თბილისის წიგნის ფესტივალი - ოთხი დღე წიგნების სამყაროში

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოთხდღიანი ზეიმი დაიწყო. 29 მაისიდან, 1 ივნისის ჩათვლით, ყველა, ვისაც ლიტერატურა უყვარს, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცისკენ, კონკრეტულად კი, მე-11 პავილიონისაკენ მიიჩქარის - სწორედ იქ არის გამოფენილი ათობით გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი უამრავი წიგნი. ამ დღეს წიგნის მოყვარულები მართლაც მთელი წლის განმავლობაში ელიან ხოლმე. თუმცა წლევანდელი, რიგით მე-16, წიგნის ფესტივალი გამორჩეულად სავსეა სიახლეებითა და სიურპრიზებით.

ეს წიგნის ფესტივალის ხმებია - ზუზუნი, წიგნების შრიალი, დახლებთან ხურდის ჩხრიალი, წიგნის პრეზენტაციებზე გამომსვლელთა ხმა, მკითხველთა რეპლიკები, ნაცნობ-მეგობრების შეხვედრები და ნაყიდი წიგნების შესახებ გაცვლილი შთაბეჭდილებების... წიგნის ფესტივალი დაიწყო!

ბლოგერმა მოლი ბლუმმა თავის წინასაფესტივალო ბლოგს სათაურად დაარქვა „ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს“, მე კი დასაწყისში იმას ვიტყვი, რომ არც ამ ბლოგის გამოტოვება შეიძლება, რადგან მასში ამ წლის თითქმის ყველა სიახლის შესახებ წაიკითხავთ, რაც კი წიგნებს უკავშირდება. მოლი ბლუმის რჩევით, ცალკე სიაც შეიძლება გაკეთდეს, რასაც თქვენი პერსონალური საყიდელი წიგნების სიაც მიემატება და „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცისაკენ, კერძოდ კი, მე-11 პავილიონისაკენ უნდა გასწიოთ. უნდა - იმიტომ რომ 29 მაისიდან 1 ივნისამდე იქ კარგი ამბები ხდება, იქ ბევრი წიგნი და წიგნის მოყვარული ბევრი ადამიანი ხვდება ერთმანეთს. ეს კი უკვე მოვლენაა.

მე-11 პავილიონთან კი ხალხის ნაკადი არ წყდება. პირველ დღეს სულ ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი სამუშაო დღეებსაც ემთხვევა, წიგნის მოყვარულები მაინც ახერხებენ ხოლმე სამსახურებიდან დროებით გამოვარდნას და ფესტივალზე შერბენას. ცოტა ხანში კი სხვადასხვა გამომცემლობების წიგნებით სავსე ფერადი ჩანთებით უკან ბრუნდებიან. არიგებენ ფასდაკლების ფლაერებს, ბუკლეტებს, ახალი წიგნების კატალოგებს. ერთი პრეზენტაცია რომ მთავრდება, მეორე კუთხეში სხვა იწყება. ქართველი გამომცემლების გარდა, ფესტივალს სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი, ირანელი გამომცემლებიც სტუმრობენ. ცალკე კუთხე აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულებების გამომცემლობებს, უცხოენოვანი წიგნები ცალკე იყიდება, მაღალპოლიგრაფიული ძვირფასი ალბომები - ცალკე. ზოგან მსოფლიო ბესტსელერები მოგწყვეტს თვალს, ზოგან საბავშვო ლიტერატურის სერიები - ყველაფერი ერთად! სწორედ ესაა წიგნის ფესტივალის მთავარი ცდუნება - გინდა ბევრი ფული, რომ ყველა ახალი გამოცემა მოიპოვო.
ნელ-ნელა ემსგავსება დასავლურ ფესტივალებს, თან, გარდა იმისა, რომ კარგ წიგნს იყიდი, ან სულაც იმ წიგნს, რომლის ყიდვაც ძალიან გსურდა და ფასდაკლებას ელოდი, შეიძლება დიდი ხნის უნახავ ადამიანებს შეხვდე...
თამთა მელაშვილი



წიგნის ფესტივალს თავისი პატარ-პატარა ნაკლოვანებები ჯერ კიდევ აქვს. პავილიონში ძალიან ცხელა და უჰაერობაა, ბევრი ხალხიც ირევა, რიგიც ძალიან ქართულია და არეულ-დარეული, აკუსტიკა ცუდია და წიგნის პრეზენტაციების დროს ხმა კარგად არ ისმის, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება დროებით ერთი მარტივი მიზეზით მაინც დაივიწყო - და ეს მიზეზი ისევ წიგნია. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე კი წიგნებისა და გამომცემლობების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. წელს ეს ზეიმი ლიტერატურის მოყვარულთათვის უკვე მე-16-დ იმართება და როცა სულ პირველ, 1997-98 წლებში ჩატარებულ, ფესტივალებს ვიხსენებ, მართლა ძნელია მასშტაბების შედარება.

მწერალი თამთა მელაშვილი ფიქრობს, რომ ნელ-ნელა ეს მოვლენა დასავლურ წიგნის ფესტივალებს ემსგავსება. ლიტერატურული კითხვის საათები, ავტორების მიერ წიგნების ხელმოწერის ტრადიციის დანერგვა თუ სხვა ის ნიშნებია, რასაც ფრანკფურტის, ლაიფციგის თუ სხვა წიგნის ბაზრობებზე შეხვდებით:

„ნელ-ნელა ემსგავსება დასავლურ ფესტივალებს, თან, გარდა იმისა, რომ კარგ წიგნს იყიდი, ან სულაც იმ წიგნს, რომლის ყიდვაც ძალიან გსურდა და ფასდაკლებას ელოდი, შეიძლება დიდი ხნის უნახავ ადამიანებს შეხვდე. მაგალითად, წელს ნინო ხარატიშვილი ვნახე, რომელიც ერთი წელია არ მინახავს და მისი წიგნიც შევიძინე. სხვადასხვაგვარი ღონისძიებები უფრო ცოცხალს ხდის ამ ფესტივალს“.

წელს სიახლეც ძალიან ბევრია და ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სიაც გრძელია. ფასდაკლებებიც მიმზიდველად გამოიყურება. მოკლედ, უფულობა ამ დღეებში წიგნის მოყვარული ადამიანისთვის ნამდვილი ტრაგედიაა. გამომცემლობა „დიოგენესთან“ იმხელა რიგი დგას, რამდენიმე წუთი გვჭირდება, რომ „დიოგენეს“ დირექტორთან, თამარ ლებანიძესთან მივაღწიოთ, რომელიც თავის თანამშრომლებთან ერთად დახლთან დგას. „დიოგენეს“ ბევრი ახალი წიგნით შეუძლია თავის მოწონება - მარტო უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ რად ღირს, რომელიც ხათუნა ცხადაძემ თარგმნა. კიდევ ცნობილი „ამერიკელების“ სერია, „დიოგენეს ბიბლიოთეკას“ შემატებული ახალი ტომები, ბავშვებისთვის „ვინი ფუჰი“... თუმცა თამარ ლებანიძე განსაკუთრებულად მაინც ერთ წიგნს გამოყოფს:

თამარ ლებანიძე

„ეს არის ბოლო აკორდი ზაფხულის შესვენების წინ, გამომცემლებისთვოს წლის ერთგვარი შეჯამების შესაძლებლობა. ამ დღეებში შეგვიძლია ვნახოთ რას აკეთებენ ჩვენი კოლეგები, რა ტენდენციებია ზოგადად. თუმცა მე მაინც ვისურვებდი, რომ აქ იყოს მეტი დღესასწაული და ნაკლები აღებ-მიცემობა და, უფრო მეტიც, ყველა დღე - 365 დღე წელიწადში - იყოს დღესასწაული, გადანაწილებული ჩვენს წიგნის მაღაზიებში, წიგნის პრეზენტაციებზე. რაც შეეხება ჩვენს წიგნებს, ბევრი კარგი ახალი წიგნი გვაქვს, მაგრამ ფესტივალზე წარმოდგენილი შვიდი ახალი წიგნიდან მე მაინც განსაკუთრებულად გამოვყოფდი წიგნს „აუტისტი ბავშვი“ - ეს არამხატვრული ლიტერატურაა, ძალიან საჭირო და საყურადღებო წიგნი, ფრანგი ავტორების მიერ დაწერილი ერთგვარი სახელმძღვანელო“.

ხალხმრავლობაა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სტენდთანაც. აქაც ბევრი სიახლეა. ფესტივალის დღეებში გაიმართა სწორედ თამარ სუბელიანის ნათარგმნი ჰარუკის მურაკამის წიგნის „კაფკა პლაჟზე“ პრეზენტაცია. აკა მორჩილაძის ორი ახალი რომანიც სტენდზე დევს. 15 ქართული საუკეთესო მოთხრობის გამოვლენაც სულაკაურის გამომცემლობის ღონისძიებებს შორისაა. წელს პირველ სამ ადგილზე გავიდნენ ლაშა ბუღაძე, თეა თოფურია და თამთა მელაშვილი.

კიდევ ერთი განსაკუთრებული ამბავი გერმანიში მოღვაწე მწერლისა და დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის წიგნის, „ჟუჟას“, ქართული თარგმანის პრეზენტაციაა. „ჟუჟას“ გერმანიაში კარგად იცნობენ. წიგნი ბუდენბროკჰაუსის ლიტერატურული პრემიით აღინიშნა და 2010 წელს გერმანულენოვანი წიგნების საუკეთესო ოცეულშიც შევიდა. ქართულად წიგნი მთარგმნელთა ჯგუფმა თარგმნა (მანანა თანდაშვილმა, ეკატერინე რაისნერმა, ნატალია ნადირაშვილმა) და გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა. გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით კი, ნინო პრეზენტაციას თავადაც დაესწრო:. აი,რა უთხრა მან რადიო თავისუფლებას:

მართლა დღესასწაულია ეს დღე, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და რომლის ორგანიზებაც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ავალია. ეს არის მკითხველის, გამომცემლებისა და ავტორების შეხვედრის ადგილი. წელს ამ მხრივ მართლა ბევრი სიახლეა...
ზვიად კვარაცხელია

„ჟუჟას“ თავგადასავალი ასეთია - გადავაწყდი ასეთ ისტორიას: 1950-იან წლებში პარიზში ცხოვრობდა ერთი გოგო, დანიელ სარერა, რომელიც წერდა და რომელმაც 17 წლის ასაკში თავი მოიკლა, მატარებელს შეუვარდა. მერე მისი დღიურები, ათი წლის დაგვიანებით, მოხვდა ერთ-ერთი მემარცხენე იდეების მქონე გამომცემლობაში. ისინი წიგნად გამოსცეს, რამაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაგრამ ეს თვითმკვლელობა ამ წიგნის გამოსვლის მერე 14-მა ქალმა გაიმეორა. ამ ამბით დავინტერესდი და ამბების შეგროვებაც დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ ნამდვილად მომხდარი ფაქტი იყო, მაგრამ ბევრი რამ იყო ისეთი, რასაც ვერაფრით გადაამოწმებდი. მოკლედ, ვერ დავიჯერე, რომ მე-20 საუკუნეში ასეთი რამის მოხდენა შესაძლებელი იქნებოდა. ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ბევრი მასალა მქონდა და წიგნიც დაიწერა“...

გამომცემლობა „ინტელექტს“ წელს ბევრი სხვა გამოცემითაც შეუძლია მკითხველის მიზიდვა. მარტო თეა გვასალიას ნათარგმნი მარკესის ოთხი წიგნი ("ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი"; "გენერალი თავის ლაბირინთში"; "პოლკოვნიკს არავინ სწერს"; "საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი, ანუ ათი დღე ზვიგენების პირისპირ") რად ღირს, ან პოეზიის ასი ლექსისი ანთოლოგია. „ინტელექტის“ სახელით ზვიად კვარაცხელია წიგნის ფესტივალის შესახებ თავის აზრს გვიზიარებს:

ზვიად კვარაცხელია

„მართლა დღესასწაულია ეს დღე, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და რომლის ორგანიზებაც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ავალია. ეს არის მკითხველის, გამომცემლებისა და ავტორების შეხვედრის ადგილი. წელს ამ მხრივ მართლა ბევრი სიახლეა. არაერთი უცხოელი სტუმარი ეწვია ფესტივალს. „ინტელექტსაც“ ბევრი სიურპრიზი აქვს თავისი მკითხველისათვის. „ჟუჟას“ გარდა, მარკესის ოთხი წიგნი წარმოვადგინეთ, ასევე პოეზიის ანთოლოგია, გასული წლის ასი ლექსი...“.

„საუნჯის“ დახლთან, როგორც იტყვიან, პოეზიის ზეიმია, რადგან ამ გამომცემლობამ ყველაზე მეტი პოეტური კრებული გამოსცა.

სამეცნიერო ლიტერატურით დაინტერესებულებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სტენდს უნდა მიაკითხონ. გამომცემლობის უფროსი რედაქტორი, ქეთევან ქურდოვანიძე, თავად გვიწევს გიდობას:

„გვაქვს არნოლდ ჩიქობავას შრომები, რუსულ-ქართული ლექსიკონი, ოქსფორდის სესია - მოკლე შესავალი ყველაფრის შესახებ - ცნობიერება, მათემატიკა, ფიზიკა.. ანდაც აი, ეს წიგნი - პირველად „შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება“, ეს კი ვახტანგ მეექსვის წიგნია, ქიმიის შესახებ... მოკლედ, დიდი არჩევანი გვაქვს“.

ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა ფესტივალზე რამდენიმე პროექტისა და წიგნების პრეზენტაცია მოწყო. მათ შორის იყო „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში“ და „კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები“.

და მკითხველები... ყველაზე საინტერესო მაინც მკითხველებზე დაკვირვება და მათ ჩანთებში ცალი თვალით ჩაჭყეტაა. ნეტა რომელი წიგნი იყიდეს? უჩა გოგოხიას ორივე მხარზე რამდენიმე ჩანთა აქვს გადაკიდებული - ჩანთები ჯერ წიგნებით არ გავსებულა, თუმცა მასაც საყიდელი წიგნების იმსიგრძე სია აქვს, ვეჭვობ, დახმარების გარეშე მათი წაღება შეძლოს. თუმცა წიგნების სიმძიმე ნაკლებად აშინებს, მთავარი მისთვის ეს მოვლენაა და განსაკუთრებით მათ მოუწოდებს წიგნის ფესტივალზე მოვიდნენ, ვინც აქ არასოდეს ყოფილა და, ასე ვთქვთ, პირველად ნახვის ბედნიერება ელის წინ:

„ეს არ არის უბრალოდ ის დღე, როდესაც მიდიხარ წიგნის მაღაზიაში, იღებ წიგნს და მოგაქვს შინ. რა თქმა უნდა, წიგნის მაღაზიაში ყოველდღიური სტუმრობაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ წიგნის ფესტივალი მართლა განსაკუთრებული მოვლენაა. თუნდაც ის, რომ ამდენი ხალხი მოდის; ის, რომ შეგიძლია ამდენ სტენდს შორის იბოდიალო და წიგნები არჩიო; ის, რომ ყველა წიგნი ერთადაა თავმოყრილი; ეს განწყობაც, წიგნის მოყვარულების, ეს აურა, ის, რომ წელიწადში ამ ოთხ დღეს მოუთმენლად ველით ხოლმე, სწორედ ეს ხდის ამ დღეებს ასე განსაკუთრებულს“.

წიგნის ფესტივალის ყველაზე დიდი სიურპრიზი მაინც ცნობილი უცხოელი ავტორების სტუმრობაა ხოლმე. ამჯერად რამდენიმე მწერალია სტუმრად. მათ შორისაა „ნაივური სუპერის“ ავტორი, ერლენდ ლუ. „ქარჩხაძის გამომცემლობის“ ორგანიზებით კი, თბილისს კიდევ ერთი ნორვეგიელი მწერალი, სტიან ჰულე ეწვია, რომლის ორი წიგნის - ”ანას ზეცის“ და „გარმანის ზაფხულის“ - პრეზენტაციაც ასევე წიგნის ფესტივალის პროგრამის ნაწილია. ფესტივალის ფინალად კი კანადელი პოეტის, პატრიკ ვუდქოქის პოეზიის საღამო იქცევა, რომლის ლექსებიც ქართულად პოეტმა შოთა იათაშვილმა თარგმნა.

ალბათ, თხრობისას ბევრი რამ გამოვტოვე, მაგრამ წიგნის ფესტივალი ჯერ კიდევ გრძელდება. რაც ჩვენ ვერ ვთქვით, თავად შეგიძლიათ აღმოაჩინოთ.