ზუგდიდის გამგეობა ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ვერ ეხმარება

ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში სოფლებიდან სამკურნალოდ დღეგამოშვებით მიდიან, გამგეობისგან ფინანსურ დახმარებას ან ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითხოვენ. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების თქმით, იმისათვის, რომ მკურნალობის კურსი გაიარონ, ხშირ შემთხვევაში ღამის საათებში მგზავრობენ, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის და ავტომანქანის დაქირავება უწევთ, საჭირო ფინანსები კი მათ დიდ ნაწილს არ გააჩნია.

სოფელ ურთაში მცხოვრები ვახტანგ ქირია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ ყოველ მეორე დღეს მიდის და, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხსაათიან პროცედურას გადის. დიალიზის უფასო პროგრამაში მის გარდა კიდევ 100-მდე პაციენტია ჩართული. ვახტანგ ქირია მკურნალობის კურსს რიგის მიხედვით გადის და ხშირად საავადმყოფოს ღამით ტოვებს:

„ღამის ათ საათზე გავდივარ საავადმყოფოდან. ასეთ დროს ტაქსი 10-12 ლარად მიდის. ამის შესაძლებლობა მე არ მაქვს. ამოწურული მაქვს, რადგან საკმაოდ დიდი ხანია დავდივარ. თვეში მარტო წამალზე 100-120 ლარი მჭირდება და გზასაც 120 ლარს ვაძლევ. არ მაქვს ამის საშუალება“.

ვახტანგ ქირიამ და მერაბ ჭაავამ, რომელიც ზუგდიდში სამკურნალოდ სოფელ ნარაზენიდან მგზავრობს, განცხადებით მიმართეს საკრებულოს, უზრუნველყონ ზუგდიდის სოფლებიდან პაციენტების მგზავრობა, მით უფრო, რომ მსგავსი პროგრამა სხვა მუნიციპალიტეტებში უკვე არსებობს. მერაბ ჭაავას თქმით, განცხადებას ხელი 33-მა მსურველმა მოაწერა.
შევისწავლეთ ეს საკითხი ჯერ ბიუროზე ჩვენთან, მერე კომისიაზე გავიტანეთ. ბიურომ და საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და წერილი მივწერეთ გამგეობას თხოვნით, შეისწავლონ რამდენია ასეთი პაციენტი...
რევაზ ხაინდრავა
„ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ... ყველას დაურიცხეს 100-100 ლარი. ჩვენ გვქონდა საუბარი, მაგრამ ვერ გავიგეთ, ხან ფული არ არისო და ხან რა. სადაა ეს ფული და ვისგან უნდა მოვიდეს? ჩვენ გვეკუთვნის ფული ან უნდა მატაროს, წამიყვანოს და ისევ მომიყვანოს, იმიტომ რომ მეოთხე ჯგუფის ინვალიდები ვართ, მომაკვდავები ვართ მალე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მერაბ ჭაავამ.

ზუგდიდის საკრებულოს სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რევაზ ხაინდრავა ადასტურებს, რომ მოქალაქეთა განცხადება მსგავსი თხოვნით საკრებულოში შევიდა:

„შევისწავლეთ ეს საკითხი ჯერ ბიუროზე ჩვენთან, მერე კომისიაზე გავიტანეთ. ბიურომ და საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და წერილი მივწერეთ გამგეობას თხოვნით, შეისწავლონ რამდენია ასეთი პაციენტი და გაგვაგებინონ, რა სახის დახმარების გაწევა შეუძლიათ მათ“.

რევაზ ხაინდრავას თქმით, გამგეობას ოფიციალური წერილით, დაახლოებით, ერთი თვის წინ მიმართეს და პასუხის მიღებისთანავე დაიწყება ამ პრობლემის მოგვარება.
ორულუში ცხოვრობს ვიღაც, რომელიც დიალიზის პროგრამაშია ჩართული და იქიდან ტაქსით მოდის. ახლა მე იმ ტაქსს როგორ ჩავურიცხო ფული? ისინი ამბობენ, სხვა რაიონებს, წალენჯიხას და ჩხოროწყუს აქვსო...
გურგენ სართანია
მისგან განსხვავებით, საკითხის დადებითად გადაწყვეტის იმედი არ აქვს ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ გურგენ სართანიას. მისი განმარტებით, მოქალაქეებმა შესაბამისი თხოვნით მაშინ მიმართეს, როცა ადგილობრივი ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო და ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, მასში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია:
„ვიცი, ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია და მეც მაწუხებს, რომ ამ ხალხს მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს და ტრანსპორტირებას ითხოვენ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, ახლა როგორ შეიძლება მათ ეს თანხა ჩავურიცხოთ. არც პროექტი შემოუთავაზებია ვინმეს, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ამ ხალხზე თანხის ჩარიცხვა“.

გურგენ სართანიას თქმით, თუკი სხვა მუნიციპალიტეტებს აქვთ მსგავსი პროგრამა, მხოლოდ იმიტომ, რომ პაციენტებს შორი მანძილიდან უწევთ ზუგდიდში ჩამოსვლა.

„ორულუში ცხოვრობს ვიღაც, რომელიც დიალიზის პროგრამაშია ჩართული და იქიდან ტაქსით მოდის. ახლა მე იმ ტაქსს როგორ ჩავურიცხო ფული? ისინი ამბობენ, სხვა რაიონებს, წალენჯიხას და ჩხოროწყუს აქვსო. სხვას იმიტომ აქვს, რომ იქ საავადმყოფო არ აქვთ და მოდიან აქეთ“, - ამბობს გურგენ სართანია. მის მიერ მაგალითად მოყვანილი სოფელი ორულუ ზუგდიდიდან 17 კილომეტრში მდებარეობს, წალენჯიხა კი, სადაც პაციენტებს გამგეობა მგზავრობის თანხას უნაზღაურებს, - 25 კილომეტრში.

დიალიზის პროგრამაში ჩართული 17 პაციენტის მგზავრობის თანხას ასევე ანაზღაურებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი.

„ჩვენთან ეს პროგრამა ფუნქციონირებს იანვრიდან. ავადმყოფებს, რომლებიც დიალიზის პროგრამაში არიან ჩართული, 100-100 ლარს ვურიცხავთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გოგუამ.

ზუგდიდის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში ანალოგიური პროგრამის ამოქმედების შესახებ მსჯელობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყება.