უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 31 მაისი

გასულ კვირაში უცხოეთის პრესაში საქართველოზე ერთი-ორი სტატია გამოქვეყნდა.

წერილი, რომელიც სიახლეს შეიცავდა და უშუალოდ ეხებოდა საქართველოს, დაბეჭდა გერმანიაში გამომავალმა გაზეთმა „ველტმა“. „ველტის“ თანახმად, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულე ევროკავშირის გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპის გარდაქმნის ძლიერ ინსტრუმენტად მიიჩნევს: „თუ მართლაც გვსურს გარდავქმნათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაშინ უნდა გამოვიყენოთ გარდაქმნის უძლიერესი ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს: გაფართოება“, უთქვამს გაზეთისთვის შტეფან ფიულეს. „ველტის“ თანახმად, ევროკომისარს გამოუთქვამს აზრი, რომ „სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიერ ევრაზიის “ეკონომიკური კავშირის“ შექმნის შემდეგ, შორეულ პერსპექტივაში, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები უკრაინა და ასევე მოლდავეთი და საქართველო უნდა გახდნენ. ევროპული პერსპექტივა, მიუხედავად ამასთან დაკავშირებული პირობებისა, საუკეთესო სტიმულია აღმოსავლეთ ევროპაში რეფორმებისთვის“, ამბობს ფიულე და განაგრძობს: „რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის წევრებმა განაცხადეს, რომ ასოცირების ხელშეკრულება უკრაინასთან არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი. ვფიქრობ, ეს პოზიცია ძალაში უნდა იყოს იმ აღმოსავლელი მეზობლების მიმართაც, როგორებიც არიან საქართველო და მოლდავეთი, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ“. „ველტის“ ამ სტატიის ბოლოს ავტორი გვაცნობს ექსპერტების აზრს, რომლის თანახმადაც, რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას არა აქვს ეკონომიკური მნიშვნელობა. პუტინს სურს რუსების ზეგავლენა გააძლიეროს პოსტსაბჭოთა სივრცეზეო, იტყობინება გაზეთი.

უცხოეთის პრესა გამოეხმაურა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპროტესტო გამოსვლას. „ნიუ იორკ ტაიმსი“ სტატიაში, სათაურით „საქართველოს მოუსვენარ რეგიონში პრეზიდენტის შენობას შეუტიეს“, გაზეთის კორესპონდენტი მოსკოვიდან ამცნობს მკითხველს, რომ ასეულობით დემონსტრანტმა შეუტია პრეზიდენტის შენობას და მოითხოვდა მის გადადგომას. „ნიუ იორკ ტაიმსი“ მკითხველს ატყობინებს, რომ არეულობა არ მომდინარეობდა რუსეთის მმართველობით უკმაყოფილებიდან. აფხაზეთი, წერს გაზეთი, ძლიერ არის დამოკიდებული რუსეთის დახმარებაზე ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში და თვით პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, ასევე მისი მთავარი კრიტიკოსები კრემლთან ახლო ურთიერთობას ემხრობიან. მეტიც, ეს არის შიდა უთანხმოება, და მოელიან, რომ მხარეთა მოსარიგებლად რუსეთი გასწევს შუამავლობას. გაზეთი ცდილობს ამ უთანხმოების მიზეზები ახსნას და ცოტა ქვემოთ წერს, რომ რუსეთის მხრიდან ისეთი რეგიონების, როგორიც აფხაზეთია, პოლიტიკის, ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერამ შიში გაუჩინა კიევში უკრაინის მთავრობას: ხომ არ ცდილობს კრემლი შექმნას მსგავსი რუხი ზონა აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც გასულ კვირებში სეპარატისტულმა ძალადობამ მოიცვა. „ფაინენშენელ ტაიმსიც“ შეეხო სოხუმში გამოსვლას და სტატია მიუძღვნა დაპირისპირებას სეპარატისტული რესპუბლიკის დედაქალაქში. უშუალოდ პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარის აღწერის შემდეგ გაზეთი მკითხველს აცნობს თვითგამოცხადების ისტორიას და ამცნობს მკითხველს ერთი ექსპერტის ვარაუდს, რომ აფხაზი პოლიტიკოსები შეიძლება უყურებენ ყირიმს და იმას, თუ როგორ ეხმარება ნახევარკუნძულს რუსეთი ფინანსურად და ფიქრობენ, რატომ ყირიმი და არა ჩვენო. კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ცენტრის თანამშრომელი ტომას დე ვაალი ეუბნება ამავე გაზეთს, არეულობის ფესვები ლოკალური ხასიათისაა, ის დაახლოებით ერთი წელია, რაც მზადდებოდა, მაგრამ შეიძლება ოპოზიცია „მაიდნის ეფექტმა“ წააქეზა და მას ისეთი განცდა შეუქმნა, რომ ანქვაბს არ ჰქონდა მოსკოვიდან ისეთი მხარდაჭერა, როგორიც სჭირდებოდაო. გაზეთში იმ აზრთა სხვადასხვაობაზეცაა საუბარი, რომელსაც იწვევს სეპარატისტულ რესპუბლიკაში რუსეთთან აფხაზეთის რეგიონის შეერთება-არშეერთების საკითხი. „ფაინენშელ ტაიმსს“ მოჰყავს ლევადას ცენტრის გამოკითხვის შედეგი: რეგიონის ყველა ეთნიკური ჯგუფი, სომხური უმცირესობის გარდა, რუსეთთან შეერთებასთან შედარებით, უპირატესობას დამოუკიდებლობას ანიჭებს.
საქართველოს სხვა მძიმე თემას, საყდრისის ოქროს საბადოს და ამ სფეროში აზრთა სხვადასხვაობას შეეხება „ბი-ბი-სის“ სტატია, რომელიც ასეა დასათაურებული: „ოქროს საბადოს დილემა საქართველოში“. „რა უფრო ფასეულია, უნიკალური ისტორიული ობიექტი თუ ოქრო, რომელიც იქ არის?“ - ამ რიტორიკული შეკითხვით იწყებს წერილს ავტორი, რომელიც იქვე განმარტავს, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისთვის იბრძვიან ქართველები მას მერე, რაც მათმა მთავრობამ ნებართვა გასცა სამრეწველო ხასიათის მოპოვება დაეწყოთ იმ არეალში, რომელსაც მეცნიერები მსოფლიოში უძველეს ოქროს საბადოდ მიიჩნევენ. „ბი-ბი-სიმ“ იცის, რომ საყდრისის საბადოზე და მის გარშემო უკვე ათი წელიწადი მომუშავე გერმანელი მეცნიერი, პროფესორი ტომას შტიოლნერი, ადასტურებს, რომ ეს უძველესი ოქროს საბადოა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ მტკიცებას არ იღებს. მოყვანილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი, არ დასტურდება, რომ ეს უძველესი საბადოაო. იქვეა მოყვანილი არგუმენტები, რომლებიც უკავშირდება ამ ობიექტის სამრეწველო და ეკონომიკურ მნიშვნელობას. წერილში საუბარია საპროტესტო მოძრაობაზე და საყდრისის არეალში ბანაკზე, რომლის ბინადარნი ცდილობენ არ დაუშვან უძველესი საბადოს განადგურება. სტატიის ბოლოს წერია: „შეიძლება მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ბანაკის ბინადარნი აპირებენ იქ დარჩნენ. მათ იმედი აქვთ, რომ დამოუკიდებელი კომისია იქნება მიწვეული და დაადგენს, რა უფრო ფასეულია, ანტიკური საბადო თუ ოქრო, რომელიც მის ქვეშ არის“.