საქართველოში კრიტიკა მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებას კამპანიაზე "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ"

საქართველოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კრიტიკით გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ დაიწყო უკანონო ფარული ჩანაწერების განადგურება და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, ხოლო სამოქალაქო კამპანიის წარმომადგენლები კი ცდილობენ, მოქალაქეები დაარწმუნონ, რომ დღეს ისევ ყველას უსმენენ. „მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული და მისი საჭიროება უბრალოდ, არ არსებობს“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მის ამ განცხადებაზე გამოხმაურებისას, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" აღმასრვულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ გამოთქვა აზრი, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრისაგან მოვისმინეთ ტოტალიტარული სახელმწიფოს მეთაურის რიტორიკა“. ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ თავად პრემიერ-მინისტრის განცხადებას უწოდა ანტისახელმწიფოებრივი.