გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით, ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგში არ შედის საქართველოსათვის MAP-ის, ანუ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი. ეს განცხადება მერკელმა გააკეთა ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს „მოტივირებული, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი“ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ვალდებულებებს. ღარიბაშვილმა მადლობა გადაიხადა მხარდაჭერისათვის, რომელიც კანცლერმა აღუთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების საქმეში. "ასევე მივიღეთ მხარდაჭერა, რომ გაღრმავდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია დანარჩენი ევროპული ქვეყნებისათვის, რომ საქართველოში ბიზნეს-გარემო დღითიდღე უმჯობესდება", განაცხადა ღარიბაშვილმა.