რას ფიქრობენ ახალგაზრდა ამომრჩევლები ზუგდიდში

იმ ფონზე, როცა პოლიტიკური სუბიექტები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 15 ივნისი მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, აღმოჩნდა, რომ მოქალაქეებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, ცოტა რამ თუ იციან თვითმმართველობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჯერ არ დაუსახელებია საკუთარი კანდიდატები, იგრძნობა, რომ ნელ-ნელა პარტიები საარჩევნო კამპანიის გააქტიურებას იწყებენ. საარჩევნო კამპანიაში კი ძალიან ხშირად არიან ჩართული სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტები. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა იციან ახალგაზრდა ამომრჩევლებმა თვითმმართველობის შესახებ, თუმცა სანამ ამაზე ვისაუბრებდით, იყო სხვა შეკითხვაც.

კითხვას, აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული ახალგაზრდები დადებითად პასუხობენ, მაგრამ დიდმა ნაწილმა არ იცის, როდის იმართება ის. ქალაქის ქუჩებში შეხვდებით ისეთ ახალგაზრდებსაც, რომლებსაც ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ, მივლენ თუ არა არჩევნებზე საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად.

„არასდროს არ მივსულვარ და არც ახლა წავალ. უბრალოდ, კანდიდატები არ არიან ისეთი, რომ მივიდე“;

„კი, უნდა მივიღოთ მონაწილეობა და უნდა გავარკვიოთ კანდიდატების ვინაობა, ვინ რას წარმოადგენს. ეს, ჩემი აზრით, აუცილებელია“;

„ნებისმიერი მოქალაქის ვალია, რომ მივიდეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. მე არ ვიცი, წავალ თუ არა“;

„არ მივალ. არ მგონია, ჩემი ხმა გადამწყვეტი იყოს“;

„ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, არ დავინტერესებულვარ ამით“
, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ახალგაზრდებმა.

აღმოჩნდა, რომ მათ ასევე ცოტა რამ იციან ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმ რეფორმის შესახებ, რომლის შემდეგ ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქი ხდება:

„ახლა არ ვცხოვრობთ ისეთ დროს, რომ რაიმე ინფორმაციის მოძიება გაგვიჭირდეს. უბრალოდ, მგონი, ჩვენი მონდომების საკითხია“;

„არ ვიცი არაფერი და არც მაინტერესებს. არასდროს არც ერთი არჩევნების შემდეგ არ მომხდარა ისეთი რამ, რაც ახალგაზრდებს სურთ. ამიტომ...“;

„არ ვარ ამ პოლიტიკაში ჩახედული. არ მაქვს ამისი დრო“.


მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტი დრო დარჩა, ახალგაზრდა ამომრჩევლის ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ხნის განმავლობაში, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, უფრო მეტს შეიტყობს თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ.

საქართველო 15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნებში 71 საკრებულოს, 12 ქალაქის მერს და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელს აირჩევს. სიახლის თანახმად, ზუგდიდი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელიც ცვლილებების შედეგად თვითმმართველი ქალაქის სტატუსს მიიღებს და ახალი ტერიტორიული მოწყობა ექნება.