სარგსიანი მიესალმება საქართველოში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებას

სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის აზრით, სომეხი მეწარმეებისთავისაც პოზიტიური იქნება საქართველოში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება. ეს შეფასება სარგსიანმა გამოთქვა თბილისში, სადაც 18 ივნისს დაიწყო ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი. „მჯერა, ღრმად მწამს, რომ საქართველოსთვის, რომელიც 27 ივნისს ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან და შეუერთდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მეწარმეებისათვის, რომ გაიზარდოს ინვესტიციები. მეორე მხრივ, სომხეთის წევრობა საბაჟო კავშირში იქნება პერსპექტივა იმ ქართველი მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ინვესტიციები განახორციელონ სომხეთში და გავიდნენ ახალ ბაზრებზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში და მთლიანად ამ რეგიონში,” - განაცხადა სარგსიანმა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ღრმავდება და პოზიტიური დინამიკით ვითარდება.