ქართული ღვინის ექსპორტი - საფრთხეები და სარგებელი

2014 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტის 70 პროცენტი რუსეთის ბაზარზე გავიდა. რამდენად მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია რუსეთი საქართველოსთვის? ხომ არ გახდება საქართველო დამოკიდებული მხოლოდ ერთ საკმაოდ არასტაბილურ ბაზარზე?

2013 წელს ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე ხმაურით დაბრუნდა, თუმცა 2013 წელი ღვინისთვის წარმატებული აღმოჩნდა არამხოლოდ ამ ბაზარზე: 2012 წელთან შედარებით, გასულ წელს ღვინის ექსპორტი საქართველოდან გაიზარდა 50 პროცენტით. ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა პარტნიორ ქვეყანაში, მათ შორის, 150 პროცენტით - რუსეთში, თუმცა 254 პროცენტით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, მაგალითად, ნიდერლანდში. მცირედი კლება აღინიშნა აზერბაიჯანში, კანადასა და ლატვიაში. ამ წელს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნები იყვნენ რუსეთი და უკრაინა (შესაბამისად, 44% და 23% ). წამყვან ათეულში ევროკავშირის ქვეყნებიცაა: პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ამ დროისთვის ღვინის ექსპორტი მთლიანი ქართული ექსპორტის, სულ, 4 პროცენტს შეადგენდა, რუსეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა კი მთლიანი ექსპორტის მოცულობაში - სულ, 2 პროცენტს. შესაბამისად, ღვინის ექსპორტის ზრდა ქვეყნისთვის, ცხადია, მნიშვნელოვანი იყო, თუმცა იგი გარდამტეხ გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე, როგორც ციფრებიდანაც ჩანს, ვერ ახდენდა.

მაგრამ ზრდა გრძელდება და 2014 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტმა უკვე მთლიანი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა. წელს საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში 15.4 მილიონი ბოთლი გავიდა გასაყიდად, რაც 243%-ით მეტია, წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. და ეს მაშინ, როცა ქართული ღვინის რიგით მეოთხე ბაზარი, ბელორუსი, 2014 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინისთვის დროებით დაიკეტა. შესაბამისად, ამჯერად ექსპორტის 70 პროცენტი რუსეთის ბაზარზე მოდის. ბელორუსის ბაზრის დაბრუნება, რაც უკვე 2014 წლის მაისიდან იგეგმება, ამ ბალანსსაც ნაწილობრივ შეცვლის და, სავარაუდოა, რომ ღვინის ექსპორტის მასშტაბზეც დადებითად აისახება.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ღვინის ექსპორტის ზრდა, ახალი ბაზრის გახსნის გარდა, განპირობებული იყო ქვეყანაში ამ დარგში წარმოების ზრდითაც - 2013 წელს საქართველოში 55 პროცენტით გაიზარდა ყურძნის წარმოება და 224,5 ათასი ტონა შეადგინა.

ახალი საწარმოო შესაძლებლობების გაჩენა მნიშვნელოვანია იმ ფონზეც, რომ საქართველოს, რუსეთის ბაზრის გარდა, ასათვისებელი აქვს იმავე ბელორუსის საექსპორტო კვოტებიც (მით უმეტეს, რომ 2015 წელს ამ კვოტების საერთოდ გაუქმება იგეგმება); საქართველოს არც ევროკავშირის ბაზარი აქვს ათვისებული - 2013 წლის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტი მთლიანი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის მხოლოდ 6 პროცენტი იყო. ამის მიზეზია ევროსტანდარტებისა და სერტიფიცირების მოთხოვნების დაკმაყოფილების სირთულე. თუ გავითვალისწინებთ იმ პერსპექტივებს, რასაც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება მოუტანს, ქართულ ღვინოს ევროკავშირის ბაზარზე ახალი პერსპექტივები ეხსნება.

სწორედ ამ პერსპექტივებიდან და ბოლო ათწლეულის გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მეწარმეებმა ხარისხზე აღებული ორიენტაცია არ შეცვალონ და ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე უარი არ თქვან, რადგან სწორედ ამ პოლიტიკამ გადაარჩინა ქართული ღვინო და ახლად დაბრუნებულ რუსულ ბაზარზე ბოლო წლებში უკვე დამკვიდრებულ ახალ ბრენდებთან კონკურენციაც მარტივად შეაძლებინა.