ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის გამო დაკავებულ ნოშრევან ნამორაძეს ოფიციალურ ბრალდებას პროკურატურა დღეს წარუდგენს. კუდ-ის ყოფილი დირექტორის, ძებნილი ერეკლე კოდუას ძმას, ბიზნესმენ დავით კოდუას თავს 3 მაისს, თბილისში დაესხნენ. მისი ცემის გამო აღიარებითი ჩვენება სამართალდამცავებს მისცა ნოშრევან ნამორაძემ და მიზეზად დაასახელა პირადი უთანხმოება, კერძოდ ის, რომ ძმებმა კოდუებმა მის წინააღმდეგ ყალბი ბრალდების გამოყენებით აიძულეს 2008 წელს დაეთმო ბიზნესის წილი და მრავალათასიანი ქონება. ბიზნესმენი დავით კოდუა მესამე დღეა იმყოფება თბილისის ერთ-ერთი კლინიკის რენიმაციულ განყოფილებაში. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დავით კოდუას ცემის სრულყოფილად და ეფექტურად გამოძიებისკენ 4 მაისს შსს-ს მოუწოდა საქართველოს სახალხო დამცველმა.