შედეგები და შეფასებები გორში

შიდა ქართლის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. საკრებულოების უმრავლესობაც ამ კოალიციის წარმომადგენლების მიერ კომპლექტდება. განსხვავებული სურათია გორის 32-ე საარჩევნო ოლქში, სადაც მერისა და გამგებლის გასარკვევად მეორე ტური ინიშნება. გორის თემში „ოცნების“ კანდიდატმა დავით ონიაშვილმა ხმების 46 პროცენტი მიიღო, „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“ კანდიდატმა ბონდო ვათიაშვილმა კი 27 პროცენტით მეორე ადგილი დაიკავა. ქალაქის მერობის კანდიდატებს შორის ზურაბ ჯირკველიშვილს 40 პროცენტზე ოდნავ მეტი აქვს. „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“ კანდიდატმა კახაბერ ერგემლიძემ კი 29 პროცენტზე ოდნავ მეტი მიიღო. თემის 35-კაციანი საკრებულოს უმრავლესობას, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მიღებული ხმების მიხედვით, „ქართული ოცნება“ აკომპლექტებს. მათ გარდა, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“, „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებიც შედიან.

არჩევნების შედეგების გაანალიზება ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა უკვე დაიწყეს. გორის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, ზურაბ ჯირკველიშვილი, აცხადებს, რომ მეორე ტურს გართულებების გარეშე მოიგებს.

15 ივნისის საღამოს 9 საათისთვის დაწყებული ზეიმი ნაადრევი გამოდგა ირაკლი ოქრუაშვილისთვის. მაშინ „ქართული პარტიის“ ლიდერი ჟურნალისტებს გვარწმუნებდა, რომ არჩევნები მისმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო, თუმცა სხვა შედეგი დევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე. „ქართული პარტია“ ქალაქის საკრებულოშიც უმრავლესობას ვერ ქმნის. მისი მერობისა და გამგებლობის კანდიდატები კი მეორე ტურში აგრძელებენ ბრძოლას. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ შედეგებით უკმაყოფილო არ არის.

სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის გამოყენებაზე ლაპარაკობენ. „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერი იოსებ ბორცვაძე მიიჩნევს, რომ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე იმ პოლიტიკურმა ძალებმა მოიგეს, ვინც რესურსის მაქსიმალური მობილიზება შეძლო.

ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თამარ კოდოშვილი, თუმცა მას ამის მტკიცებულებები არ გააჩნია.

გორში „ნაციონალური მოძრაობა“ მესამე ადგილით უკმაყოფილოა. პარტიის ლიდერი კახა ტოლიაშვილი აცხადებს, რომ ამომრჩეველთან მეტი მუშაობა იყო საჭირო.

ქალაქ გორის 15-კაციან საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ 35 პროცენტი მიიღო, მაგრამ 5-დან 4 მაჟორიტარული ოლქი მოიგო. შესაბამისად, საკრებულოში 8 წევრი შეჰყავს, რაც უმრავლესობას ნიშნავს. მათ გარდა, გორის საკრებულოში „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენლებიც შევლენ.