შენარჩუნების პრობლემაა სოციალური, ეროვნული და მორალური ვალდებულებების იმ ქაოსში, რომელსაც მას საზოგადოება აკისრებს.

არსებითად, ეს თემა დომინანტურია სოლ ბელოუს მთელ შემოქმედებაში და ცენტრალური ადგილი უჭირავს რომანშიც ,,ჰენდერსონი, წვიმის მეფე“.

ანგლისტი დარეჯან სირია მწერალზე და ამ ნაწარმოებზე საუბრისას რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნავს:

"9 წლამდე ბელოუ მონრეალში, ებრაელთა გეტოში იზრდებოდა. შემდეგ ოჯახი ჩიკაგოში გადავიდა და, აი, სკოლასა და უნივერსიტეტში იქ სწავლობდა. მასწავლებლობდა, ჟურნალისტიც იყო, წერდა კრიტიკულ წერილებს, მაგრამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ლიტერატურას. ,,ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი გახლავთ. ამბობენ, სოლ ბელოუს ეს რომანი თავის ყველაზე საყვარელ წიგნად მიაჩნდაო. ამერიკის თანამედროვე ბიბლიოთეკაში 100 საუკეთესო წიგნს შორის კი ის 21-ე ადგილზეა“.
"ჰენდერსონი, წვიმის მეფე“, ძალიან რთული ენით არის დაწერილი. სირთულე მდგომარეობს წინადადებების თავისებურ სტრუქტურაში, მდიდარი ლექსიკის თავისუფლად ხმარებაში, ამერიკულ ხატოვან გამოთქმებსა და სარკასტულ ფრაზებში... ლელა დუმბაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად გაართვა ამ საძნელო საქმეს თავი...
დარეჯან სირია


,,ჰენდერსონი, წვიმის მეფის“ მთავარი გმირი ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია. ის ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დაუდგა, თავს ანებებს ყველაფერს და აფრიკაში მიემგზავრება.

სწორედ ეს მოგზაურობა აღმოჩნდება გადამწყვეტი გმირის ცხოვრებაში და მას დიდი ხნის წინათ დაკარგულ საკუთარ თავს ხელახლა აპოვნინებს.

1976 წელი ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა სოლ ბელოუს შემოქმედებაში. მას ჯერ პულიცერის პრემია მიენიჭა რომანისათვის ,,ჰუმბოლდტის საჩუქარი“, ხოლო ცოტა მოგვიანებით, ამავე წელს, ლიტერატურული ნობელიც გადაეცა.

დარეჯან სირიამ გვითხრა:

,,მას ძალიან ბევრი პრემია აქვს მიღებული. ნობელის პრემიის გადაცემისას კი აღნიშნული იყო, რომ მწერალს ეს პრემია მიენიჭა ადამიანის ბუნების საუკეთესოდ გაგებისა და თანამედროვე კულტურის ღრმა ანალიზისათვის“.

ეს, ერთი შეხედვით, მშრალი ფორმულირება არაჩვეულებრივად ნათლად გამოხატავს სოლ ბელოუს შემოქმედების მთელ არსსაც და იმ რომანის სულისკვეთებასაც, რომლის წაკითხვაც ქართველ მკითხველს ლელა დუმბაძის ძალიან კარგი თარგმანით უკვე მშობლიურ ენაზეც შეუძლია.

რომანში ერთი კაცის ძიების გზაა საკუთარი თავის საპოვნელად. ცხოვრების სამშვენისებისაგან თავმობეზრებული მილიონერი აფრიკაში სახეტიალოდ მიდის, რათა მოიცილოს ყველანარი სოციალური სტატუსი და ამით უფრო მნიშვნელოვანი რამ - თავის თავთან, თავის არსთან მარტო დარჩენის, საკუთარი თავის შეცნობის ფუფუნება - მოიპოვოს. იუჯინ ჰენდერსონი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძნობს, რომ მისი სული თავის ადგილას არ იმყოფება, ის მუდმივად ცდილობს ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს, ეს ,,ვიღაც“ ხან მამამისია, ხან ცოლი, ხან სხვა გარშემომყოფები და ხანაც საკუთარი თავი.

ჰენდერსონი ძალიან დამოკიდებულია სხვების აზრზე, ცდილობს იცხოვროს სწორად, მაგრამ არ იცის, რას გულისხმობს ეს ,,სწორად ცხოვრება“. საბოლოოდ, იგი აცნობიერებს, რომ მთელი სიცოცხლე, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ,,ყოფილიყო“, ცდილობდა ,,გამხდარიყო“. ამასობაში კი ყოფნის მთელი ბედნიერება ხელიდან წაუვიდა.

აფრიკაში ჩასული იუჯინი აფრიკის ერთ-ერთი ტომის მეფეს დაუმეგობრდება და მასთან ურთიერთობა, არსებითად კი, უცხო კულტურასთან ზიარება საკუთარ თავს აღმოაჩენინებს.

სოლ ბელოუს სტილი სადაა და მხატვრული ხერხებით გადაუტვირთავი. მთელი ამ ვრცელი რომანის მანძილზე ის არსად მიმართავს განსაკუთრებულ საშუალებას მკითხველის მისაზიდად. მშვიდად, თითქმის ერთსა და იმავე ტონალობაში ჰყვება ამბავს, მაგრამ ისე გულში ჩამწვდომად, რომ წაკითხული არასოდეს გავიწყდება - ალბათ, იმის გამოც, რომ მკითხველი რომანის პერსონაჟთან ძალიან ბევრ მსგავსებას პოულობს, ამ მსგავსებას კი, ვფიქრობთ, განსაკუთრებით შუახნის ადამიანები შეამჩნევენ.

სოლ ბელოუ

სოლ ბელოუ სიტუაციების არაჩვეულებრივი მხატვარია. იგი მსუბუქი ირონიითა და იუმორით მოგვითხრობს ყველაფერს და ამიტომაც ამ უბრალოებისა და სიმსუბუქის შენარჩუნებას თარგმანში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ლელა დუმბაძის ნამუშევარი სწორედ იმით არის საინტერესო, რომ მთარგმნელი ახერხებს დაუძაბავად, ზედმეტი სტილური ფერუმარილის გარეშე გადმოგვცეს ყველა ის თავისებურება, რაც ამ მწერალს ახასიათებს.

ამიტომაც გვითხრა ანგლისტმა დარეჯან სირიამ:

,,ლელა დუმბაძემ ნიჭიერი მთარგმნელის სახელი დაიმკვიდრა. ის ინგლისური ენის საუკეთესო სპეციალისტია, მაგრამ, როგორც ცნობილია, ინგლისური ენის ცოდნა არ არის საკმარისი კარგად თარგმნისთვის. ლელა შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას. ენობრივი თვალსაზრისით, თვითონ ეს რომანი, "ჰენდერსონი, წვიმის მეფე“, ძალიან რთული ენით არის დაწერილი. სირთულე მდგომარეობს წინადადებების თავისებურ სტრუქტურაში, მდიდარი ლექსიკის თავისუფლად ხმარებაში, ამერიკულ ხატოვან გამოთქმებსა და სარკასტულ ფრაზებში... ლელა დუმბაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად გაართვა ამ საძნელო საქმეს თავი“.

სამწუხაროდ, ლელა დუმბაძეს ბევრი არ უთარგმნია, მაგრამ რაც აქამდე გააკეთა, ყველაფერი ძალზე დროული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართული კულტურისთვის. მაგალითად,წლების წინათ მანვე თარგმნა ჰარპერ ლის შედევრი ,,ნუ მოკლავ ჯაფარას“, რომელმაც ჩემი თაობის მოზარდებზე უდიდესი გავლენა იქონია.

ვფიქრობ, ასეთივე გავლენა ექნება სოლ ბელოუს ამ შესანიშნავ რომანსაც.