პაკიტო დე რივერა

პაკიტო დე რივერა

კუბური წარმოშობის მუსიკოსთა ბავშვობის წლებს თვალი რომ გადაავლო, უმრავლეს შემთხვევაში საოცარ მსგავსებას აღმოაჩენ: ხელოვნების ამ დარგს მშობლები აყვარებენ, რომლებიც, თავის მხრივ, ჩინებული შემსრულებლები არიან ხოლმე. შესაბამისად, ვოკალური თუ ინსტრუმენტული მეტყველების ანა-ბანას ადრეული ასაკიდანვე ეუფლებიან და უკვე სიყმაწვილეში, ოჯახური ჭუპრიდან დაფრთიანებულებს, გამოცდილი არტისტები ეთქმით. დამწყებ მუსიკოსებზე სახელმწიფოც ზრუნავს. კუბის რესპუბლიკაში არსებული უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის მიუხედავად, ქვეყნის მთავრობა სახელოვნებო განათლების სფეროს გამორჩეულ ყურადღებას უთმობს - განსაკუთრებით კი, კლასიკური და ტრადიციული მუსიკალური ფორმების წახალისებას ცდილობს.

თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ ნიჭითა და შრომისმოყვარეობით შორს ვერ წახვალ. თანაც, კუნძულზე გამოკეტვა, ერთ სივრცეში დუღილი, ნაკლებად სასარგებლოა შემდგომი პროგრესისათვის. ჰოდა, კუბელი მუსიკოსების მთავარი პრობლემაც ყოველთვის ეს გახლდათ, უცხო კულტურებთან შეზღუდული კონტაქტი, ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებთან მწირი სასცენო დიალოგი და, შესაბამისად, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის დეფიციტი. ამგვარი იზოლაციური მოცემულობის გამო, ბევრი არტისტი იძულებული გახდა „თავისუფლების კუნძულიდან“ გაქცეულიყო. მართალია, ეს რთული და მეტად სარისკო საქმე იყო, მაგრამ ყველაზე გულადნი მაინც ახერხებდნენ. ერთ-ერთი ასეთი კი საქსოფონისტი პაკიტო დე რივერა ბრძანდებოდა.

არადა, დე რივერას კუბაზე თითქოს არაფერი აკლდა. მამა სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი გახლდათ, რომელმაც შვილს კლარნეტსა და საქსოფონზე დაკვრა შეასწავლა, ხოლო კონცერტებისას თავისსავე ორკესტრში აძლევდა საშემსრულებლო ტექნიკის დახვეწის საშუალებას. პაკიტომ ჯერ ჰავანის კონსერვატორია დაასრულა, შემდეგ კი ჰავანის სამხედრო მუსიკალური ბენდის თავკაცობა ჩააბარეს და სულ მალე საესტრადო სცენის სუპერვარსკვლავად აღიარეს.

1973 წელს პაკიტო დე რივერამ და დიდებულმა პიანისტმა ჩუჩო ვალდესმა ლეგენდარული ანსამბლი, „ირაკერე“, ჩამოაყალიბეს. ეს გახლდათ ჯაზური ინტონაციებით გაჯერებული ტრადიციული და თანამედროვე კუბური მუსიკის ნოვაციური სიმბიოზი - ანსამბლი, რომელიც კუბური კულტურის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო პროდუქტად იქცა.

როგორც თავად რივერა იხსენებდა, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მიღწეულზე ვერ შეჩერდებოდა, შემდგომი პროგრესისათვის სულ სხვა სივრცეები და საკუთარი მუსიკალური იდეების განსახორციელებლად სრული თავისუფლება სჭირდებოდა. ჰოდა, ერთხელაც, როცა „ირაკერე“ ესპანეთში მართავდა საგასტროლო ტურნეს, კუბელი ახალგაზრდა, ყველასგან მოულოდნელად, გაუჩინარდა. ბევრი ეძებეს, მაგრამ მისი ასავალ-დასავალი ვერავინ გაიგო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის შეეფარებინა თავი, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. ასე აღმოჩნდა „ჯაზის მექად“ წოდებულ ნიუ-იორკში, სადაც კუბელი მუსიკოსების დიდმა ქომაგმა, დიზი გილესპიმ, საკუთარი შვილივით მიიღო და უპატრონა.

რივერა პერიოდულად გილესპის ბენდში უკრავდა, პარალელურად კი ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, მაკოი ტაინერი და რენდი ბრეკერი. სწორედ დიზი გილესპის დახმარებით გამოსცა თავისი სადებიუტო ამერიკული ალბომიც. შეიძლება ითქვას, რომ, ჯაზს მოწყურებულმა, ბოლომდე გაილაღა - საქსოფონითა და კლარნეტით ყველაფერი დაფქვა, რაც კი აქამდე სათქმელი დაჰგროვებოდა. მისი დისკოგრაფია 60-მდე სტუდიურ და საკონცერტო ალბომს აერთიანებს, სადაც ყველაფერს მოისმენ - კუბური ხალხური მუსიკალური მოტივების ჯაზურ ინტერპრეტაციებსაც და აკადემიური ჟანრის თხზულებებსაც. დიახ, პაკიტო დე რივერა არასოდეს ღალატობდა ევროპულ კლასიკურ მუსიკას, მისი ნაწარმოებები ზოგჯერ ერთდროულად იყო „გრემის“ რამდენიმე ნომინაციაზე წარდგენილი - საუკეთესო ჯაზურ, ლათინოამერიკულ და კლასიკური მუსიკის კატეგორიებში.