გარდაიცვალა რუსი მსახიობი ტატიანა სამოილოვა

გარდაიცვალა რუსი მსახიობი ტატიანა სამოილოვა, რომელმაც სახელი გაითქვა როლებით ფილმებში „მიფრინავენ წეროები“ და „ანა კარენინა“. რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის ცნობით, სამოილოვა 5 მაისს ღამით გარდაიცვალა მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც მას გულის დაავადების გამო მკურნალობდნენ. სამოილოვას ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 80 წელი. მას პირველი დიდი წარმატება მოუტანა ვერონიკას როლმა საბჭოთა კავშირში 1957 წელს გამოსულ ფილმში „მიფრინავენ წეროები“, რომელსაც მომდევნო წელს მთავარი პრემია ერგო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მიხეილ კალატოზოვის ეს ფილმი ერთადერთი საბჭოთა კინოსურათია, რომელსაც კანში მთავარი პრემია მიანიჭეს.