აშშ აძლიერებს სამხედრო წარმომადგენლობას ევროპაში

შეერთებული შტატები აპირებს თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას ევროპაში - მეტი ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის გაგზავნით. ამის შესახებ 3 ივნისს, ვარშავაში ვიზიტისას გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მის გამოსვლაში საუბარი შეეხო საქართველოსაც.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვარშავაში ვიზიტისას „წმიდათაწმიდა“ უწოდა პოლონეთისა და სხვა აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოებისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერას.

„ჩვენი ერთგულება პოლონეთის - ისევე როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი მოკავშირეების -უსაფრთხოების მიმართ არის ჩვენივე უსაფრთხოების ქვაკუთხედი და არის წმიდათაწმიდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ვარშავაში, სადაც დაიწყო ოთხდღიანი ევროპული ტურნე. პოლონეთში უსაფრთხოებაზე საუბრის კონტექსტს ქმნის შეშფოთება მეზობელ უკრაინაში რუსეთის მოქმედების გამო.

ბარაკ ობამამ ვარშავაში, მასპინძელ პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ასე განმარტა პოლონეთში ვიზიტის მთავარი მიზანი:

„აქ ჩამოვედი, უწინარეს ყოვლისა, პოლონეთის უსაფრთხოების მიმართ შეერთებული შტატების ურყევი ერთგულების დასადასტურებლად. როგორც ნატოელ მოკავშირეებს, მეხუთე მუხლი გვაქვს კოლექტიური თავდაცვისათვის. როგორც პრეზიდენტი, უზრუნველვყოფ, რომ შეერთებული შტატები იცავდეს ამ ვალდებულებას“.

იქვე ობამამ გააკეთა განცხადება ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს შეერთებული შტატების მიერ მილიარდი დოლარის გამოყოფას ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის დასაფინანსებლად:
ჩვენ გავააქტიურებთ პარტნიორობას ჩვენს მეგობრებთან, როგორიც არის უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო, რომლებიც საკუთარი თავდაცვის ზომებს ახორციელებენ...
ბარაკ ობამა


„დღეს ვაკეთებ განცხადებას ახალ ინიციატივაზე აქ, ევროპაში, ჩვენი ნატოელი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამ ძალისხმევით და კონგრესის მხარდაჭერით, შეერთებული შტატები მეტ აღჭურვილობას გამოყოფს ევროპისთვის. ჩვენ გავაფართოებთ წვრთნებს და ვარჯიშებს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად“.

ობამამ ამ კონტექსტში აშშ-ის კონგრესს მოუწოდა ევროპაში თავდაცვის გასაძლიერებლად მილიარდი დოლარის გამოყოფის მხარდაჭერისაკენ და განაცხადა ასევე, რომ შეერთებული შტატები გაააქტიურებს პარტნიორობას ნატოს არაწევრ ქვეყნებთანაც - ობამას თქმით, მეგობრებთან, რომელთა შორისაც მან საქართველოც მოიხსენია.

„ჩვენ გავზრდით ამერიკელი სამხედროების რიცხვს, არმიისა და საჰაერო ძალების შენაერთებს, რომელთა რეგულარული როტაცია მოხდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირე ქვეყნებში. და ჩვენ გავააქტიურებთ პარტნიორობას ჩვენს მეგობრებთან, როგორიც არის უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო, რომლებიც საკუთარი თავდაცვის ზომებს ახორციელებენ“, - განაცხადა ობამამ ვარშავაში.
უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია რუსეთთან კარგი ურთიერთობით, მაგრამ თქვა ისიც, - და სწორად მოიქცა, როცა ამას ამბობდა...
ბარაკ ობამა


თავდაცვასა და სამხედრო ხარჯების გაზრდაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მოსკოვთან და არ არის დაინტერესებული რუსეთის მიმართ მუქარით. მაგრამ ვაშინგტონი, ამავე დროს, მზად არის გაზარდოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის გააგრძელებს მეზობლად დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს.

ობამამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მოუწოდა შეხვდეს უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს -პეტრო პოროშენკოს.

„უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია რუსეთთან კარგი ურთიერთობით, მაგრამ თქვა ისიც, - და სწორად მოიქცა, როცა ამას ამბობდა, - რომ ამ ძალისხმევას არ უნდა ემსხვერპლოს უკრაინის სუვერენობა და ამაში მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

4 ივნისს ბარაკ ობამა თავად ხვდება პეტრო პოროშენკოს. ის, ისევე როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ლიდერები, ვარშავაში იქნება 4 ივნისს, პოლონეთში პირველი პოსტკომუნისტური არჩევნების ჩატარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით.

ოთხდღიანი ევროპული ტურნეს ფარგლებში, ობამა, პოლონეთის გარდა, ესტუმრება ბელგიასა და საფრანგეთს.