რა უთხრეს თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს

ტომას მელია

ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა, თბილისში მყოფი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ტომას მელია ინფორმაციის მიღებას სამოქალაქო სექტორის წიაღიდან ცდილობს. 23 აპრილს გაიმართა შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიაანალიტიკოსებთან.

სამდღიანი ვიზიტის პირველი დღე, ოთხშაბათი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა. 23 აპრილს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართული დახურული შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, მთავარ განსახილველ მიმართულებებს წარმოადგენდა: სასამართლო სისტემის რეფორმირება, სახელისუფლებო შტოთა ბალანსი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და საქართველოს მზადება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის ივნისში. ყურადღების ცენტრში კი თავისთავად მოექცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი მდგომარეობა.
ვისაუბრეთ იმაზე, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს აღარ შეუძლიათ იყარონ კენჭი და ესეც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არის ხელსაყრელი... და ასევე იმაზე, რომ საკრებულოები დაითხოვენ პირდაპირ არჩეულ მერებს და გამგებლებს...
ნინო ლომჯარია

როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას აღინიშნა, რომ ის, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია, თუმცა გატარებული რეფორმა არ შეესაბამება ხელისუფლების მიერ წინასწარ გაცხადებულ ამბიციურ მიზნებს და გადაჭრილი არ არის ფუნდამენტური პრობლემები:

”აღვნიშნე, რომ მოქმედი სისტემა მმართველი პარტიის ინტერესებშია და უგულებელყოფს უმცირესობების წარმომადგენლობას. ასევე დაცული არ არის ხმის წონის თანაბრობის პრინციპი, პროპორციულობის პრინციპი და ასე შემდეგ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს აღარ შეუძლიათ იყარონ კენჭი და ესეც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არის ხელსაყრელი... და ასევე იმაზე, რომ საკრებულოები დაითხოვენ პირდაპირ არჩეულ მერებს და გამგებლებს, შესაძლოა, სრულიად უმიზეზოდ და ეს იქნება მათი პოლიტიკური იარაღი არასასურველი მერის ან გამგებლის წინააღმდეგ”.

ნინო ლომჯარიას თქმით, 23 აპრილის შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე განსაკუთრებით დაინტერესდა იმ 13 ათას თანამშრომლის ბედით, რომელთაც არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოებიდან გათავისუფლება ემუქრებათ. ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ ჩატარდება ვაკანსიათა შესავსებად გამიზნული კონკურსები და რა უნდა დაუპირისპირდეს კონსტიტუციასთან შეუსაბამო პროცესებს.

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ტომას მელია 23 აპრილს ასევე შეხვდა მედიასივრცის წარმომადგენლებს, მკვლევარებსა და ანალიტიკოსებს. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედიაანალიტიკოსმა დიანა ჩაჩუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამერიკელი სტუმრები დაინტერესდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებული რთული მდგომარეობით და ასევე სატელევიზიო რეიტინგების დამდგენი კომპანიის (TV MR) გარშემო არსებული ვითარებით. ამ კონტექსტში გამოიკვეთა შესაძლო პოლიტიკური მოტივები:

დიანა ჩაჩუა

”მთელი აქცენტი კეთდება ახლა გარკვეულ მეთოდოლოგიაზე და ნდობის ფაქტორზე და არა იმაზე, თუ შემოსავლების სამსახური რა ტიპის შემოწმებას ახორციელებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი მოტივები არ არის დაკავშირებული საგადასახადო შემოწმებასთან და პოლიტიკური სარჩული აქვს და სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება”.

მოახლოებული არჩევნების ფონზე, საგანგებო ყურადღება მიექცა მედიის როლს და მუშაობას წინასაარჩევნო გარემოში. როგორც დიანა ჩაჩუა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ 23 აპრილის შეხვედრის მონაწილეებს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით მკვეთრად ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები აქვთ, ერთადერთი საკითხი, რაზეც ისინი მეტ-ნაკლებად თანხმდებიან, არის ის, რომ როგორც საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოკვეთილი მედიაგარემო აშკარად გაუმჯობესებულია და, მაგალითად, არ შეიმჩნევა პოლიტიკური ფულის შედინება მედიასაშუალებებში, პოლარიზება თუ ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე.