ვლადიმირ პუტინი უმასპინძლებს სომხეთის, ბელორუსიის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს

კრემლის ინფორმაციით, უკრაინის კრიზისი და „კოლექტიური უსაფრთხოება“ იქნება მთავარი საკითხები მოსკოვში 8 მაისს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში უმასპინძლებს სომხეთის, ბელორუსიის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს. კრემლის სპიკერ დმიტრი პესკოვის განცხადებით, ოთხი ქვეყნის პრეზიდენტები ცალცალკეც შეხვდებიან პუტინს, ორმხრივ ურთიერთობებზე სასაუბროდ. სტუმრები დაესწრებიან აგრეთვე რუსეთის სამხედრო ძალების წვრთნას. დსთ-ს პრეზიდენტების შეკრებამდე ერთი დღით ადრე ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მოქმედ პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს 11 მაისის რეფერენდუმის გადადებისკენ მოუწოდა. პუტინის ამ მოწოდებს წინ უძღოდა მისი შეხვედრა ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - შვეიცარიის პრეზიდენტ დიდიე ბურკჰალტერთან. აშშ-ში თეთრი სახლი გამოეხმაურა პუტინის მოწოდებას - ვაშინგტონი თვლის, რომ რეფერენდუმები არათუ უნდა გადაიდოს, არამედ გაუქმდეს.