პუტინი: სანქციები დასავლეთს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება

პეტერბურგის ბიზნესფორუმი

23 მაისს რუსეთში, პეტერბურგში, საერთაშორისო ფორუმზე, რომელზეც, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, უდიდესი ფირმების ხელმძღვანელები არ ჩავიდნენ, მონაწილეებს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიმართა. ფორუმის დაწყებამდე გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტს უნდა ელაპარაკა გლობალური ეკონომიკის პრობლემებზე და იმაზე, თუ როგორ განავითაროს რუსეთის ეკონომიკა მსოფლიო პოლიტიკის ამ რთულ ვითარებაში. როგორც მისმა მრჩეველმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ფორუმის მონაწილეებს მიმართავს იმ დროს, როცა, აშშ-ის მოწოდებით, პეტერბურგში არ ჩავიდნენ სამ ათეულამდე საერთაშორისო კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელები; ამასთან, მოსკოვს უკვე
ეკონომიკურ სანქციებს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს, თანამედროვე, ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში ბუმერანგის ეფექტი აქვს და, საბოლოო ჯამში, აისახება იმ ქვეყნების ეკონომიკასა და ბიზნესზე, რომლებიც მათი თაოსნები არიან?!
იური უშაკოვი
დაუწესეს და კვლავ სანქციებით ემუქრებიან უკრაინის კრიზისში მისი მოქმედების გამო. 22 მაისს პრორუსულმა სეპარატისტებმა უკრაინაში 22 უკრაინელი სამხედრო დახოცეს. შეტაკებები გრძელდება დონეცკში, ლუგანსკში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი რუსეთს ბრალს სდებს, რომ კონფლიქტის გამწვავებით რუსეთს 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა სურს:

„განა ისიც აშკარა არ არის, რომ ეკონომიკურ სანქციებს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს, თანამედროვე, ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში ბუმერანგის ეფექტი აქვს და, საბოლოო ჯამში, აისახება იმ ქვეყნების ეკონომიკასა და ბიზნესზე, რომლებიც მათი თაოსნები არიან?!“ - თქვა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა და თითქოს დააკნინა პეტერბურგის ბიზნესფორუმის მიმართ ბოიკოტის მცდელობა, როცა განაცხადა, 400 ფირმის წარმომადგენელი ჩამოვიდაო. მან ჩამოთვალა ფირმები, რომელთა ლიდერები არ აჰყვენ აშშ-ის მოწოდებას და პუტინის მიწვევა მიიღეს: ესენია: „ბრიტიშ პეტროლიუმი“, „ე.ონი“, „ტოტალი“, „ექსონ მობილი“, „შელი“, „ფილიპსი“, „დენონი“ და სხვები. თუმცა, ამავე დროს, იმავე „ე.ონის“, ასევე „დოიჩე ბანკის“ და საინჟინრო სფეროს გოლიათის, „სიმენსის“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ წელს ამ ფორუმში მონაწილეობას არ იღებენ. პუტინის აზრით:

„სამყაროს ერთპოლარული მოწყობის მოდელი არ შედგა. დღეს ეს ყველასათვის აშკარაა - მათთვისაც კი, ვინც კოორდინატების ჩვეულ სისტემაში მოქმედებას ცდილობს, ცდილობს შეინარჩუნოს მონოპოლია, თავს მოახვიოს სხვას თამაშის საკუთარი წესები პოლიტიკაში, ვაჭრობაში, ფინანსების სფეროში და უკარნახოს კულტურული თუ ქცევის სტანდარტები“.


ვლადიმირ პუტინმა გვერდი არ აუარა გაზის თემას და ორი დღის წინ ჩინეთთან ხელმოწერილ გარიგებასაც შეეხო:

„ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნივშნელოვანია, რადგან ის მრავალმხრივია. ბაზრის, ჩინეთის ბაზრისა და შესყიდვის ასეთი მასშტაბის პირობებში, როცა წელიწადში 38 მილიარდი კუბური მეტრი გაზის რეალიზება მოხდება, ეს პროექტი მომგებიანია. ეს კი ნიშნავს, რომ შევძლებთ აღმოსავლეთის პროვინციების განვითარებას“.
დღევანდელი საფრთხე, რომელიც ევროპის კონტინენტისთვის ჩვენი გაზის მიწოდებას ექმნება, არ გაჩენილა ჩვენი მიზეზით...
ვლადიმირ პუტინი

ფორუმზე პუტინმა გაზზე ილაპარაკა უშუალოდ უკრაინის კონტექსტშიც და კიევს ბრალი დასდო:

„დღევანდელი საფრთხე, რომელიც ევროპის კონტინენტისთვის ჩვენი გაზის მიწოდებას ექმნება, არ გაჩენილა ჩვენი მიზეზით. პირდაპირ უნდა ითქვას, ან კი რა არის დასამალი, ეს ხომ ისედაც ყველას კარგად ესმის - მის გაჩენაში დამნაშავეა სატრანზიტო ქვეყანა, უკრაინა, რომელიც ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას, როგორც ჩვენი გაზის ევროპისთვის მიმწოდებელი სატრანზიტო ქვეყნისა“.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ პუტინმა ისიც თქვა, რომ აპირებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღიაროს. თუმცა იქვე დაამატა, უკეთესი იქნებოდა რეფერენდუმი ჩაეტარებინათ და ახალი კონსტიტუცია მიეღოთო. მისივე თანახმად, ახლა მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, დღეს უკრაინის პრეზიდენტად, ტექნიკურად, ვიქტორ იანუკოვიჩი რჩება. პუტინმა დაადანაშაულა დასავლეთი, რომელმაც, მისი თქმით, უბიძგა უკრაინაში „გადატრიალებას“და ქვეყნის სრული მასშტაბის სამოქალაქო ომის ქაოსში ჩათრევას. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მოსკოვის დიდი შეშფოთების საგანია ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობა.

პეტერბურგში ამ ფორუმის შემდეგ ვლადიმირ პუტინი გეგმავს შეხვდეს თავის პარტნიორებს - აშშ-ის, ჩინეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბაჰრეინისა და კუვეიტის, ასევე ტაილანდისა და არაბთა საამიროების საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს - და, ამავე დროს, გამართოს ორმხრივი მოლაპარაკება ჩინეთისა და მონღოლეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან.