ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 30 მაისი

„აფხაზეთში ორხელისუფლებიანობა „ოფიციალურად“ დამყარდა“ -სტატიაში, რომელიც გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რუსეთთან ყირიმის შეერთების შემდეგ ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთისთვის აფხაზეთი ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის, საკურორტო და სამხედრო თვალსაზრისითო. შესაბამისად, აქედან მოდის ოპოზიციის ინტერესი რუსეთთან მეტი ინტეგრაციის საშუალებით მოიპოვოს მასზე ეკონომიკური დამოკიდებულება. „თუ რუსეთმა ინტერესი დაკარგა, დიდი შანსია, რომ აფხაზეთი რუსეთსა და საქართველოს შორის ხურდად იქცეს. ამის შიშიც არის. აფხაზები ფიქრობენ, რომ სანამ რუსეთი მათთვის მოიცლის და უარეს ვარიანტს შესთავაზებს, ანექსიას მოახდენს, მოვლენებს დაასწრონ და ევრაზიულ კავშირში ცალკე სუბიექტად ასოცირება მოახდინონ“, -ამბობს კორნელი კაკაჩია, რომელიც ეჭვობს, რომ რუსეთი ამაზე დათანხმდეს, რადგან კრემლს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაზე ჯერ ხელი ბოლომდე არ ჩაუქნევია და იმედი აქვს, რომ საქართველოსაც ჩაითრევს ევრაზიულ კავშირში. „აქედან გამომდინარე, ის ამ ეტაპზე აფხაზეთს არ მიიერთებსო“, - უთხრა კორნელი კაკაჩიამ გაზეთ „რეზონანსს.“

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კი, ელენე ხოშტარია, გაზეთ „ვერსიასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთი რეგიონში კონფლიქტის კერებს „აგროვებს“, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში აამოქმედებს. ეს საჭიროება კი არა 27 ივნისს, ანუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშერულების ხელმოწერის თარიღს, არამედ ნატოს უელსის სამიტს უფრო უკავშირდება. „ ჩვენთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა კრიტიკულად არაფერს ცვლის. უკრაინაში კი ქვეყნის განვითარების მთელს ვექტორს ცვლიდა. შესაბამისად, ვფიქრობ, რუსეთის მთავარი სამიზნე 27 ივნისი ვერ იქნება. ეს მხოლოდ გამწვავების ფაზის დასაწყისი შეიძლება იყოს. ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მთელს რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში. მოვლენების გამწვავებას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ უფრო უნდა ველოდეთ“, -ამბობს ელენე ხოშტარია, რომელიც გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას დასძენს, რომ „ასოცირების ხელმოწერის გადაგორებით საფრთხეები არ მთავრდება, პირიქით, იწყება ახალი პროცესი ნატოს სამიტის წინ!“

გაზეთი „ალია“ კი ცდილობს გაარკვიოს, რა კავშირი აქვთ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს დე ფაქტო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში ვლადიმირ სურკოვსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს. გაზეთის თანახმად, სურკოვი ვასაძის გამოყენებით იქმნის იმიჯს, რომ მას საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. კითხვაზე კი, რატომ განიხილავს სურკოვი თავის მოკავშირედ ლევან ვასაძეს, „ალია“ პასუხობს: „სანდო წყაროს ინფორმაციით, სურკოვისა და ლევან ვასაძის ინტერესები გადაიკვეთა. ორივე ფინანსურად გაკოტრებულია. ვასაძეს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეჰქმნია, სურკოვის მეშვეობით ახლა ის ცდილობს ქულები დაიწეროს რუსეთის ხელისუფლებასთან და მიიღოს გარკვეული ბიზნესდივიდენდები. ამ მხრივ ლევან ვასაძე სურკოვის პირად ორჯონიკიძედ გვევლინება“,-წაიკითხავთ გაზეთ „ალიაში.“

„მერწმუნეთ, მარგველაშვილი ძალიან გაგვაკვირვებს“ - ამ სათაურით სააგენტო „ჯი ეიჩ ენის“ მიერ ჩაწერილ ინტერვიუს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძესთან გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს. იგი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული უთანხმოების კომენტირებისას ამბობს, გასახარიც კია, თუ კაბინეტური, ხალხის ზურგს უკან წარმოებული პოლიტიკის ნაცვლად, ღიად მიდის მსჯელობა მნიშვნელოვან საკითხებზეო.