50 ათასმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი პაკისტანში საომარი მოქმედებების გამო

პაკისტანში ვაზირისტანის რეიგონის ხელისუფლების წარმომადგენელმა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას 16 ივნისს განუცხადა, რომ სამთავრობო ძალების მიერ მეამბოხეთა წინააღმდეგ გასულ თვეში დაწყებული იერიშის შედეგად, რეგიონის 50 ათასი მოსახლე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი. პარალელურად, პაკისტანის მოსაზღვრე ავღანეთის ხოსტის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, რომ შექმნა ლტოლვილთა ბანაკი იმ 10 ათასი ადამიანისთვის, ვინც ჩრდილოეთ ვაზირისტანში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გაექცა. პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაცია „მტრის სრულ განადგურებამდე“ გაგრძელდება. სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, 15 ივნისს პაკისტანის საჰაერო ძალებმა დაბომბეს ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარე მეამბოხეთა სამალავები, დახოცეს 105 „უზბეკი მეამბოხე“, მათ შორის - მათი ლიდერი, რომელსაც ბრალდება 8 ივნისს კარაჩის აეროპორტზე იერიშის ორგანიზება. აეროპორტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანის „თალიბანმა“ და „უზბეკეთის ისლამისტურმა მოძრაობამ“. შექმნილი დაძაბულობის ფონზე, 15 ივნისს პაკისტანის არმიამ თავისი კონტინგენტი განალაგა ისლამაბადის მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად.