სლავიანსკში გაათავისუფლეს ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები

პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა შვიდკაციანი ჯგუფი და მათი უკრაინელი თანაშემწეები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკში ჰყავდათ შეპყრობილი. ამის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარგზავნილ ვლადიმირ ლუკინზე დაყრდნობით, რომლის თანახმად „ყველა 12 პირი გათავისუფლდა.“ ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებისაგან შემდგარი ჯგუფი სეპარატისტულად განწყობილმა ძალებმა 25 აპრილს დააკავეს სლავიანსკში, სადაც განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სპეცდანიშნულების ძალებმა გაანთავისუფლეს აეროპორტი და სატელევიზო ანძა. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი იუწყება, სამთავრობო ძალებს მჭიდრო ალყაში ჰყავთ ქალაქის ცენტრალური ნაწილი და აგრძელებენ ოპერაციას შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ.