13 მაისს ვენაში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე გრძელვადიანი და ფართო შეთანხმების მისაღწევად. თეირანისა და ე.წ. „ექვსეულის“ მორიგ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ვენაშივე გაიმართა სამსაათიანი შეხვედრა გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენლებსა და ირანელ მომლაპარაკებლებს შორის. 12 მაისის შეხვედრის დასრულების შემდეგ არაფერი თქმულა იმის შესახებ - იყო, თუ არა მიღწეული რაიმე პროგრესი ირანსა და გაეროს ბირთვულ უწყებას შორის. ბირთვული ენერგეტიკის სააგენტომ მხოლოდ იმაზე მიანიშნა, რომ ირანმა მეტი უნდა გააკეთოს ბირთვული პროგრამის გამჭვირვალებისთვის და 15 მაისამდე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. სხვა დეტალები ორშაბათის შეხვედრის შესახებ არ გახმაურებულა.