ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 29 მაისი

ხუთშაბათის პრესაში დიდი ადგილი ეთმობა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ექსპერტთა მოსაზრებების გარდა, „რეზონანსი“ მკითხველს სთავაზობს სოხუმში მყოფ ერთ-ერთ პირთან ინტერვიუს. ის გალელი ქართველია, რომელსაც რუსეთის პასპორტი აქვს, სოჭში ცხოვრობს და 2002 წლიდან პერიოდულად სოხუმში მიმდინარე მშენებლობებზე მუშაობს. რესპონდენტი, რომლის სახელიც გასაგები მიზეზების გამო არ სახელდება, ჰყვება: „აფხაზები უკვე თვითონაც მშვენივრად ხვდებიან, რომ რუსეთის ხელში არიან და დამოუკიდებლობაზე უკვე ისეთი ენთუზიაზმით აღარ ლაპარაკობენ. პენსიები, ხელფასები, სოციალური შემწეობები - ყველაფერი რუსეთის ბიუჯეტიდან მოდის. ამათ არაფერი აქვთ თავისი. იციან, თუ ზედმეტს იხმაურებენ, მოსკოვი დაფინანსებას შეუწყვეტს და მერე აქ რა მოხდება, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა. ისიც იციან, რომ რუსებს ის სამხედრო ბაზა გუდაუთაში მარტო ქართველების კი არა, აფხაზების დასაშინებლადაც აქვთ. თუ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც კრემლს არ აწყობს, ამ იარაღს ამათ წინააღმდეგ ისე მიმართავს, რომ ხელი არ აუკანკალდება“.

აფხაზეთში მიმდინარე პროცესს რუსეთის გეგმებს უკავშირებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია. ის „ახალ თაობას“ რუსეთის დაინტერესებას ასე განუმარტავს: „რა თქმა უნდა, რუსეთს ახლა სჭირდება შავი ზღვის საზღვაო აკვატორია და საზღვაო ინფრასტრუქტურა შავი ზღვის ფლოტის გაძლიერების მიზნით. ფაქტობრივად, პუტინს სჭირდება აფხაზეთი, როგორც პლაცდარმი, საზღვაო ფლოტის გაძლიერების მიზნით. როგორც ჩანს, ანქვაბსა და პუტინს შორის არსებობდა უთანხმოება, რომ ოჩამჩირისა და სოხუმის პორტი და, შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორია გამოყენებულიყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზირების მიზნით“. მაისაიას აზრით, ანქვაბის ასეთ პოზიციას განაპირობებდა შიში აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ფლოტის გაძლიერებასთან ერთად რუსი სამხედროების ოჯახების გადმოსახლებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის მიმართ.

გაზეთ „პრემიერს“ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ეუბნება: „ჩემი აზრით, იქ ე.წ. მთავრობის რაღაც ნაწილის დათხოვნას მოახერხებენ. ისევ და ისევ, გააჩნია, როგორ ჩაერევა ამაში რუსეთი. ანქვაბი, ჩემი აზრით, შეეცდება დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობები ხაჯიმბას განეიტრალებისთვის. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, ფაქტი ერთია - ანქვაბის შემდგომ აფხაზეთში ძალიან სერიოზული პროცესები წავა. ვფიქრობ, ხაჯიმბას ან მისი ძალების ხელისუფლებაში მოსვლით დაიწყება შემზადება სიტუაციის, რომ „ჩვენ ჯობია პატარა წუმპედან გადავიდეთ დიდ ოკეანეში, რომელიც არის რუსეთი““.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც დღევანდელი პრესა აშუქებს, სამართლიანობის აღდგენის თემისა და ძალადობის ფაქტების გახშირებაა. ისევ „პრემიერის“ პუბლიკაციით გავაგრძელებ, რომლის სათაურია „“სვეცკი პონტი“ ლიტერატურულ კაფეში“ და ნოდარ ლადარიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმას ეხება. ავტორი წერს: „პოლიციამ საქმე „სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების“ მუხლით აღძრა. აქ უკვე ჩანს მიკერძოება და კონიუნქტურულობა. ნებისმიერ „უბრალო მოქალაქეს“ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ამგვარი რამ რომ ჩაედინა, იგივე პოლიცია საქმეს უეჭველად არა „სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების“ მუხლით აღძრავდა, არამედ „ბოროტი ხულიგნობის“, რომელიც ბევრად უფრო სასტიკ სასჯელს ითვალისწინებს. თუმცა ქართველ სამართალდამცველებს განსაკუთრებული ყნოსვა აქვთ და ფაქიზი კანით გრძნობენ, რა არის იმ მომენტში „მეინსტრიმის“ შესაბამისი, ანუ რას მოითხოვს მათგან კონიუნქტურა“.

ამავე ფაქტზე „ალიას“ ეუბნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე: „ჭიაბერაშვილს რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიზეზად ისიც კმარა, რაც მან ქართვლის დედაზე დაწერა - ერთ ხელში საშო უჭირავს, მეორეში კიდევ ფალოსიო. ის ერთი პერიოდი იყო ჯანდაცვის მინისტრი... იქნებ, ვინმე დაინტერესდეს, რამდენი სამედიცინო ობიექტი გასხვისდა მისი მინისტრობის პერიოდში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, ანუ უკანონოდ?“ - კიდევ ერთ თემას სთავაზობს „ალიას“ უმრავლესობის წევრი.
„ალიისთვის“ მიცემულ ინტერვიუს საარჩევნო ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ასე ასრულებს: „ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს - თუ არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა... დროა წავიდნენ რეფორმების გზით“.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ კი რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. საყვარელიძე საზოგადოებაში საპროტესტო განწყობის ზრდაზე ლაპარაკობს და პროცესს ასე ხსნის: „კოაბიტაცია ის ფოთოლი იყო, რომლითაც იფარებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან პასიურობა სამართლიანობის აღდგენაში. რამდენიმე ათასი საჩივარი ნაციონალების მიერ წართმეულ ქონებაზე, ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის ხელყოფაზე - ეს აღარ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი. აქ საქმე უშუალოდ ადამიანების ცხოვრებას ეხება. მათ ბედ-იღბალს გადაუარეს ნაციონალებმა. აქ არის უკმაყოფილების ცენტრი და თუ ეს უკმაყოფილება არ დაკმაყოფილდა, მაშინ მოსახლეობისთვის ერთნაირები იქნებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ და მომავალში ორივეზე ერთნაირად გავრცელდება უკმაყოფილება“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე, რომელთან ინტერვიუსაც „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს.