ვინ იტანჯება პარასკევიდეკატრიაფობიით?

პარასკევი, რიცხვი 13 - გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, ამგვარი დამთხვევა ორმაგად ცუდის ნიშანია. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მართებს, რათა თავიდან აიცილოს უიღბლობით გამოწვეული უსიამოვნება. ეს ფენომენი ფსიქოლოგიაში ცნობილია ტერიმინით - პარასკევიდეკატრიაფობია (ბერძ. παρασκευή პარასკევი, δεκατρείς -ცამეტი.). რა კვებავს ამგვარ ფობიას და რას ფიქრობენ მის შესახებ საქართველოში?

13 რიცხვი, თანაც პარასკევი - კალენდრის შესაბამისად, ასეთი დამთხვევა წელიწადში, სულ ცოტა, ერთხელ მაინც გვხვდება. ხალხის ნაწილს პარასკევი ნეგატიურ დღედ მიაჩნია საქართველოშიც. საინტერესოა, რატომ?

„პარასკევი არის ძალიან სისხლიანი და არადადებითი დღე ქრისტიანებისთვის, რადგანაც ამ დღეს იესო ქრისტე გააკრეს ჯვარზე და ამაზე ცუდი რა უნდა მომხდარიყო“, უთხრა 19 წლის სტუდენტმა, ანა ვეშაგურმა, რადიო თავისუფლებას.



ისლამიდან განვითარებულ ზოგიერთ კულტურაში, ზოგიერთ ქალაქში იყო ისეთი ვითარება, როცა „13“ რიცხვს იმდენად ერიდებოდნენ, რომ ქუჩაზე დანომვრის დროს არ იყო სახლი ცამეტი ნომრით...
გიორგი ლობჟანიძე

ქრისტიანულ კულტურაში ასევე ნეგატიური დატვირთვა აქვს 13 რიცხვს. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ წმინდა სერობის დროს იუდა მეცამეტე თანამეინახე იყო, ხოლო ანტიქრისტეზე ლაპარაკია აპოკალიფსის მეცამეტე თავში, თუმცა, როგორც აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ამბობს, 13-თან დაკავშირებული ცრურწმენა სხვა კულტურებშიც შეინიშნება. ცნობილია, რომ საუკუნეების მანძილზე მუსლიმები ერიდებოდნენ 13 რიცხვის ყოველდღიურ ყოფაში გამოყენებას.

„ისლამიდან განვითარებულ ზოგიერთ კულტურაში, ზოგიერთ ქალაქში იყო ისეთი ვითარება, როცა „13“ რიცხვს იმდენად ერიდებოდნენ, რომ ქუჩაზე დანომვრის დროს არ იყო სახლი ცამეტი ნომრით. რეალური საფუძველი ამ შიშს არ აქვს, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ ეს შიში არ არის შეპირობებული ყურანით, წმინდა წიგნით, მაგრამ არსებობდა ეზოტერული მოძღვრება, რომელიც ასოებს განიხილავდა ციფრების მეშვეობითაც და ასოებს უკავშირებდა გარკვეულ ციფრულ მნიშვნელობებს და, შესაძლოა, ეს იყო ღვთის მოწინააღმდეგე ძალის ერთ-ერთი ანაგრამა, რომლის გამოც წარმოიშვა ასეთი შიში“, უთხრა გიორგი ლობჟანიძემ რადიო თავისუფლებას.

უიღბლობის ორი მაჩვენებლის - პარასკევისა და 13 რიცხვის - გადაკვეთა საბედისწერო აღმოჩნდა გენიალური იტალიელი კომპოზიტორის ჯოაკინო როსინისათვის, რომელიც 1868 წლის 13 ნოემბერს, პარასკევს გარდაიცვალა.

ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ პარასკევიდეკატრიაფობიას, ისევე როგორც სხვა ფობიებს, იწვევს ცალკეულ პირთა ძლიერი მიდრეკილება ცრურწმენისაკენ. მისი თქმით, ეს არის ერთგვარი ოფსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი იჯერებს, რომ რაღაც არის კარგის ან ცუდის ნიშანი. გაგა ნიჟარაძის თქმით, საქართველოში თითქმის ყოველ მეათე ადამიანს აწუხებს ესა თუ ის ფობია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ობობებისა და გველების შიში, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც 13 რიცხვის ან პარასკევის ავბედითობის სჯერა:



პარასკევი არის სიყვარულის პლანეტა ვენერას დღე. ხელოვნების, პოეზიისა და ლიტერატურის დღე. სასიყვარულო პაემნების დღე. რაც შეეხება 13 რიცხვს, ის ბევრისთვის არის ძალიან ბედნიერი...
მიხეილ ცაგარელი

„ორივეს დამთხვევა, რაც იშვიათად ხდება, ითვლება, რომ განსაკუთრებით უიღბლოა, მაგრამ ფსიქოლოგიურად საინტერესოა, რომ ის, ვისაც ამისი სჯერა,
მართლა ეხვევა ხოლმე რაღაც შარში, იმიტომ რომ მზად არის ამისთვის და, ასე ვთქვათ, ეძებს თუ იზიდავს ხოლმე თავგადასავალს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას ობიექტურობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ ასეთი რამ: იმ ქვეყნებში, სადაც აქვეყნებენ მზეზე მაგნიტური ქარიშხლების კალენდარს, ანუ ჯანმრთელობისთვის ცუდი დღეების ჩამონათვალს, ამ დღეებში ბევრი ადამიანი აკითხავს ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებებს, და სადაც არ აქვეყნებენ, იმ ქვეყნებში - არა. ასე რომ, სუფთა ე.წ. პლაცებო ეფექტია“.

გაგა ნიჟარაძის მსგავსად, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელიც მიიჩნევს, რომ პარასკევისა და ცამეტის შიში უსაფუძვლოა. უფრო მეტიც, ვარსკვლავების გადმოსახედიდან არაფერი დაეწუნება არც რიცხვ ცამეტს და არც პარასკევ დღეს:



ასეთი ფობიით დაავადებულს ეგოცენტრიზმისკენ აქვს მიდრეკილება, ანუ ფაქტობრივად, სჯერა, რომ მისთვის ხდება 13-იც და პარასკევიც. ამას ძალიან ჰგავს ჭექა-ქუხილის შიში...
გაგა ნიჟარაძე

„პარასკევი არის სიყვარულის პლანეტა ვენერას დღე. ხელოვნების, პოეზიისა და ლიტერატურის დღე. სასიყვარულო პაემნების დღე. რაც შეეხება 13 რიცხვს, ის ბევრისთვის არის ძალიან ბედნიერი. თუ გახსოვთ, 13 მაისს აიღო ჩვენმა გუნდმა თასების მფლობელთა თასი“.

საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები პარასკევისა და 13 რიცხვის გადაკვეთის შესახებ, ეშინიათ თუ არა მათ ამგვარი დამთხვევის. აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტას. თუმცა, როგორც სამედიცინო პრაქტიკის მქონე ფსიქოლოგები ამბობენ, ყველა ადამიანი როდია ცრურწმენებისა და ფობიებისგან თავისუფალი. ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის თქმით, პარასკევიდეკატრიაფობიით შეპყრობილები ჰგვანან იმ ბავშვებს, რომლებსაც ჭექა-ქუხილის ეშინიათ.

„ასეთი ფობიით დაავადებულს ეგოცენტრიზმისკენ აქვს მიდრეკილება, ანუ ფაქტობრივად, სჯერა, რომ მისთვის ხდება 13-იც და პარასკევიც. ამას ძალიან ჰგავს ჭექა-ქუხილის შიში, რაც ძალიან ხშირია ბავშვებში, რადგანაც ბავშვები ეგოცენტრულები არიან და ჰგონიათ, რომ მათთვის ქუხს სამყარო“, უთხრა გაგა ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას.


გაგა ნიჟარაძე ამგვარი ფობიის მსუბუქი ფორმით შეპყრობილ ადამიანებს მარტივ გამოსავალს სთავაზობს: ან პირადი გამოცდილებით დარწმუნდნენ, რომ ამ დღეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ანდა დარჩნენ შინ, მით უმეტეს, რომ წლის მანძილზე პარასკევი და 13 ერთმანეთს საშუალოდ ერთხელ ან ორჯერ ემთხვევა, თუმცა, როგორც ირკვევა, არსებობს განკურნების სხვა საშუალებაც: ამერიკელი ფსიქოთერაპევტი და ტერმინ პარასკევიდეკატრიაფობიის
დამამკვიდრებელი დონალდ დოსეი ამტკიცებს, რომ თუკი ამ რთული სიტყვის რამდენჯერმე ბორძიკის გარეშე გამეორებას შეძლებთ, მაშინ თქვენი შიში პარასკევისა და რიცხვ ცამეტის მიმართ თავისთავად გაქრება.

პარასკევიდეკატრიაფობია, პარასკევიდეკატრიაფობია…