23 წლის საქართველოს არმია, მისი გმირები და არაკეთილმოსურნეები

30 აპრილს საქართველოში შეიარაღებული ძალების დაარსების 23-ე წლისთავი აღინიშნა. შარშანდელთან შედარებით, საერთო-სახალხო ზეიმის რეჟისურა კიდევ უფრო მოკრძალებული გამოდგა. შეზღუდული საბიუჯეტო შესაძლებლობების პირობებში, სამხედრო უწყების ხელძღვანელობას ყოველწლიურად უხდება „ქამრების შემოჭერა“, რათა მეტი ინვესტიცია სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში ჩაიდოს.


სამშობლო, ღირსება, ერთგულება

პროფესიული დღესასწაული ჯარისკაცებისთვის, უწინარესად, რუტინული დღის წესრიგისაგან ერთი დღით დასვენებას, დათხოვნაში წასვლას, კულტურულ-სპორტულ ღონისძიებას, ცოტა მეტ ძილსა და განსხვავებულ მენიუს ნიშნავს. თუმცა ავღანეთში მყოფი ქართული ქვედანაყოფის მებრძოლებისათვის ასეთი მოდუნების უფლება ხელმძღვანელობას არც ამჯერად მიუცია. ჰელმანდის პროვინციაში ორიოდე კვირის წინ გადასროლილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე ბატალიონმა სწორედ აპრილის ბოლოს დაასრულა ნატოს კოალიციური ძალების ბაზა ლეზერნეკის გადაბარების პროცესი.
თითოეულ ჩვენგანს კარგად ესმის ის უმთავრესი ღირებულებები, რომელიც შეიარაღებული ძალების დევიზშია გაერთიანებული: სამშობლო, ღირსება, ერთგულება...
მამუკა შიუკაშვილი

ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქართული ქვედანაყოფი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიას. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იქნება. ამ მისიას, სიამაყის გრძნობით, უკვე მეხუთე წელია, ასრულებენ ქართველი ჯარისკაცები.

„თითოეულ ჩვენგანს კარგად ესმის ის უმთავრესი ღირებულებები, რომელიც შეიარაღებული ძალების დევიზშია გაერთიანებული: სამშობლო, ღირსება, ერთგულება. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ შეიარაღებული ძალების დღე. გისურვოთ მხნეობა, ვაჟკაცობა და ერთმანეთის ერთგულება“, - ქართული სამხედრო მისიის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მამუკა შიუკაშვილმა ამ სიტყვებით მიულოცა თანამებრძოლებს დღესასწაული ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან.

ქართველი ჯარისკაცების მსგავსად, სახელმწიფოებრივი მისიის შესასრულებლად ქვეყნის გარეთ აღმოჩნდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში ორმხრივი შეხვედრები გამართა და სიტყვით გამოვიდა ატლანტიკურ საბჭოში, სადაც გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, უკრაინის კრიზისსა და ახალი „ცივი ომის“ საფრთხეზე მსჯელობდნენ. ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონიდან ცოტა გაბრაზებით მიულოცა ჯარს პროფესიული დღესასწაული:

„ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კრიტიკა მიაქვთ სწორედ შეიარაღებულ ძალებზე. უნდათ დააზიანონ ჩვენი შეიარაღებული ძალების იმიჯი, რადგან კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყნის ხერხემალი, ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამ ბიჭებზეა დამოკიდებული. მე მინდა, მათ ვუთხრა, რომ ვერაფერი შეარყევს ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერეს. 93 პროცენტი მთელი საქართველოს მოსახლეობისა მხარს უჭერს და ენდობა შეიარაღებულ ძალებს და მათთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდება თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები“.
ის, რაც გეძვირფასება, არ გემეტება კრიტიკულობისთვის, სრულიად გაუცნობიერებლადაც, და უფრო მაღალ შეფასებას აძლევ ყოველთვის, ვიდრე ობიექტურად ის შეიძლება იმსახურებდეს...
რამაზ საყვარელიძე

უცნობი დარჩა, თუ ვის გულისხმობდა ირაკლი ალასანია იმ „არაკეთილმოსურნეებში“, რომელთაც „შეიარაღებული ძალების იმიჯის დაზიანება“ სურთ. თუ თავდაცვის მინისტრის წინა განცხადებებს გავიხსენებთ, შეიარაღებული ძალების იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი არმიის პოლიტიზებამ და სამხედრო წესდების პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებით ჩანაცვლებამ მიაყენა. ახლა არმია, თუკი ალასანიას დავუჯერებთ, დეპოლიტიზებულია, ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობები და ანაზღაურება უმჯობესდება და აგერ ლამის 100 %-საც კი მიახლოებია მოსახლეობის ნდობა, რასაც არათუ სამხედრო კონფლიქტებში დამარცხებული, არამედ ნებისმიერი ძლევამოსილი ქვეყნის არმიაც კი ინატრებდა.

„ის, რაც გეძვირფასება, არ გემეტება კრიტიკულობისთვის, სრულიად გაუცნობიერებლადაც, და უფრო მაღალ შეფასებას აძლევ ყოველთვის, ვიდრე ობიექტურად ის შეიძლება იმსახურებდეს. სუბიექტური ვართ ამ შეფასებაში და, მე გონი, ჯარის მიმართ დამოკიდებულებაც, ეს სუბიექტურობის გამოვლინებაა სწორედ დიდი სიყვარულის გამო, საკუთარი სახელმწიფოებრიობისადმი დიდი სიყვარულის გამო, რომლის მთავარი ატრიბუტიც ჯარია“, - ასე ხსნის ბევრჯერ ნაომარი, მაგრამ ყველა შიდა სამხედრო კონფლიქტში დამარცხებული ქართული ჯარისადმი მოსახლეობის მხრიდან ასეთ უპრეცედენტოდ მაღალ ნდობას ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.

„სწორედ იმ სიყვარულის გამო, რომ მათ, ქართველმა ჯარისკაცებმა, ძალიან ხშირად იბრძოლეს გმირულად, უკვე გამარჯვებასაც აღარ აქვს მნიშვნელობა. უკვე ნდობაზე მათ უარს არ ეუბნება საქართველოს მოქალაქე, იმდენად მისია ეს ჯარი, იმდენად გაიგივებული აქვს თავის თავი ჯართან“.


უკვე გამარჯვებასაც აღარ აქვს მნიშვნელობა

30 აპრილს არმიის საყოველთაო და ღრმა სიყვარულზე ბევრს ლაპარაკობდნენ სხვა ქართველი პოლიტიკოსებიც, რომელთა უმრავლესობას თავად არასოდეს უმსახურია ქართულ ჯარში, მაგრამ აღიარებს ამ ინსტიტუტის, როგორც სახელმწიფო დამოუკიდებლობის სიმბოლოს, აუცილებლობას.

თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკოსებს ძალიან უყვართ მაღალი პროცენტებით მანიპულირება, რამაზ საყვარელიძის აზრით, არსებობს საშიშროება, რომ მსგავსმა სოციოლოგიურმა კვლევებმა დათვური სამსახური გაუწიოს და მოადუნოს რომელიმე მაღალრეიტინგული უწყების ხელმძღვანელობა:

„აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ დათვური სამსახური შეიძლება გაუწიოს. და ისევ ოჯახურ მაგალითს რომ დავუბრუნდეთ: მე თუ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი ყველას სჯობს, რა თქმა უნდა, იმის შემდგომ აღზრდასა დ განათლებაზე ისე არ ვიზრუნებ, როგორც მაშინ, როდესაც ამის დარწმუნება არ მაქვს. ამიტომ ამის საფუძველზე შეცდომაში შესვლა ადვილად შეიძლება, თუკი შემფასებელი მხოლოდ ქართული საზოგადოება დარჩა“.
2008 წელს, გარკვეულ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ არაკომპეტენტურობას როგორც ოპერატიულ, ისე ტაქტიკურ და სტრატეგიულ დონეზე...
ვლადიმერ ჩაჩიბაძე

მეტიც, სოციოლოგიური გამოკითხვით ნაჩვენები ნდობა არ არის გარანტია მომავალი წარმატებებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი ნდობა ძალიან მაღალი იყო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის წინ, სამხედრო ბიუჯეტი კი სამჯერ აღემატებოდა არმიის ამჟამინდელ დაფინანსებას, მაგრამ, ოპერაციის მართვის დროს დაშვებული შეცდომებისა თუ სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩარევის გამო, ჯარისკაცების თავგანწირვამაც კი ვერ შეაჩერა რუსეთის სამხედრო აგრესია.

სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს სამხედრო ძალების მოქმედების ყოვლისმომცველი ანალიზი საკუთარი 23-ე დღესასწაულისათვის დაასრულეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ექსპერტებმა. დოკუმენტი კლასიფიცირებულია და, მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოების ინტერესების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ მისი ცალკეული თავები გამოქვეყნდება. გამოკვლევის ერთი დეტალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კვირის ბოლოს ტელეკომპანია „იმედს“ გააცნო.

„2008 წელს, გარკვეულ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ არაკომპეტენტურობას როგორც ოპერატიულ, ისე ტაქტიკურ და სტრატეგიულ დონეზე. თუნდაც ტაქტიკური დონის მაგალითზე რომ ავიღოთ, იყო პრეცედენტები, როდესაც რპგ 7-ის (ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი) გათვლა იყო დანიშნული მეტყვიამფრქვევის, ან მსროლელის თანამდებობაზე. ეს, რა თქმა უნდა, არის რესურსების ტყუილი ხარჯვაც,“- განაცხადა პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ასეთი შეცდომები და „რესურსების ტყუილი ხარჯვა“, ალბათ, ცოტა არ არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში. მაგრამ თუ მხოლოდ მათ გამოვიტანთ სააშკარაოზე, მაშინ საქართველოს არმიის ამ 23-წლიანი ისტორიიდან შეიძლება აღარაფერი დარჩეთ საამაყო და გასახსენებელი არმიის გულშემატკივრებსა და კეთილისმყოფელებს.