ნატო ფიქრობს, რომ საქართველოს იარაღზე მეტად რეფორმები დაიცავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, რომელიც უელსის სამიტის წინ ამ ფორმატის ბოლო შეხვედრაა, როგორც ჩანს, ორი მთავარი ამოცანით ჩამოდის.

როგორც ამას წინათ განაცხადა, საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელს სურს დააყენოს საკითხი, მოსინჯოს ნიადაგი საქართველოსათვის თავდაცვითი საშუალებების მიწოდების თაობაზე. გარდა ამისა, ალასანია კიდევ ერთხელ შეეცდება დაარწმუნოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო რეფორმების შედეგიანობასა და შეუქცევადობაში. ეს ბოლო ამოცანა თითქმის შესრულებულია - საქართველოს წარმატებულ პოლიტიკურ რეფორმებზე სულ უფრო მეტი ქების სიტყვა ისმის ბრიუსელში. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველომ არსებით წარმატებას მიაღწია, რაც ადასტურებს მის მზადყოფნას, განახორციელოს მისი ხედვები და გახდეს კავშირის სრულფასოვანი წევრი,- აღნიშნა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე აშშ-ის ელჩმა ნატოში დუგლას ლუტმა, რომელიც ალიანსის პირველი მაღალჩინოსანი იყო, ვინც ნატოს მინისტერიალამდე ჟურნალისტებს ღიად ესაუბრა:

„პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველომ ამ პროგრესს მიაღწია როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების პროცესში და შიდა პოლიტიკის რეფორმის კუთხით. და ნატოს შტაბბინაში ყველაზე მეტად ალბათ იმაზე ლაპარაკობენ, რომ საქართველო არის ნატოს არაწევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ალიანსის ოპერაციებში. ამგვარად, საქართველომ ბევრი მიმართულებით აჩვენა ის, რასაც ნატო იმ ქვენისაგან მოელის, რომელსაც ალიანსის წევრობა სურს“.
ეს საკითხი აქ ამ კვირაში ვერ გადაწყდება, რადგან ეს არ არის ამ სხდომის დღის წესრიგის თემა. მაგრამ, როგორც ჩანს, საკითხის განხილვა მოხდება სამი კვირის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე...
დუგლას ლუტი


მაგრამ ელჩი დუგლას ლუტი არ მალავს, რომ ეს სიტყვები საჭიროებს საქმედ ქცევას, ყოველწლიური სამოქმედო გეგმა კი - რეალური ბერკეტით ჩანაცვლებას, რაც საქართველომ ვერ მიიღო 6 წლის წინ ნატოს ბუქარესტის სამიტზე. ესაა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომლის საქართველოსათვის მინიჭებას ალიანსის უელსის სამიტის წინ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამაც დაუჭირა მხარი. ამ მხრივ პროცესის შემდგომი განვითარება ელჩ დუგლას ლუტს ასე წარმოუდგენია:

„ეს საკითხი აქ ამ კვირაში ვერ გადაწყდება, რადგან ეს არ არის ამ სხდომის დღის წესრიგის თემა. მაგრამ, როგორც ჩანს, საკითხის განხილვა მოხდება სამი კვირის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც დაეფუძნება ყველა ასპირანტი ქვეყნის (რომელთა შორის საქართველო ერთ-ერთია) მიერ ნაჩვენები პროგრესის ძალიან ფხიზელ და მიუკერძოებელ შეფასებას და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას - თუ საგარეო საქმეთა მინისტრები არა - მოგვიანებით ნატოს სამიტი მიიღებს. ასე რომ, ეს არის კარგად დაგეგმილი პროცესი, რომლითაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება“.

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მეორე ამოცანას, რომლის შესრულებაც ირაკლი ალასანიამ ცოტა ხნის წინ დაისახა მიზნად, როგორც გაირკვა, ნატოს შტაბბინაში წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა სახის თავდაცვითი შეიარაღების მიღება სურს საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელს და რომელი ქვეყნისაგან. ნატო შეიარაღებას არ გადასცემს რომელიმე ცალკეულ ქვეყანას. სამხედრო შეიარაღების დარგში თანამშრომლობა ნატოს წევრ ქვეყანასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და ღიად ხდება. ირაკლი ალასანიას, საქართველო-ნატოს კომისიის ფარგლებში, 3-4 ივნისს ექნება კოლეგებთან რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, სადაც შესაძლებელი იქნება ისეთი თემების განხილვა, რომლებიც დღის წესრიგში შეტანილი არ არის. „სხვა საკითხია, დათანხმდება თუ არა რომელიმე ნატოს წევრი ქვეყანა სერიოზული თავდაცვითი იარაღის მიცემას და სჭირდება თუ არა საქართველოს ის წარმატებულ რეფორმებსა და სწორ დიპლომატიურ სვლებზე უფრო მეტად“, - განუცხადა მინისტერიალის დაწყებამდე ნატოს ერთ-ერთმა მოხელემ რადიო თავისუფლებას, ანონიმურობის დაცვით.