ლავროვი კიევს სეპარატისტებთან მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებს

რუსეთმა, რომელიც უკრაინის დროებით ხელისუფლებას „რეჟიმად“ მოიხსენიებს, კიევს მოუწოდა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების წარმომადგენლებთან, სადაც სუვერენიტეტის საკითხზე 11 მაისს რეფერენდუმი გაიმართა. „კრიზისიდან გამოსვლის საკითხების თაობაზე მიმდინარე პირდაპირ მოლაპარაკებებში რეჟიმის ოპონენტების ჩართვის გარეშე, არაფერი გამოვა,“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. ლუგანსკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ხმა მისცა ამომრჩეველთა 96 %-მა, ხოლო დონეცკში 81%-მა დაუჭირა მხარი ოლქის სუვერენიტეტს. კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება პატივს სცემს დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის მიერ 11 მაისის რეფერენდუმზე გამოხატულ ნებას. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში 11 მაისს ჩატარებულ ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმებს არავითარი სამართლებრივი შედეგები არ ექნება.