ჯვარმცმელთა დემოკრატია

თავდაპირველად გავიხსენოთ მრავალჯერ წაკითხული თუ არა, მოსმენილი მაინც, ამბავი მათეს სახარებიდან (თავი 27): „გათენებისას მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ითათბირეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი. და შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს - განმგებელს. [...] დღესასწაულზე ჩვეულება ჰქონდა განმგებელს - ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე ერთ პატიმარს, ვისაც ისურვებდნენ. ჰყავდათ მაშინ ცნობილი პატიმარი, ბარაბად წოდებული. როცა მათ თავი მოიყარეს, უთხრა პილატემ: ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული? რადგან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი. [...] ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ. მიუგო განმგებელმა და უთხრა მათ: ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ? მათ უთხრეს: ბარაბა. ეუბნება მათ პილატე: იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს? ყველამ თქვა: ჯვარს ეცვას! ხოლო მან თქვა: რა ბოროტება ჩაუდენია? მაგრამ ისინი დაჟინებით ყვიროდნენ: ჯვარს ეცვას! როცა პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით. მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი. მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.“

ახლა შევხედოთ მოთხრობილ ამბავს, როგორც სამართლებრივ-პოლიტიკურ ფაქტს, რამდენადაც მათეს სახარებაში ის სწორედ ასეთი სახითაა გადმოცემული: იესოს სამღვდელოება ღვთის გმობაში ადანაშაულებს („მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: მან ჰგმო, რაღად გვინდა მოწმეები? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა. რას ფიქრობთ? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: სიკვდილის ღირსია. მაშინ აფურთხეს სახეში და სცემეს, ზოგიერთებმა სილა გააწნეს.“ მათე 26, 65-67) და მის სიკვდილით დასჯას ითხოვს. რამდენადაც სამღვდელოება არ არის უფლებამოსილი, თავად აღასრულოს განაჩენი, იესოს გადასცემენ რომაული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პილატეს. პილატესთვის გაუგებარია იესოს ბრალეულობა, მაგრამ იუდეის გამგებელი და რომის იმპერიის მოხელე საჭიროდ მიიჩნევს გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობისა და მისი სასულიერო ხელმძღვანელობის სურვილი, რათა თავიდან აიცილოს შფოთი და ამბოხი. მაგრამ პასექის დღესასწაული საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, ერთი პატიმარი შეიწყალოს. შეწყალების პროცედურა, შეიძლება ითქვას, დემოკრატიულია: შესაწყალებლის ამორჩევის უფლება თავად ხალხს აქვს, გამგებელი კი ხალხის ნებას ემორჩილება. მაგრამ სწორედ აქ ვხედავთ დემოკრატიის ერთ პარადოქსს: ხალხს საკუთარი ნება და თავისუფალი განსჯის უნარი არ გააჩნია; ის ამბობს და აკეთებს იმას, რასაც მას შთააგონებს და აკეთებინებს სამღვდელოება, როგორც მისი უმაღლესი ავტორიტეტი. თავისუფალ ნებას და აზროვნების უნარს მოკლებული ადამიანების „დემოკრატიული“ გადაწყვეტილების შედეგი არის ქრისტეს ჯვარცმა.

რამდენადაც ხალხი საკუთარი თავისუფალი ნებით არ მოქმედებს, არამედ აკეთებს იმას, რასაც მისთვის ყველაზე ავტორიტეტული ფენა - სამღვდელოება - აკეთებინებს, ვერც ხალხის გადაწყვეტილება ჩაითვლება დემოკრატიულად. ხალხი მხოლოდ ინსტრუმენტია სამღვდელოებისა და ხელისუფლების ხელში საკუთარი უსამართლო ქმედების ლეგიტიმაციისათვის. სამღვდელოების მანიპულაციის მეშვეობით ხალხის გონება იმდენადაა დაბნელებული, რომ მას პასუხის გაცემის უნარიც კი დაკარგული აქვს: როდესაც გაკვირვებული პილატე სვამს კითხვას, ასეთი რა ჩაიდინა იესომ, რათა ჯვარს ეცვასო, ეგზალტირებული ბრბო შფოთავს და იმეორებს: „ჯვარს ეცვას!“ და თანაც მზადაა, უდანაშაულოს დასჯის ცოდვა საკუთარ თავსა და შთამომავლობაზეც აიღოს. მისთვის სამღვდელოებისადმი მორჩილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღმერთის წინაშე ცოდვის არჩადენა. ავტორიტეტისადმი მორჩილება მორალზე, სამართლიანობაზე, თვით ღვთის მცნებაზე მაღლა დგას.

რა არის იესოს დანაშაული, რის გამოც მას სამღვდელოება და ხალხი სასიკვდილოდ იმეტებს? ოფიციალური ბრალდება - ღვთის გმობა - ნიშნავს სარწმუნოებიდან გადახვევას, მის ახლებურ ან არაკანონიკურ ინტერპრეტაციას, რადგან ის, რასაც ქრისტე ქადაგებდა, სარწმუნოებაში გათვითცნობიერებული იუდეველისთვის ძველი აღთქმის წიგნების არაკანონიკურ, დამახინჯებულ ინტერპრეტაციად აღიქმებოდა. ქრისტე ემიჯნებოდა და არღვევდა ტრადიციას, წესებს, რელიგიურ კანონს. ამით ის კონფლიქტში შევიდა სამღვდელოებასთან, რომელსაც საღვთო წიგნების ინტერპრეტაციაზე მონოპოლია ჰქონდა. ამასთანავე, ლუკას სახარებაში სამღვდელოების მხრიდან ქრისტესადმი ბრალდებად „ხალხის გზიდან აცდენაცაა“ ნახსენები (ლუკა 23, 14). იოანეს სახარებაში (11, 50) მღვდელმთავარი ასე ასაბუთებს ქრისტესთვის გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს: „გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“. ამგვარად, სამღვდელოება ხალხს მასზე ზრუნვის მოტივით ატყუილებს, სინამდვილეში კი შურს იძიებს ქრისტეზე და მას სასიკვდილოდ წირავს გონებაამღვრეული და თავისუფალი ნების არმქონე ხალხის ხელით.

ქრისტეს ჯვარცმა, როგორც პოლიტიკური აქტი, არის ნიმუში სამღვდელოების, ხალხისა და ხელისუფლების მანკიერი სამკუთხედისა, რომელთა თანამშრომლობის შედეგიც დანაშაულია. ქრისტეს დამნაშავეობა საზოგადოების ერთი, მაგრამ ყველაზე ავტორიტეტული ფენის - სამღვდელოების - აზრია, რომელსაც ის თავს ახვევს მთელს საზოგადოებას და მათ საერთო აზრს ხელისუფლება ანგარიშს უწევს, ემორჩილება, რათა ამით თავიდან აიცილოს ხალხის მღელვარება. სამღვდელოება საკუთარ ნებას ხელისუფლებას ხალხის მეშვეობით ახორციელებინებს. ხალხმა, რომელიც ბრმად მიჰყვება თავის მოძღვარ-ავტორიტეტს, დანაშაულებრივი განაჩენის ინსტრუმენტია, თუმცა მან ამის შესახებ არაფერი იცის. ამიტომაც მიუტევებს მათ ქრისტე, „რადგანაც მათ არ იციან, რას სჩადიან“ (ლუკა 23, 34). მაგრამ ვინც ზუსტად იცის, რას სჩადის, - სამღვდელოება, რომელიც ქრისტეში საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს („შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ სასწაულს ახდენს? თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას.“ - იოანე 11, 47-48) და ხელისუფლებაა, რომელმაც იცის, რომ ქრისტე უდანაშაულოა, იცის, რომ ხალხი, რომელიც ქრისტეს ჯვარცმას ითხოვს, სამღვდელოების მიერ მოტყუებული და მანიპულირებულია, მაგრამ ეშინია მღელვარების და ემორჩილება ხალხის „ნებას“.

ასეთია ჯვარმცმელთა დემოკრატია, რომლის მეშვეობითაც დანაშაული და ბოროტება იმარჯვებს ხალხის ნების აღსრულებისა და სწორი გზიდან მათი აცდენისგან დაცვის სახელით. ხალხი, რომელსაც ჩახშული აქვს თავისუფალი ნება და განსჯის უნარი და ბრმად ემორჩილება მასზე „მზრუნველ“ მოძღვარ-ავტორიტეტებს, ბოროტების ინსტრუმენტად გადაიქცევა. ამის მაგალითები კი უხვადაა როგორც ისტორიაში, ისე მხატვრულ ლიტერატურაში. საუკეთესო ილუსტრაციაა თუნდაც დოსტოევსკის „დიდი ინკვიზიტორი“, სადაც XV საუკუნის სევილიაში გამოცხადებულ ქრისტეს, როგორც მწვალებელს, აპატიმრებს ადგილობრივი მღვდელმთავარი - დიდი ინკვიზიტორი - და ხალხიც, რომელმაც იცნო ქრისტე, მორჩილად თავს უქნევს მოძღვარ-ავტორიტეტს და ხელმეორედ ჯვარცმისათვის გაწირავს ერთხელ უკვე ჯვარცმულს.

ქრისტეს ჯვარცმის პოლიტიკური განზომილება არის ის, რასაც პირობითად ჯვარმცმელთა დემოკრატია შეიძლება ეწოდოს და ქრისტეს ჯვარცმაც მუდამ მეორდება, როდესაც ხალხი ბრმად მიჰყვება თავის დამმოძღვრელებს და მათი შთაგონებით წირავს და სასიკვდილოდ იმეტებს მათ, ვინც „გზიდან ამცდენებად“ ჰყავთ შერაცხული სამღვდელო თუ საერო ავტორიტეტებს. ქრისტესავე სიტყვებით, რომლებსაც სახარება გადმოგვცემს, ყველა უსამართლობა, რომელიც სხვა ადამიანის მიმართაა ჩადენილი, ქრისტეს მიმართ ჩადენილი დანაშაულია: „რადგან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული და საპყრობილეში მყოფი და არ მომინახულეთ. [...] ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგან, არც მე გამიკეთეთ და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში“ (მათე 25, 42-46).

ქრისტესეული და სახარებისეული პერსპექტივიდან თუ შევხედავთ და ამ ალეგორიას პოლიტიკურ რეალობაში გადმოვიტანთ, 2013 წლის 17 მაისს თბილისში გამარჯვება იზეიმა ჯვარმცმელთა დემოკრატიამ: სამღვდელოებამ, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, რასაც სჩადიოდა, იარაღად გამოიყენა მოტყუებული და გაბრიყვებული ხალხი, რომელმაც არ იცოდა, რას სჩადიოდა და მას სასიკვდილო ცოდვის - ადამიანებზე ძალადობისა და ანგარიშსწორებისკენ უბიძგა. შეშინებული ხელისუფლება კი თავს იმართლებდა, უმრავლესობის ნების წინააღმდეგ როგორ წავიდეო? სამღვდელოების, თავისუფალი ნების არმქონე და სამღვდელოების ავტორიტეტს მინდობილი ხალხისა და პოლიტიკური ნების ვერმქონე ხელისუფლების ამ მანკიერი სამკუთხედით კი ამ დღეს თბილისში ქრისტეს მორიგი ჯვარცმა შედგა. სახარებისეული მოძღვრებით, ქრისტეს ჯვარცმა მუდამ მეორდება, როცა საზოგადოება გულგრილია გაჭირვებული და სნეული ადამიანის მიმართ, როდესაც არ იღებს უცხოს, ძალადობს პატიმარზე, სასიკვდილოდ იმეტებს მათ, ვისაც მოძღვარ-ავტორიტეტები „გზიდან ამცდენებად“ რაცხავენ. ჯვარცმის გადაწყვეტილებას იღებს ის სამღვდელოება, ვინც ატყუებს და გეშავს ხალხს და ის პოლიტიკოსი, რომლისთვისაც კანონიერებაზე მაღლა სამღვდელოებისა და მისგან მანიპულირებული ხალხის „ნება“ დგას. ამ დანაშაულში უმანკო არც ხალხია, რომელიც უმანკოდ ინახავს საკუთარ გონებას და მისი მართვის უფლებას ბრმად მიანდობს მოძღვარ-ავტორიტეტებს, რომელთა კარნახითაც ჯვარცმას მოითხოვს.