მარგველაშვილმა მოსახლეობას მიულოცა არჩევნების წარმატებით დასრულება

საქართველოს მოსახლეობას არჩევნების წარმატებით დასრულება მიულოცა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი შეფასებით, საზოგადოებამ ღირსეულად უპასუხა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. „2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდობიანად, დემოკრატიულად და მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარებით ჩვენ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო ციკლი დავასრულეთ და შეუქცევად ტრადიციად ვაქციეთ დემოკრატიული პროცესი“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პრეზიდენტის შეფასებით, უმთავრესი გამარჯვებაა ის, რომ საზოგადოებამ მკაფიოდ აჩვენა მაღალი შეგნება და წინსვლა დემოკრატიული კულტურის განვითარებისკენ. გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ „ხალხი მალე მოიმკის ამ ღირსეულ ნაბიჯთა სასიკეთო შედეგებს.“