ფილიპ როთის რომანის სეანსი

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ბოლო ხანებში საქართველოში მთარგმნელობითი საქმიანობის ნამდვილი ბუმია. არა მგონია, ოდესმე ამდენი თარგმანი შესრულებულიყოს და, თანაც, ძირითადად, ორიგინალის ენიდან.

თავისთავად ამაში ცუდი რა უნდა იყოს, პირიქით, როგორც იტყვიან, მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ამ გაცხოველებულ პროცესს თან ახლავს ისეთი უსიამოვნო გვერდითი მოვლენები, რომელთა აცილებაც ადვილი შესაძლებელი იქნებოდა, თუნდაც ერთიანი მთარგმნელობითი საკოორდინაციო ცენტრი რომ არსებობდეს.

დღევანდელ პირობებში ითარგმნება თითქმის ყველაფერი, მაგრამ ხშირად იმდენად უსისტემოდ და არაპროფესიულად, რომ ამ თარგმანების ნახევარზე მეტი ელემენტარულ პროფესიულ კრიტიკას ვერ გაუძლებს და, ამდენად, სავარაუდებელია, ამან საერთო ლიტერატურულ პროცესსა და ენის განვითარებაზე დადებითის ნაცვლად, პირუკუ, მკვეთრად ნეგატიური გავლენა იქონიოს.

უსისტემობა თავისთავად იწვევს თარგმანთა უმრავლესობის ენობრივ გაუმართაობასა და სტილისტურ სიღატაკეს, ამიტომაც წინაწარ ადამიანმა აღარ იცი, უნდა გიხაროდეს თუ არა იმ ავტორთა გვარ-სახელის წაკითხვა ქართული წიგნის გარეკანზე, რომელთა ნაწარმოებების მშობლიურ ადეკვატზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდი.

ამ საყოველთაო დევალვაციის ფონზე, ჩემი აზრით, რამდენიმე გამომცემლობა მაინც ახერხებს მოწოდების სიმაღლეზე დარჩეს და მკითხველს ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს. ჩემი აზრით, პროფესიული კეთილსინდისიერების სწორედ ასეთი ნიმუშია გამომცემლობა დიოგენეს სერია ,,ამერიკელები“, რომელსაც ეს გამომცემლობა საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღევანდლამდე ამერიკული მწერლობის საუკეთესო ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნასა და გამოცემას.

,,დიოგენეს“ ეს ინიციატივა იმ მხრივაც სანიმუშოა, რომ ნაწარმოებთა უმეტესობა ქართულად პირველად ითარგმნება და უკვე არსებული თარგმანების უგემოვნო რეპრინტს არ წარმოგვიდგენს.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამ სერიაშიც ყველა თარგმანი, ან თუნდაც ყველა მწერალი, თანაბარი მნიშვნელობის და სიძლიერის იყოს, მაგრამ ყველა წიგნში ჩანს ის გაიშვიათებული პასუხისმგებლობა, რაც გამომცემლობას ასეთ შემთხვევებში უნდა ახასიათებდეს.

სრულიად აშკარაა, რომ აქ მუშაობს გემოვნებიან მთარგმნელთა, რედაქტორთა და კონსულტანტთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია წარმატებაზე და ძალღონეს არ იშურებს საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

გამომცემლობა ,,დიოგენეს“ დირექტორი თამარ ლებანიძე გვეუბნება:

თამარ ლებანიძე

,,ბევრ ახალ პროექტზე ვმუშაობდით და აღმოვაჩინეთ, რომ ამერიკელი ავტორების, მათ შორის, თანამედროვე ამერიკელი ავტორების წიგნები დაგვიგროვდა და მერე უკვე დავიწყეთ მსჯელობა იმაზე, რომ აი, არსებობს ,,დიოგენეს ბიბლიოთეკა“ - სერია, რომელიც უსასრულოა და იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს ,,დიოგენე“ და არ არის ნუმერირებული იქ წიგნები. შესაბამისად, გვინდოდა გვეცადა ნუმერირებული სერია, - ასე ვთქვათ, სასრული სერია, - რომელიც ოცი წიგნისაგან შედგება (ასე ჩამოყალიბდა საბოლოოდ) და მოიცავს, ქრონოლოგიური თვალსაზრისით, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარსა და 21-ე საუკუნეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა ამერიკული ლიტერატურისთვის. შესაბამისად, ავტორების პოვნა არ გაგვჭირვებია. პრინციპი გახლავთ ის, რომ იყოს თითო ავტორი წარმოდგენილი ამ სერიაში თითო ნაწარმოებით და, რა თქმა უნდა, იყოს წარმოჩენილი მრავალფეროვნება. მთავარი ამ სერიის პრინციპი არის მრავალფეროვნება ლიტერატურისა. აქ, რა თქმა უნდა, იქნება ტექსტები, რომელიც ვიღაცას ნაკლებად მოეწონება, ტექსტები, რომელიც შეუყვარდებათ, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს იქნება სიჭრელე, რომლითაც, ზოგადად, ამერიკული კულტურა ხასიათდება და პირობითი სლოგანი ამ სერიისა გახლავთ ‘აღმოაჩინე შენი ამერიკა’“.

სერიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბიბლიოთეკაში ,,დიოგენეს“ ამ საშური ინიციატივის ეგიდით გამოცემულ წიგნებს პერიოდულად შევეხებით, დღეს კი ამ სერიის, ჩვენი აზრით, ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს, ფილიპ როთის ,,პორტნოის სინდრომს“, წარმოგიდგენთ.

მკითხველმა კარგად იცის, რომ 1933 წელს დაბადებული ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი, ფილიპ როთი, არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა ,,პორტნოის სინდრომი“ მის წიგნებს შორის ყველაზე ცნობილია.

ეს ნაწარმოები 1969 წელს გამოიცა და ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა მოჰყვა, როგორც თავის დროზე ვლადიმერ ნაბოკოვის ,,ლოლიტასა“ თუ ჰენრი მილერის ,,კირჩხიბის ტროპიკს“.

სხვათა შორის, სასიამოვნოა, რომ ქართველ მკითხველს შეუძლია ორივე ნახსენებ წიგნს მაღალმხატვრულ თარგმანში გაეცნოს თამარ ჯაფარიძისა და თამარ ლომიძის ნიჭიერების წყალობით.

ფილიპ როთის ,,პორტნოის სინდრომი” კი ქართულად ახალი თაობის მთარგმნელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ქეთი ქანთარიამ გადმოიღო. წიგნის რედაქტორია ცნობილი პროზაიკოსი ირმა ტაველიძე.

ფილიპ როთის მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. წიგნის სარეკლამო გვერდზე სავსებით სწორად არის შენიშნული, რომ ,,ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში“.
იქ ლაპარაკია ზუსტად დათრგუნვილ სექსუალობაზე, ანუ ადამიანის ისეთ განვითარებაზე, რომელსაც მუდმივად ,,სკრინავენ“ (უკაცრავად ამ სიტყვისათვის), ანუ მისთვის დახურული კარი არ არსებობს, მუდმივად ჰყავთ გამოფენილი და მისი პირადი სივრცე არის ტერორიზებული...
ქეთი ქანთარია


მთარგმნელმა ქეთი ქანთარიამ რომანის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა:

,,რითია მნიშვნელოვანი ეს წიგნი ქართველი მკითხველისთვის? რაც მე ვნახე გამოხმაურებები, ყველამ სიტყვა ,,ებრაელში“ ჩასვა ,,ქართველი“. მე ასე მომეჩვენა და, ალბათ, ამას აქვს თავისი ახსნა. აქვს, ყველამ ვიცით, რომ აქვს! იქ ლაპარაკია ზუსტად დათრგუნვილ სექსუალობაზე, ანუ ადამიანის ისეთ განვითარებაზე, რომელსაც მუდმივად ,,სკრინავენ“ (უკაცრავად ამ სიტყვისათვის), ანუ მისთვის დახურული კარი არ არსებობს, მუდმივად ჰყავთ გამოფენილი და მისი პირადი სივრცე არის ტერორიზებული“.

რადგანაც ,,პორტნოის სინდრომი“ არსებითად ერთი პერსონაჟის მონოლოგია, თანაც, ფსიქოლოგის სეანსზე, ამიტომ ტექნიკურად წიგნში რიტმის დარეგულირების საკითხი გაცილებით მწავედ დგება მთარგმნელის წინაშე, ვიდრე სხვა ნებისმიერი ნაწარმოებისას, სადაც, საერთოდ, რიტმს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ქეთი ქანთარიას სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მთელი ტექსტი ლაღად, ძალდაუტანებლად იკითხება და მთარგმნელს არ უჭირს ქართველი მკითხველი აიყოლიოს წიგნის ლაბირინთებში სახეტიალოდ და ამ ხეტიალით, საბოლოოდ, კი არ გადაღალოს, პირიქით, წარმოუდგენელი სიამოვნება მიანიჭოს.

ეს ცოცხალი სამეტყველო ენაა, ოღონდ არა საგანგებოდ გამარტივებული და პრიმიტიული, არამედ უამრავი ფსიქოლოგიური ნიუანსით გამდიდრებული და იუვილერის სიზუსტით დამუშავებული.

თხრობისას ერთმანეთს ენაცვლება სარკაზმი, ირონია, თვითირონია, აქა-იქ სანტიმენტალური ნოტები გაიჟღერებს, ალაგ-ალაგ ტრაგიკული ინტონაციები გაკრთება და მთელი ეს ნახევარტონები ქართულად ოსტატურად არის გაორკესტრებული.

არადა, იყო საფრთხე, რომ ამდენი და ერთმანეთისაგან ასე დიამეტრულად განსხვავებული ტონალობებიდან ქართულად ჩვეულებრივი დომხალი მიგვეღო. მაგრამ მთარგმნელის - ქეთი ქანთარიას - ოსტატობაც სწორედ ამაში ჩანს, რომ იგი აღნიშნულ საფრთხეს, სწორედაც რომ, დიდი წარმატებით გაუმკლავდა.

ემოციური ტონალობების გარდა, ნაწარმოებში მნიშვნელოვანია ენის, ენობრივი ლექსიკისა და აქსესუარის გრადაცია, რომელიც პერსონაჟის ცხოვრების ეტაპების შესაბამისად იცვლება. ფილიპ როთი განსხვავებული ენობრივი მასალით აღადგენს საკუთარ ბავშვობას, სიყმაწვილეს, ჭაბუკობისა და მოწიფულობის ასაკს: ერთგან გულუბრყვილო, თითქმის ბავშვური ტიტინი მოგხვდებათ ყურსა და თვალში, მეორეგან - ჟარგონი და არგო, მერე და მერე - სერიოზული, ალაგ-ალაგ დარბაისლური მეტყველება. და მთელი ამ გრადაციისას ზომიერების შენარჩუნებაშიც ქეთი ქანთარიას მთარგმნელობითი ნამუშევარი მართლაც სამაგალითოა.

სწორედ ამ სილაღის, ენობრივი დაუძაბაობის წყალობით, რომანი, რომელიც, საბოლოოდ, საკმაოდ მძიმე და ტრაგიკულ ამბებს მოგვითხრობს, ქართულად - ისევე როგორც ინგლისურად - მოუბეზრებლად იკითხება და მკითხველს, რომელიც ფილიპ როთის წიგნს ხელში პირველად აიღებს, წინ დიდი სიამოვნება ელოდება.