საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის კავშირი რეგიონს აქცევს ინვესტიციებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად - განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე თურქეთის პრეზიდენტმა. აბდულა გიულმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტების განხორციელებას. „ამ პროექტებს ადრე ოცნებად მიიჩნევდნენ, დღეს კი პირველი ორი უკვე რეალობაა, რკინიგზის პროექტი კი უახლოეს ხანში დასრულდება“, - განაცხადა აბდულა გიულმა. მისივე თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის სურვილია, რომ რეგიონი ეკონომიკური განვითარების მაგალითად იქცეს. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თბილისის სამიტზე რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს. „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, რომელიც დამყარებული იქნება საერთაშორისო, უნივერსალურ პრინციპებზე“, - განაცხადა აბდულა გიულმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება სწორედ ამ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისი ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მთელ რეგიონზე და შექმნილი ვითარება პოლიტიკური გზით, საერთაშორისო სამართლის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით უნდა დაიძლიოს.