აფხაზეთში მცხოვრებმა მოსწავლეებმა განმუხურში სწავლა განაახლეს

განმუხურის საჯარო სკოლა

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა მოსწავლეებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურის სკოლაში სწავლა ისევ განაახლეს. ადგილობრივმა მთავრობამ დააკმაყოფილა მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის თხოვნა, რომ პირობითი საზღვრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოზარდების ტრანსპორტირება მომხდარიყო.

განმუხურის მოსაზღვრე ოკუპირებული ოტობაიიდან, ფიჩორიდან და ნაკარღალიდან წამოსულ მოსწავლეებს მიკროავტობუსი ორსანტია-ოტობაიის გამშვებ პუნქტთან დახვდება და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოველდღე მიიყვანს.

განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორის, ზურაბ ჯოლოგუას თქმით, ტრანსპორტით უზრუნველყოფის შემდეგ გაკვეთილებზე დასწრებას ყველა მოსწავლე ახერხებს:

„ერთი ბავშვი თუ დამაკლდა თვრამეტიდან, თორემ მოდიან. ყოველ დილით, რვა საათზე, ადგილზეა ტრანსპორტი და ბავშვები ცხრის ნახევარზე უკვე სკოლაში არიან. ექვსი გაკვეთილის შემდეგ „მარშრუტკა“ ისევ მოდის და ბავშვები უკან მიჰყავს“.

თვეზე მეტია, რაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს რუსი სამხედროები თავისუფლად გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. მათ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მსურველებს მოსწავლის საშვი მოსთხოვეს, რომლის გაცემაზეც გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში მისულ მშობლებს მიზეზის აუხსნელად უთხრეს უარი.

გარკვეული ხნის განმავლობაში, სანამ ე.წ. მესაზღვრეებისგან მკაცრ გაფრთხილებას მიიღებდნენ, მოსწავლეები სკოლაში მისვლას შემოვლითი გზით მაინც ახერხებდნენ. დე ფაქტო მთავრობამ მათ გადაადგილების უფლება მხოლოდ ოტობაია-ორსანტიის გამშვები პუნქტით მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით დაემუქრა. გადაადგილებისთვის ნებადართული პუნქტი მოსწავლეების სახლებიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სკოლაში მისასვლელად მანძილის ფეხით გავლას ყოველდღე 18 მოსწავლიდან მხოლოდ 3-5 მოსწავლე ახერხებდა.

მშობლები დახმარებისთვის განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრს დაუკავშირდა, რომელმაც, თავის მხრივ, ტრანსპორტის გამოყოფის შესახებ ოფიციალური წერილით ზუგდიდის საკრებულოსა და გამგეობას მიმართა. რესურსცენტრის დირექტორის, გონერ პაპავას განცხადებით, 10 აპრილს საკრებულომ საკითხი დადებითად გადაწყვიტა:

„23 აპრილიდან დადის ტრანსპორტი, რომელსაც მეთვალყურეობას ქართული საგუშაგოს პასუხისმგებელი პირები უწევენ. ისინი თავის დროზე საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ იქნა გაფრთხილებული და დაუწყებული. ამ ეტაპზე არ არსებობს დაფინანსების პრობლემა, რადგან საკრებულოს აქვს გადაწყვეტილება მიღებული ერთი დამატებითი ხაზის დაფინანსებასთან დაკავშირებით“.


ოტობაია-განმუხურის პირობითი საზღვარი ერთადერთი არ არის, სადაც მოსწავლეებს პრობლემები ექმნებათ. გადაადგილების აკრძალვის მიზეზით, სწავლა უკვე შეწყვიტა მოზარდთა ნაწილმა ხურჩაში და ოკუპირებული საბერიოს სკოლაში გადავიდა. მანამდე ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარს ყოველდღიურად 25 მოსწავლე კვეთდა. იგივე პრობლემა ფახულანი-საბერიოს ე.წ. გადასასვლელთან მას შემდეგ მოგვარდა, რაც მშობლებმა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში რუსულ ენაზე თარგმნილი მოსწავლის საშვები დაამზადეს. რუსმა სამხედროებმა ახალგაზრდებს აქ სექტემბერში განუცხადეს, რომ განათლების მიღება აფხაზეთშიცაა შესაძლებელი და ამ მიზნით საზღვრის გადაკვეთა საჭირო არ არის.