ბრაზილიის ქალაქ საო პაულოში ორი დღით შეწყდა მეტროს მუშაკთა გაფიცვა. პროფკავშირების ლიდერებმა განაცხადეს, რომ 11 ივნისს კენჭისყრით გადაწყვეტენ განაახლონ, თუ არა გაფიცვა 12 ივნისს, როცა ქალაქი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს უმასპინძლებს. ბრაზილიის ხელისუფლებას ძალიან აშფოთებს გაფიცვის პერსპექტივა, რადგან საო პაულოში მეტრო ძირითადი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომლითაც ფეხბურთის გულშემატკივრები ჩემპიონატის პირველ თამაშზე - ბრაზილიისა და ხორვატიის მატჩზე უნდა მივიდნენ. პროფსიული კავშირების მიზანია მეტროს მუშაკთა გაფიცვით მიაღწიონ ხელფასების 12%-იან ზრდას. მთავრობა კი აცხადებს, რომ 8,7%-ზე მეტად მათ ხელფასს არ გაუზრდის. 9 ივნისს, გაფიცვის მეხუთე დღეს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მეტროს სადგურიდან დაახლოებით 100 გაფიცულის გამოსადევნად.