ვისაც უცდია, ალბათ, დამეთანხმება: მუსიკის სიტყვებით აღწერა იოლი ამოცანა არ არის. რასაკვირველია, მუსიკაზე მაინც ვწერთ და ვლაპარაკობთ. ზოგი ამას მშვენივრად ართმევს თავს, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა წავიკითხე გამოხმაურებები ქართველი პიანისტის, ფრანკფურტის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის დოცენტის, ეკატერინე გორდელაძის კონცერტებსა და თუ ჩანაწერებზე. გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში" გორდელაძეს „ხელგაშლილობას“ უქებენ: სწრაფი პასაჟების დროს მის თითებს მარგალიტივით ბგერები სწყდებაო, ვკითხულობთ გერმანიის ამ ერთ-ერთ წამყვან გამოცემაში, რომელშიც ქართველ პიანისტს შექსპირის კომედიის პერსონაჟს, პაკს ადარებენ: კლავიატურაზე კისრისტეხით დაქრის, როგორც პაკი „ზაფხულის ღამის სიზმარშიო“. გერმანელი ჟურნალისტის ამ რეცენზიაში, ისევე როგორც ბევრ სხვა სტატიაში, გორდელაძის ვირტუოზულ ტექნიკასა და დახვეწილ ბგერასთან ერთად, ყველაზე ხშირად მის ინდივიდუალურ სტილს, განსხვავებულ ხელწერას აქებენ. ამიტომ მეც ინდივიდუალურ სტილზე დავუსვი პირველი შეკითხვა ამ ორიოდე დღის წინ, ტელეფონით საუბრისას. ეკატერინე გორდელაძეს მისი ახალი სოლო ალბომის - „ამერიკული რაფსოდიის“ - გამოსვლასთან დაკავშირებით დავურეკე.
Your browser doesn’t support HTML5