დავით ქევხიშვილის საქმე – ვინ ცდილობს ყვარლის გაკონტროლებას?

ყვარლის ცენტრი

დავით ქევხიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, საკრებულოს გადაწყვეტილებას გამგებლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებს. დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 25 აპრილს თანამდებობიდან იმ დროს გაათავისუფლა, როდესაც გურჯაანის სასამართლოში მისი და კიდევ 17 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

საკრებულოს თავმჯდომარე ზაზალ ლომიძე განმარტებას იძლევა, თუ რატომ გაათავისუფლეს გამგებელი:

„საერთოდ, ბოლო პერიოდში გამგეობის მიერ ხდებოდა საკრებულოს დეპუტატების იგნორირება. მიუხედავად ჩვენი დაჟინებული მოთხოვნისა, რომ გვქონოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე, გარკვეულ საბიუჯეტო პროცესებზე, ჩვენი ჩართულობა ამ მხრივ იყო მინიმალური. როდესაც გამგებლის გათავისუფლება მოხდა, სწორედ ამ ფაქტებზე იყო ლაპარაკი“.

ვიდრე საკრებულოში დავით ქევხიშვილის გათავისუფლების პროცედურა მიმდინარეობდა, წვრილმანი ხულიგნობისთვის ქევხიშვილი 100 ლარით, ხოლო წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთათვის დაუმორჩილებლობისთვის 400–400 ლარით დაჯარიმდნენ ქევხიშვილის მხარდამჭერები. დავით ქევხიშვილი ამბობს, რომ, ყვარელში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ის თვითმმართელობის არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს. თუ რა ფორმით, ამის თაობაზე ჯერ არაფერს ამბობს:

„ჩემთვის გულსატკენია ის, რომ მეც და ჩემი მხარდამჭერები რასაც ვებრძოდით აქამდე, ახლაც იგივე ხორციელდება. ისევ ხდება ზეწოლა საკრებულოზე და, შესაბამისად, ესენიც ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას. სწორედ ეს არის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი. მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში“.
შეურაცხყოფას ადრეც ვაყენებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლაც და მომავალშიც მივაყენებთ, მაგრამ ის, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია ან ძალადობა განგვეხორციელებინა...
დავით ქევხიშვილი

25 აპრილს პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დააკავა. მასთან ერთად დააკავეს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული, „ქართული ოცნების“ წევრები და მოქალაქეები.

გამგებლის მხარდამჭერები დააკავეს მაშინ, როდესაც მათ გამგებლის დაკავება ქუჩაში გააპროტესტეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულებმა საკრებულოს წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებენ დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები, თუმცა ამბობენ, რომ მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ:

„შეურაცხყოფას ადრეც ვაყენებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლაც და მომავალშიც მივაყენებთ, მაგრამ ის, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია ან ძალადობა განგვეხორციელებინა, ეს არის ცილისწამება!“

„დავინახე, რომ ბატონი დავით ქევხიშვილი მიჰყავდა პოლიციას. დათოს ვკითხე, რა ხდება-მეთქი და ამ დროს გადამიგრიხეს ხელები და მეც დამაპატიმრეს. სხვა არც არაფერი უკითხავთ და არც არაფერი მითქვამს“.
ფარული და აკრძალული მეთოდებით ბრძოლა გამოუცხადეს დავით ქევხიშვილს. ვიღაცას ჰყავდა ზედელაშვილი, ვიღაცას ჰყავდა ფერიაშვილი... ესენი ორივე შს სამინისტროში მუშაობენ...
ნინო ხუციშვილი

ყვარლის გამგებელი არ ამბობს, თუ ვინ და რატომ ცდილობს ყვარელში დაპირისპირებისა და ქაოსის გამოწვევას, თუმცა ამის თაობაზე ღიად ლაპარაკობს გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ნინო ხუციშვილი. მან კონკრეტული გვარები დაასახელა, თუ ვის ინტერესებშია ყვარლის სცენარი:

„ფარული და აკრძალული მეთოდებით ბრძოლა გამოუცხადეს დავით ქევხიშვილს. ვიღაცას ჰყავდა ზედელაშვილი, ვიღაცას ჰყავდა ფერიაშვილი... ესენი ორივე შს სამინისტროში მუშაობენ. ერთი მინისტრის მოადგილეა და მეორე უშიშროების საკითხებს კურირებს. წარმოშობით ორივე ყვარლიდანაა. მათი ინტერესები გამომდინარეობდა იქიდან, რომ მათ ყვარელი აკონტროლონ“.

ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს სწავლობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისი. საიაში ამბობენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს არჩეული გამგებლისა და მერებისათვის უნდობლობის გამოცხადების იმ პროცედურის პრობლემურობაზე, რომელიც გათვალისწინებულია ახალ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში.