ფიროსმანის ცხოვრების რომანი

შორენა ლებანიძის ,,მე-ფიროსმანი“ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშია. წიგნში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს დოკუმენტური ნაკადი და მწერლის ფანტაზიით აღდგენილი მხატვრული დეტალები, რომლის საფუძველსაც თავის დროზე რესპონდენტების მიერ ჟურნალისტ შორენა ლებანიძისათვის მოთხრობილი ამბები წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ გაზეთში მუშაობისას შორენა ლებანიძემ სრულიად შემთხვევით მიაგნო ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ დიდ ბებიას ფიროსმანი უყვარდა და ამ სიყვარულის გაგრძელებაც და გამართლებაც თვითონ ბრძანდებოდნენ.

ეს ყოფითი დეტალი გახდა ბიძგი იმისათვის, რომ შორენა ლებანიძეს, ერთი მხრივ, საგულდაგულოდ ეკვლია თავისი რესპონდენტების მონათხრობის ტყუილ-მართალი და, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ საგულდაგულოდ შეესწავლა ნიკო ფიროსმანის შემოქმედება: გენიალური მხატვრის ტილოებიდან აღძრული პირადი შთაბეჭდილებები ხელოვნებათმცოდნეებსა და ხელოვნების ისტორიკოსებთან გადაემოწმებინა და თავი მოეყარა უამრავი მასალისათვის, რომელიც საგაზეთო პუბლიკაციების ფორმატში ვეღარაფრით ეტეოდა.

გამოსავალი შესაფერისი მოინახა და შორენა ლებანიძემ, ამ მასალაზე დაყრდნობით, დაწერა წიგნი, რომელიც, ჩემი აზრით, მხატვრულ-დოკუმენტური პროზის საუცხოო ნიმუშია.

შორენა ლებანიძემ ფიროსმანისადმი საკუთარი ინტერესის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა:

,,ეს ყველაფერი დაიწყო ერთი რიგითი, ჩვეულებრივი სარედაქციო დავალებით (მე ვარ ჟურნალისტი პროფესიით) და, საბოლოო ჯამში, დასრულდა მხატვრულ-დოკუმენტური რომანის დაწერით, რაც თავიდან ნამდვილად არ მქონია განზრახული, ჩემთვის სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი. დოკუმენტური ფილმისთვის სცენარი უნდა დამეწერა და როდესაც დავიწყე ამ თემის შესწავლა, ნიკო ფოროსმანი ჩემთვის ის იყო, რაც არის ნებისმიერი ქართველისათვის - ადამიანი, რომელსაც თაყვანი უნდა სცე, რომელსაც აიგივებ ქართულ კულტურასთან და რაც თავი გახსოვს, რომლის სახელიც სულ იცი, ხო? მაგრამ ეს არ კმარა იმისთვის, რომ იცოდე, ვინ არის რეალურად ეს ადამიანი და როდესაც დავიწყე მასალების შესწავლა, ანუ წიგნების კითხვა, ფიროსმანოლოგებთან შეხვედრა, უცებ ისე ახლოს მივედი ამ საოცარ სამყაროსთან, რომელიც ჩემთვის სრულიად კარდახშული იყო და უცებ აღმოვჩნდი ამის წინაშე, რომ გაოგნებული ვიყავი. აი, ეს საოცარი დრამატიზმით აღსავსე ადამიანი, ეს თვითნასწავლი გენიოსი, თანამედროვეებისაგან დაუფასებელი, რომელმაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები კიბისქვეშა მიწურში გაატარა და რომლის საფლავიც დღემდე არ ვიცით, ღარიბთა საერთო სასაფლაოზე დაიმარხა - მოკლედ, ეს იყო იმდენად ჩამთრევი, დამაინტერესებელი და საოცარი მასალა, მე მგონი, ყველა ლიტერატორისათვის და თავისთავად კიდევ ის ფაქტი იყო საინტერესო, რომ იდუმალებით არის მისი ბიოგრაფია მოცული, სულ ვეძებთ, ვეძებთ და ვერ ვპოულობთ, ყველგან მხვდებოდა ეს სიტყვა, ყველა ლიტერატურულ ნამუშევარში: ვეძებთ! ვეძებთ მის ნამუშევარს, ვეძებთ მის დუქნებს, ვეძებთ მის თავშესაფრებს, ვეძებთ საავადმყოფოებს, ვეძებთ საფლავს.. და ამან თავისთავად მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ ერთგვარი ლიტერატურული კვლევა მეწარმოებინა, რაც, საბოლოო ჯამში, დასრულდა ამ წიგნის დაწერით“.

ლიტერატურული კვლევა კვლევად, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, რომ საუკეთესო ჟურნალისტიც კი მარცხდება, როცა ძალებს მწერლობაში მოსინჯავს. ჟურნალისტიკისა და მწერლობის ზედაპირული მსგავსებების მიუხედავად, ამ ორ პროფესიას ისეთი ძირეული პოსტულატები განასხვავებს, რომ ხშირად ერთის მიდგომები მეორე პროფესიაში პირიკუ შედეგს გვაძლევს. მხოლოდ ძალიან ნიჭიერ ჟურნალისტებს შეუძლიათ მწერლობაში რაიმე ღირებული შექმნან და ასევე მწერალიც შეიძლება იყოს ცუდი ჟურნალისტი.

შორენა ლებანიძის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ეს წინააღმდეგობა შესანიშნავად გადალახა და ბრწყინვალე ტექსტი დაწერა იმ ჟანრში, რომელიც თვითონ მწერლობისთვისაც განსაკუთრებით სათუთია.

მხატვრულ-დოკუმენტურ პროზაში მომუშავე ადამიანს მუდმივად უწევს მხატვრულობასა და დოკუმეტურობას შორის ისე გაიაროს, რომ ამით არც ტექსტის მთლიანობა დაზიანდეს და არც სიყალბის განცდა შეიქმნას.

შორენა ლებანიძესთან ეს დილემა წარმატებით არის დაძლეული და დაძლეულია, უპირველესად, სწორედ საკუთარი პერსონაჟის ძალიან დიდი სიყვარულისა და, ამასთან, იმ უზარმაზარი მასალის მეოხებით, რაც თავისი მოსამზადებელი კვლევა-ძიებისას მწერალს საგულდაგულოდ და რუდუნებით შეუგროვებია.

ამ მასალის შეგროვება, მერე მისი დახარისხება, გადარჩევა და სათანადოდ გამოყენება დიდ შრომისმოყვარეობას, გემოვნებას, ნიჭიერებას მოითხოვდა და შორენა ლებანიძეს ეს ყველაფერი საკმარისად აღმოაჩნდა.

უპირველესი, რითაც ,,მე-ფიროსმანი“ ყურადღებას იქცევს, ქართული ენისადმი საოცარი დამოკიდებულებაა. ამ მხრივ, წიგნში ჟურნალიზმის ნასახსაც კი ვერსად წააწყდებით. შორენა ლებანიძე ახერხებს ისე მარჯვედ გამოიყენოს ენის არაერთი პლასტი, რომ ნამდვილი სტილისტური ფოიერვერკი შექმნას, რაც ნაწარმოებს არაჩვეულებრივად მიმზიდველსა და მოუწყენლად საკითხავს ხდის.

გარდა ამისა, ინტერესს იწვევს ის ერთგვარი სასიყვარულო ინტრიგა, რომელიც წიგნში ლამის დეტექტივის დონეზეა აყვანილი. არსებითად, ამ ნაწარმოებიდან ვიგებთ, რომ ნიკო ფოროსმანს ჰყვარებია თავისი მეგობრისა და კომპანიონის მეუღლე, რომელთა ოჯახშიც ერთ დროს უცხოვრია კიდეც. ამ სასიყვარულო ამბის დეტალები წიგნში ისე დამაჯერებლად არის აღწერილი, რომ, ცხადია, შორენა ლებანიძეს ამბის ნამდვილობის შესახებ საგანგებოდ ვკითხეთ. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მწერალმა განაცხადა:

,,ეს ადამიანი ელისაბედ ავალიშვილი-ალუღიშვილისა რეალური პიროვნება იყო. საერთოდ, წიგნში აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი რეალურია. ეს ქალბატონი იყო ნიკო ფოროსმანის თანასოფლელისა და კომპანიონის, დიმიტრი ალუღიშვილის, მეუღლე და მათი შვილი მონათლა ნიკო ფიროსმანმა. ცხოვრობდა მათ სახლში, ელისაბედის მეუღლესთან საერთო დუქანი ჰქონდა და ანუ ეს ქალი მართლა არსებობდა და არსებობს მისი მოგონებები, რომელიც წამაკითხეს მისმა შვილიშვილებმა. ამ მოგონებებში არის საოცარი ფრაზები ნიკო ფოროსმანთან დაკავშირებით, რაც გამოყენებული მაქვს წიგნში. მისი სიტყვებია, რომ ,,ყელ-ყური, სახე, ტუჩის ნაპობი - მშვენიერი, ბეჭი - ფართო, წელი - წვრილი“... და აშკარად ვიგრძენი, რომ ამას ვერ დაწერდა გულგრილი ქალი. რაღაცა გრძნობა ამაში ჩანდა. თუმცა მეტი აქ ისეთი არაფერია, მაგრამ ოჯახის წევრები ამბობენ და აი, ქალბატონმა ლამარამ მითხრა, ბებიამ გარდაცვალების წინ გამიმხილა, რომ მამაშენი, გიორგი, ჰყავდა ფიროსმანისგანო. ასე რომ, ეს ვერსია ნამდვილად არსებობს, ნანახი მაქვს მე გიორგი ალუღიშვილის სურათი. აბსოლუტური ასლია ფიროსმანის - გარეგნულად მართლა ძალიან ჰგავს. ასევე ქალბატონი ლამარას მონათხრობის მიხედვით, ხატვის ნიჭი ჰქონდა. მსახიობი იყო, უკრავდა, მღეროდა, ცეკვავდა და როგორც კი დროს მოიხელთებდა, ხატავდა ცხოველებს, ფრინველებს, ადამიანებს, ქეიფის სცენებს და დიმიტრი ალუღიშვილი, ვინც რეალურად მამამისი იყო, თავზე რომ წაადგებოდაო, ეუბნებოდაო, ფიროსმანაშვილის შაქნილი ხო არა ხარო, სუ იმისნაირად რო ხატავ და იქცევიო. ასე რომ, რაღაც საფუძველი ნამდვილად აქვს ამ ლეგენდას, თუმცა ნამდვილად ვერ დავიჯერე ბოლომდე და ამიტომ დავტოვე ღიად ეს ამბავი, რომ კიდევ ერთი ლეგენდა არ შემექმნა ნიკო ფიროსმანზე“.

ლეგენდისა რა მოგახსენოთ, მაგარამ შორენა ლებანიძემ შექმნა სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებული წიგნი ნიკო ფიროსმანზე და ამით, თითქოს, კიდევ ერთი ყვავილი მიიტანა მის სიმბოლურ, სწორედ ლეგენდებსა და წარმოდგენებში ჩაკარგულ სამარეზე.

მკითხველი კი, რომელიც გამომცემლობა ,,არტანუჯის“ დასტამბულ ამ რომანს წაიკითხავს, თავის ნაცნობ ფიროსმანს არაერთი ახალი, მოულოდნელი და ძალიან საინტერესო კუთხით აღმოაჩენს.