კონტინენტის არჩევნებში ევროსკეპტიკოსებისა და სხვა რადიკალურად განწყობილი ჯგუფების გამარჯვების მიზეზები

ევროპის კავშირის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ნაციონალისტური იდეოლოგია ახასიათებთ იმ პარტიებს და პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ევროპის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მომხრე მოიპოვეს. ევროსკეპტიკოსების ტრიუმფის მიზეზებზე ესაუბრა ჩემი კოლეგა კლერ ბიგი კარნეგის ფონდის ევროპის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ჯუდი დემპსის.

ევროპარლამენტის არჩევნებში ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში პოზიციები გაიუმჯობესეს რადიკალურად განწყობილმა როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პარტიებმა, რაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, ბრიუსელის მიერ გატარებული საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკით, უმუშევრობის ზრდითა და იმიგრაციით მოსახლეობის უკმაყოფილების შედეგია.

რატომ მიუბრუნდა ევროპელი ამომრჩეველი ულტრამემარჯვენულად განწყობილ ევროსკეპტიკოს პარტიებს? უმუშევრობის, იმიგრაციის, წამყვანი პარტიებით იმედგაცრუების გარდა, კიდევ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? - ეკითხება კლერ ბიგი ჯუდი დემპსის, რომელიც ფიქრობს, რომ წამყვანმა პარტიებმა დიდად არც კი შეიწუხეს თავი, ამ არჩევნებში აქტიური საარჩევნო კამპანია გაემართათ. დემპსის აზრით, მათ თითქოს ასპარეზი დაუთმეს ამ მარგინალურ პარტიებს. რა ამოძრავებს ევროპელ ამომრჩეველს, როცა ულტრამემარჯვენეს ან ულტრამემარცხენეს ირჩევს - მმართველი პოლიტიკური ძალებისადმი მხოლოდ პროტესტის განცდა თუ ის მართლა შეიძლება იზიარებდეს რადიკალურ შეხედულებებს, მათ ფასეულობებს?

„ეს მეტად უცნაური ფასეულობებია. ეს ფასეულობათა ნაზავი უფროა. მაგრამ რაც მათ აერთიანებს, ვფიქრობ, არის გლობალიზაციისა და მიგრაციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და მიუღებლობა ევროპის კავშირისა, რომელსაც ისინი უზარმაზარ ფედერალისტურ მონსტრად მიიჩნევენ. არჩევნებში მათ სწორედ ეს კოზირი გაათამაშეს - ანტიევროპული, ანტიგლობალიზაციური - და ბევრმა ამომრჩეველმა ამას მხარი დაუჭირა“.
თუ რიცხვებს გადავხედავთ, არა. მაგრამ ისინი შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცნენ. მათ უკან დგას ბევრი ამომრჩეველი საფრანგეთში, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ასე რომ, ხმაურის ამტეხი საკმარისად მოეპოვებათ. მეინსტრიმის პარტიების ამოცანა ახლა ის არის, რომ მჭიდროდ ითანამშრომლონ...

ჯუდი დემპსის სკეპტიციზმი არ ეტყობა. ის ფიქრობს, რომ ევროპის კავშირის საძირკვლებს, მის ოთხ მთავარ პრინციპს - შრომას, კაპიტალს, ხალხს და დემოკრატიას - ეს არჩევნები ვერ შეცვლის. მისი აზრით, შეიცვლება გარე სამყაროსადმი ევროპის დამოკიდებულების მხოლოდ ტონი იმის მიხედვით, თუ რა გავლენას იქონიებს ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ამ პარტიების ყოფნა ევროპის პარლამენტში. დემპსის თქმით, ევროკავშირის გაფართოება, რუსეთის მიმართ მიდგომა, უკრაინასთან ურთიერთობა, თურქეთთან ურთიერთობა, ახლო აღმოსავლეთი - ესაა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი თემები. და ამ დროს, ეს მარგინალური პარტიები ქვეყნის შიდა მოვლენებზე არიან ორიენტირებული, რაც კარგს არაფერს უქადის ევროპას. ექნებათ ამ პარტიებს საკმარისი ბერკეტები, შეცვალონ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა?

„თუ რიცხვებს გადავხედავთ, არა. მაგრამ ისინი შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცნენ. მათ უკან დგას ბევრი ამომრჩეველი საფრანგეთში, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ასე რომ, ხმაურის ამტეხი საკმარისად მოეპოვებათ. მეინსტრიმის პარტიების ამოცანა ახლა ის არის, რომ მჭიდროდ ითანამშრომლონ და ერთად დადგნენ იმის სადარაჯოზე, რის დაცვაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. მხოლოდ ფასეულობებს არ ვგულისხმობ. აქ ევროპის, ევროპის კავშირის იდენტობაზეა საუბარი“.

კარნეგის ცენტრის მკვლევარი კონკრეტულ პარტიებზე ლაპარაკობს და ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ჯგუფებს ახასიათებს:

„ევროპის სახალხო პარტია, ეს სოციალისტური გაერთიანება, თანამშრომლობის მსურველთაგან, როგორც ჩანს, დიდ კოალიციას შექმნის. უფრო რთული იქნება თანხმობის მიღწევა მარგინალურ პარტიებთან. მაგრამ ყველამ მშვენივრად იცის, რომ როცა მარგინალური პარტიები ერთად შეიყრებიან ხოლმე, ევროპის პარლამენტში იქნება ეს თუ ევროპის ცალკეული ქვეყნების პარლამენტებში, ისინი არც ხეირიანი ქცევით გამოირჩევიან და არც ხეირიანი შედეგებით. მოკლედ, მომავალი გვიჩვენებს, შეძლებენ თუ არა ისინი ერთიანი ფრონტის შექმნას. დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიამ ხომ უკვე განაცხადა კიდეც, რომ საფრანგეთის ეროვნულ ფრონტთან არ ითანამშრომლებს“.

ჩვენი თანამოსაუბრე ამბობს, რომ, მაგალითად, საფრანგეთის ნაციონალისტური ეროვნული ფრონტის გამარჯვება შოკის მომგვრელი იყო, როგორც ეს საფრანგეთის პრემიერმაც განაცხადა.