დრაკონული კანონები და გველეშაპური პოლიტიკა

დრაკონი ერთ ძველ ათენელ კანონმდებელს ერქვა, რომელმაც ძვ. წ. 621 წელს კანონთა კრებული გამოსცა და ამით, ფაქტობრივად, საფუძველი დაუდო ევროპულ სისხლის სამართალს, რომლის მიხედვითაც „სისხლის აღება“ და ინდივიდუალური ანგარიშსწორება აიკრძალა, ხოლო ჩადენილ დანაშაულზე განაჩენის გამოტანასა და სასჯელის აღსრულებაზე სახელმწიფოს მონოპოლია გამოცხადდა. მაგრამ დრაკონს კანონშემოქმედებითმა საქმიანობამ სხვა მიზეზით გაუთქვა სახელი: მისი კანონები, რომლებიც მსუბუქი დანაშაულისათვისაც კი ხშირად სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, სისასტიკისა და უსამართლობის სიმბოლოდ იქცა. აქედან გაჩენილი ტერმინი „დრაკონული კანონი“ გულისხმობს მოქმედი კანონის არაადეკვატურ სიმკაცრეს, რომელიც საზოგადოებაში არა სამართლიანობის აღდგენას უწყობს ხელს, არამედ უსამართლობას და სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებაზე ძალადობას აკანონებს.

სიმბოლური დამთხვევაა, რომ ბერძნულ ენაში სიტყვა „დრაკონი“ გველეშაპს ნიშნავს. გველეშაპი მითების და ზღაპრების სამყაროში ბოროტი, თან ძლიერი არსებაა. ზოგ ვერსიაში გველეშაპი ცხრათავიანია და პირიდან ცეცხლს აფრქვევს, თანაც თუ ვინმემ მას ერთი თავი მოჰკვეთა, მის ადგილას სამი ახალი ამოიზრდება. ასეთი საზარელი არსება ადამიანების წარმოსახვაში ძალადობის, უსამართლობისა და ჩაგვრის სიმბოლოა, რომელიც მათ სარჩო-საბადებელს ართმევს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოტივის მიხედვით, გველეშაპი წყაროსთან ზის და ხალხს წყლის დალევის უფლებას არ აძლევს. ხალხი იძულებულია, გველეშაპს საკუთარი ასულები მსხვერპლად შესწიროს. ეს მოტივი ქრისტიანობამაც გაითავისა და გველეშაპს დაუპირისპირა საკუთარი გამოგონილი გმირი - წმინდა გიორგი, რომელიც გველეშაპს ამარცხებს და ადამიანებს მისი ტირანიისგან ათავისუფლებს. ამგვარად გველეშაპი პოლიტიკური სიმბოლოცაა, რომელიც უკვე წინაქრისტიანულ ხანაში ტირანებთან და ტირანიასთან იყო გაიგივებული.

ტირანია არათავისუფალ, თავსმოხვეულ და ძალადობრივ მმართველობას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება, ხშირად ერთი ადამიანის ხელში მოქცეული, ხალხის ინტერესებს კი არ ითვალისწინებს, არამედ მას საკუთარ ნება-სურვილებს თავს ახვევს. თავდაპირველი მნიშვნელობით, ტირანები ანტიკური საბერძნეთის ქალაქების მეფეებს ეწოდებოდათ, რომელთა ხელისუფლებაც ძალმომრეობითა და თვითნებობით გამოირჩეოდა. მოგვიანებით ეს ტერმინი განზოგადდა და უსამართლო, ძალისმიერი პოლიტიკის აღმნიშვნელად იქცა. XX საუკუნეს, რომელმაც ტირანებისა და ტირანიის აქამდე არნახული მასშტაბების ფორმები დაუტოვა ისტორიას, ექოსავით გამოჰყვა ერთგვარი მინიტირანიები - პოლიტიკური სისტემები, რომლებიც გარეგნულად დემოკრატიულ ელფერს ატარებენ, მათი კანონმდებლობა კი დრაკონულია და კვლავინდებურად ადამიანის პიროვნული თავისუფლების დათრგუნვისკენ მიმართული.

„მინიტირანიები“ სხვადასხვა სახისა და შინაარსებისაა და მათი საერთო ნიშან-თვისება პოლიტიკურზე მეტად მითოლოგიურ-ლიტერატურულია. ესაა ძირითადად პოსტტოტალიტარულ ქვეყნებში გაჩენილი პოლიტიკური სისტემები, რომლებიც საკუთარ თავს მათივე წინამორბედი ხელისუფლების, როგორც გველეშაპის, დამმარცხებლად და მისი ტირანიისგან ხალხის განმათავისუფლებლად წარმოსახავენ. მათი, ფაქტობრივად, ერთადერთი „პროგრამა“ ურჩხულად და გველეშაპად წარმოდგენილი წინა ხელისუფლების დამარცხებაა, რასაც ისინი მუდმივად ახსენებენ და, შეიძლება ითქვას, ამადლიან კიდევაც ამომრჩეველს. ამასთანავე ხაზი ესმება დამარცხებული გველეშაპისგან, ანუ წინა ხელისუფლებისგან მომავალ საფრთხეს, რომელიც შურისძიებისათვისაა ჩასაფრებული და მორიგ საბოტაჟებსა და პროვოკაციებს გეგმავს გველეშაპთმმუსვრელი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ.

რამდენადაც გამარჯვებულებს დამარცხებულებზე ლაპარაკის მეტი, ფაქტობრივად, სხვა თემა აღარ რჩებათ, სწორედ ამგვარი თვითინსცენირების დროს გმირად ნაზეიმები ახალი ხელისუფლება იწყებს მის წინამორბედთან მსგავსებას, გველეშაპის დამმარცხებელი თავად იქცევა გველეშაპად, „ტირანიისგან“ განმათავისუფლებელი თავადვე ქმნის ახალ „ტირანიას“. საუბარი ზედმეტად ლიტერატურული რომ არ გამოგვივიდეს, სამაგალითოდ საქართველოს ბოლო ორი ხელისუფლება გავიხსენოთ.

2003 წელს „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსული ნაციონალური მოძრაობა, განსაკუთრებით მისი ლიდერი, იმდენად იყო დაფიქსირებული მის მიერ დამარცხებულ ედუარდ შევარდნაძეზე, რომ ცხრაწლიანი მმართველობის მანძილზე საკუთარი ნებით არჩეული ამ სტიგმისგან ემანსიპაცია ვერ შეძლო და ბოლოს ლამის ისეთივე ანტიპათიით იქნა გამომშვიდობებული ხელისუფლებას, როგორც მისი წინამორბედი, თანაც არანაკლებ მძიმე ბრალდებებით. ერთ დროს ხალხოსანი და ინსცენირებული უბრალოებით „უბრალო“ ხალხს მიმსგავსებული სააკაშვილი, განსაკუთრებით თავისი ხელმეორედ არჩევის შემდეგ, დაემსგავსა თვითნება მონარქს, რომელსაც შეეძლო კერძო ავიაკომპანიის სარეისო თვითმფრინავიდან მგზავრები ჩამოესვა და თავის თანმხლებ პირებთან ერთად სხვა მიმართულებით გაესეირნა; რომლის არასამუშაო გასეირნებების დროსაც გუდაურში თუ თბილისის რესტორნებში მთელი ქუჩები და მაგისტრალებიც კი იკეტებოდა; რომლის პირადი ახირებები და აკვიატებები სახელმწიფო პოლიტიკად იქცა.

ხელისუფლების გაგველეშაპება უშუალოდ უკავშირდება კანონების გადრაკონულებას და მისი პირდაპირპროპორციულიცაა, რამდენადაც არაადეკვატურად მკაცრი კანონები არა იმდენად მოქალაქეების კრიმინალისგან დაცვას, რამდენადაც მათ დაშინებას ემსახურება. საქმე ეხება სწორედ „მცირე დანაშაულს“, რომლის არაადეკვატური სიმკაცრით დასჯა მოსახლეობაში შიშის განწყობას იწვევს. შიშის ატმოსფერო, თავის მხრივ, პარანოიდულ სიმპტომებს წარმოშობს: ხელისუფლება იჯერებს თავისსავე შეთხზულ შეთქმულებათა თეორიებს და ამ თეორიათა ლოგიკით იწყებს ხელმძღვანელობას, რომლის მეშვეობითაც მას ყველგან მტრები და აგენტები ეჩვენება და ყველა თავის წარუმატებლობას მათ აბრალებს. ეს ხელს უხსნის ხელისუფლებას, რომ საკუთარ მოქალაქეებს უთვალთვალოს და მათი დაშანტაჟება სცადოს. ხელისუფლების პარანოია გადადის მოქალაქეებზეც, რომლებიც დევნილის მდგომარეობაში ვარდებიან და რეალური ზეწოლის ფაქტებს ნახევრად ფანტასტიურ წარმოდგენებსაც უმატებენ და პარანორმალურ ფენომენთა განზომილებაში აჰყავთ. ამგვარ განვითარებას კი საზოგადოება მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომლის დროსაც ლოგიკურ-არგუმენტაციული პოლემიკა შეუძლებელი ხდება და ასპარეზი მთლიანად ემოციათა ესკალაციას ეთმობა. სამაგალითოდ ისევ სააკაშვილის მმართველობა და მისი „ნულოვანი ტოლერანტულობის“ პოლიტიკის გახსენება შეიძლება. „წვრილმან დანაშაულებზე“ არაადეკვატურად მკაცრი სასჯელების დაწესებით სააკაშვილმა დრაკონულ კანონმდებლობას დაუდო სათავე. კანონების გადრაკონულებით სააკაშვილის ხელისუფლება მოსახლეობის დაშინების პოლიტიკას დაადგა, რამაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება აქცია საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადედ, მეორე მხრივ, თავად იქცა მოსახლეობის მხრიდან ლამის მითოლოგიური ფანტაზიების პროექციის ობიექტად. „ეკლესიებს გვინგრევენ“, „სარწმუნოებას გვართმევენ“, ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა დემონიზაცია, მათი მითოლოგიური შინაარსის რიტორიკული ფორმულებით გამოსახვა - სწორედ ამგვარი პროექციები იყო, რომელთა გაღვივებას ხელი შეუწყო დრაკონულმა კანონდებლობამ და მისგან გამომდინარე ძალადობრივმა პოლიტიკამ.

2012 წლის 1 ოქტომბრის ღამეს, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოცხადდა, „ქართული ოცნება“ და მისი ამომრჩეველი არა უბრალოდ არჩევნებში გამარჯვებას, არამედ ბოროტების დამარცხებას ზეიმობდა. ეს განწყობა არც შემდგომში არ შეცვლილა. მმართველი კოალიციის, განსაკუთრებით პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან ნაციონალური მოძრაობა და მისი მმართველობის „ცხრა წელიწადი“ წარსულსა თუ აწმყოში არსებული ყველა ხარვეზის მიზეზად გამოცხადდა. ქართული ოცნების პოლიტიკა ფაქტობრივად ნაციონალურ მოძრაობაზე რევანშად იქცა, რომელსაც თითქოს სხვა მიზანი აღარ აქვს, გარდა ნაციონალური მოძრაობის სრული განადგურებისა.

როგორც თავის დროზე სააკაშვილმა აქცია თავისი ოპოზიცია მოწამეებად, ასევე სააკაშვილის დამმარცხებელი ქართული ოცნება მოსავს ნაციონალურ მოძრაობას მოწამეების შარავანდედით.

სააკაშვილმა კანონების გადრაკონულებით ძალადობაზე სახელმწიფოს მონოპოლია გაატოტალურა და, შესაბამისად, სახელმწიფო და ხელისუფლება გახდა ერთადერთი პასუხისმგებელი ძალის გადამეტებასა თუ ბოროტად გამოყენებაზე. თუ სააკაშვილის მმართველობისას სახელმწიფო და სახელისუფლებო ინსტანციები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ქართულმა ოცნებამ თითქოს ძალადობის უფლება ხალხს გადასცა, როდესაც, მაგალითად, 2013 წლის 17 მაისს ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა, მასობრივი ძალადობის ექსცესი აღეკვეთა და მოძალადეები კანონით დაესაჯა. ამითი ის, ნებით თუ უნებლიედ, საერთო-სახალხო მოძალადეობის და ლინჩის წესით ანგარიშსწორების წამხალისებლად იქცა.

რადგანაც ხელისუფლება ვერ უბედავს ექსტრემისტულ ძალებს, პასუხი მოსთხოვოს მათი უკანონო ქმედებისათვის, რადგანაც ქართული ოცნება მნიშვნელოვანწილად მათზე დამოკიდებული აღმოჩნდა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, საკუთარი ძალა მთლიანად საზოგადოების იმ ნაწილზე გამოავლინოს, რომელთანაც მას ეს გაუვა. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო გამკაცრებული ფორმით ამუშავდა სააკაშვილის ინიცირებული დრაკონული კანონები. პირველ რიგში საქმე ეხება ნარკოპოლიტიკას და ე.წ. „მსუბუქ ნარკოტიკებს“ (მარიხუანა, ჰაშიში), რომელთა მოხმარება და შენახვა 7-დან 14 წლამდე პატიმრობით ისჯება. ასეთ კანონს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მომავალ თაობაზე ზრუნვით ასაბუთებს, იმ მომავალ თაობაზე, რომელსაც დრაკონული კანონმდებლობა მომავალს უნგრევს, რომელიც მარიხუანაზე მეტად ჯანმრთელობისათვის სახიფათო ალკოჰოლს თავისუფლად და კანონიერად მოიხმარს და არც აგრესიასა და ძალადობას ერიდება, როდესაც იცის, რომ ამისათვის მას ხელისუფლება უკიდურეს შემთხვევაში 100 ლარით დააჯარიმებს.

პრემიერ-მინისტრს, როგორც ჩანს, არა მხოლოდ აღმზრდელობით, არამედ სამედიცინო სფეროშიც უმაღლეს ავტორიტეტად მიაჩნია თავი, როდესაც მან საპატრიარქოსთან გამართული ერთი მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ავადმყოფებად შერაცხა: "ავადმყოფი ადამიანი ბევრია, უფრო სწორად, რამდენიმეა, ბევრი არ არის. ორმა და სამმა ადამიანმა შეიძლება რაღაც არაორდინარული საქციელი ჩაიდინოს, მაგრამ იმათზე რეაგირება მოხდება ჩვეულებრივ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ... ქვეყანაში საბედნიეროდ ჯანსაღი განწყობაა. თუ რაღაც პროვოკაციას მოაწყობენ, ისინი დაისჯებიან და მორჩება."

დაბოლოს, სისტემა, რომლის დანგრევის აუცილებლობა 2012 წლის სექტემბერში საზოგადოების ერთმა ნაწილმა მოითხოვა, არათუ არ დანგრეულა, არამედ მან მხოლოდ სახე იცვალა. გველეშაპის მოჭრილი ერთი დიდი თავის ადგილზე ამოიზარდა მრავალი პატარა თავი, რომლებიც, შეიძლება მათი სიპატარავისა თუ კარიკატურულობის გამო, თვალში ნაკლებად ხვდება ხალხს, მაგრამ ეს მინიატურული გველეშაპებიც იმავე დრაკონული კანონებით აგრძელებენ ქვეყნის მართვას, რომლებიც მათმა წინამორბედმა დიდმა და თვალში საცემმა მემკვიდრეობად დაუტოვა.