ავტორი: ლუკა მგელაძე

ჯვარს მაცვით, ნუთუ ჩემი სიმართლე თქვენსას დამონებულა? ნუთუ მე ვერ გაგიგეთ, ვერ მოვიტანე ჩემი სათქმელი თქვენამდე? გავირიყე, რადგან ვაკეთე ის რისიც მჯეროდა, გავიარე იქ სადაც მინდოდა, ვამბობდი იმას რასაც ვფიქრობდი. არ მოვერიდე ჩემი ტვირთის ჩემ თავზე აღებას და თუ კი ეს თქვენი შეხედულებებისამებრ ვერ ვატარე მაპატიერთ, მაპატიეთ, რომ მე თავქარიანმა ცხოვრება ვერ დავალაგე, ხოლო თქვენ პატივს მხოლოდ იმას სცემთ ვინც სახე დამშვიდებული და გარეგნულად სპეტაკია. მე ვერ ჩავეწერე თქვენს უბის წიგნაკში, არამედ ისე გადამისვით ხაზი, როგორც გამოუსწორებელ მევალეს. მე... მე სულ მტანჯავდა მოუსვენრობა, სიახლესთან შეგებება, ამოუცნობის ცნობა. მე გავერიდე მდორე ამაოებას და გადავეში შინაგანი გამოძახილის მორევში, მე სიწყნარეს ხმაური ვარჩიე, უმოძრაობას მოძრაობა, უშეცდომობას შეცდომა, მე ვამჯობინე მეარა, თუნდაც ეულს, მეარა თუნდაც არეულს, მხოლოდ მეარა გაუჩერებლივ, არ მიმეცა კუნთებისათის მოდუნების, გონებისათვის სიზარმაცის, სულისათვის კი შეგუების საშუალება. და თუნდაც დამიკარგავს ჩემი კანის ელასტიურობა, თუნდაც, რომ ცრემლი შემშრობოდეს, მე ხომ იქ წავედი სადაც მოვისურვე, მე ხომ არ დავჯერდი შემოთავაზებულს. მე არ ამიღია წიგნი განკითხვისა, მე მხოლოდ ერთ წიგნი ავიღე, წიგნი თავისუფლებისა სადაც არაფერია დაწერილი, ის დაუწერელია ის ხომ მხოლოდ დასაწერია და მეც ოფლითა და სისხლით, ჭუჭყითა და შეცდომებით ვწერ და არ მეშნია ფურცლების დასვრის, რადგან არ ისვრება მხოლოდ ის ნაწერი, რომელიც შემზადებულია გადასაწერად. მე კი მხოლოდ იმისათვის დამბადეს, რომ გამოვსულიყავი სააშკარაოზე, გამომეტანა სიტყვა და ვალი მომეხადა, მიმეცა კეისრისათვის კეისრის, ხოლო ღმრთისათვის ღმრთსა, ეს ღმერთი მე ვარ, უფალი საკუთარი თავის, თავის უფალი, მაშასადამე ცოდვაც ჩემია და სიწმინდეც, ზნეობაცა და უზნეობაც და თქვენ მე მაცვით ჯვარს, მაცვით რადგან არ მოვიხურე გახუნებული მანტია შეგონების, არ დავლიე მრავალჯერ ნათქვამი სასმისი, არ გავიმეორე ის რასაც მთხოვდით. მე მადლობელი ვარ, მადლობელი ვარ თქვენი, რომ დამანახეთ ჩემი თავი, ხოლო თქვენც იყავით ჩემი მადლობლები რათა დაგანახეთ თქვენი თავები.
თუ ვერ მოვიპოვე აღიარება, არამედ დაცემა მხვდა წილად, თუ ვერ დავიხურე მოოქროვილი გვირგვინი, არამედ მხოლოს ხისას დავჯერდი, ნუ გაიკვირვებთ.. ნუ გაიკვირვებთ, რადგან მე ხომ თავისუფლებას მაშინ ჩავჭდე ხელი როცა პირველად დამიცდა ფეხი, მე ხომ მაშინ შევიგრძენი სიმწარისა და სიამოვნების გრძნობა, როცა პირველ ცოდვას გაუსინჯე გემო. მე აღსავსე ვარ სიამაყით, რომელიც ეგოიზმის კარიბჭესაა მიმდგარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვაქციე ჩემი თავი ჩემივე თავისვე გმირად, ვაქციე ჩემი თავი ჩემი თავისვე დამრიგებლად და ვაქციე ჩემი თავი, ჩემი თავისვე ყველაზე საყვარელ წიგნად. მცრის თვალში როცა ვხედავ სტრიქონებს პირველი დაცემიდან პირველ აღდგომამდე. მიმძაფრდება მარტოობის სურვილი, რადგან ის სათავეა შემგდომი სვლისა და განვითარებისა. მეღიმება აღმართული კედლის სიმაღლეზე, რადგან უფრო მაღალი, ცოდნა და გამოცდილებაა.. უფრო დიდია, შეგრძნება გარდაცვალებისა და ჟინი სიცოცხლისა.